
სიტყვიერი კამათი პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმართა.
"როგორ ხდება, რომ ამ ქვეყანაში ასე თავისუფლად მოძრაობს მკვლელი ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, თუ გაქვთ რაიმე ხედვა, არ მითხრათ ახლა, რომ შს სამინისტროს არ ეხებაო, იმიტომ, რომ თქვენ მინისტრთა კაბინეტის ნაწილი ხართ, ხედვა რეაბილიტაციის სერვისებთან მიმართებაში. არ მგონია, რომ სასაცილო იყოსლ გარდაცვლილი ადამიანები გვყავს ბატონო ვახტანგ", - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა ვახტანგ გომელაურს.
ნაცვლიშვილის ამ განცხადებას სხდომაზე გამოეხმაურა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და დეპუტატს მიუთითა, რომ შეკითხვა კოლეგიალურობისა და ადამიანურობის ფარგლებში დასვას.
"თქვენი გასაჩუმებელი აქ არავინ არ არის. თქვენ კვეთთ ყოველ ჯერზე ყველანაირ კოლეგიალურ, ადამიანურ, მორალურ ზღვარს. ცოტა დაფიქრდით ხოლმე ამაზე. ვინ გგონიათ აქ თავი, დამრიგებელი ხართ ჩვენი თუ ვინ ხართ? ვინ ხართ თქვენ?
შეინარჩუნეთ კოლეგალური და ადამიანური სახე. დასვით შეკითხვები ეთიკის და მორალის ჩარჩოში. ნუ ქილიკობთ აქ დეპუტატებზე და ნუ ცდილობთ აქ შეურაცხყოფის მიყენებას. თქვენ, "ნაცმოძრაობას" და კოლექტიური "ნაცმოძრაობის" რეჟიმის წარმომადგენლებს ამის საშუალებას არ მოგცემთ. მათ შორის თქვენც ხართ ის დეპუტატი, რომელიც ჩარტერული რეისით მებრძოლების გაგზავნას ითხოვდით, თქვენც ხართ ის დეპუტატი და ამიტომ, ამ ანტისახელმწიფოებრივი აქტების ავტორები ვინც იყავით, თქვენ არ მოგეცემათ ამის საშუალებას, ამიტომ დაწყნარდით და დამშვიდდით", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ.