რეზონანსი
05.02.2024

სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს, მის გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეძლებს კობახიძე მთავრობის მართვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის „ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს წარმოადგენს“, კალაძემ აღნიშნა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი -„ქართული ოცნების“ გუნდი, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებს.

„ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები „იმის გუნდი, ამის გუნდი“, რეალობაში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ამ ქვეყანას, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას და ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა კალაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს მთავრობის ახალ შემადგენლობას და განაცხადა, რომ ოპოზიცია რადიკალიზმით შემოიფარგლება, რაც დამაზიანებელია ქვეყნისა და მისი მომავლისთვის.

„ჩვენთვის სიახლე არ არის ოპოზიციის დამოკიდებულება, ზოგადად ხელისუფლების მიმართ ისინი ძირითადად რადიკალიზმით შემოიფარგლებიან, რაც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ასევე, პირველ რიგში, დამაზიანებელია მათთვის ის რადიკალიზმი, რასაც ისინი ამ ხნის განმავლობაში ავლენენ - ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის მომავალს, ქვეყნის განვითარებას, თუმცა, საბედნიეროდ, ძალიან ბევრია ამ ქვეყანაში სწორად მოაზროვნე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველას ძალისხმევით, ერთიანი ჩართულობით, საქართველოში ვერასდროს ვერ იქნება წარმატებული რადიკალიზმი, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, როგორც გასული წლების განმავლობაში“,- განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×