
ირაკლი კობახიძის გამოცდილება და რესურსი უდიდესია როგორც პოლიტიკაში, ასევე პარტიულ მენეჯმენტში, განათლებაზე აღარ ვსაუბრობ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.
„ოპოზიცია ხან ამბობს, რომ რა მნიშვნელობა აქვს რა ცვლილებები იქნებაო, ხან ძირეულად ეძიებიან, აბა როგორი იყო ღარიბაშვილი და როგორი იქნება კობახიძეო. თუ ამბობენ, რომ არ აინტერესებთ, მაშინ რატომ ჩაეძიებიან ხოლმე, ე.ი. აინტერესებთ, ე.ი. მნიშვნელოვანია ზოგადად მთავრობის, ხელისუფლების მუშაობა საზოგადოებისთვის. რაც შეეხება თავად ირაკლი კობახიძეს, ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მისი გამოცდილება და რესურსი უდიდესია როგორც პოლიტიკაში, ასევე პარტიულ მენეჯმენტში, განათლებაზე აღარ ვსაუბრობ. მისი დასახელების შემთხვევაში [პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად] მას არანაირი პრობლემა არც დანიშვნაზე და არც შემდგომ გაგრძელებაზე არ ექნება", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.