რეზონანსი
26.01.2024

თბილისში 2026-28 წლებში დასამთავრებელ კორპუსებში ბინების ნახევარი უკვე გაყიდულია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2023 წლის შეჯამებაშია აღნიშნული. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია.

„2023 წელს თბილისში 39,949 ბინა გაიყიდა, რაც 7%-იანი წლიური კლებაა და ეს კლება 2022 წლის რეკორდულად მაღალ ბაზას უკავშირდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბინების გაყიდვები მაინც 7.7%-ით აჭარბებს 2021 წლის მაჩვენებელს. ამასთან, 2023 წელს კლება მთლიანად განპირობებული იყო მეორადი ბაზრის 13.5%-იანი წლიური შემცირებით, რადგან პირველად ბაზარზე გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მეორად ბაზარზე მოთხოვნის შემცირება ძირითადად მიგრანტების ეფექტის შესუსტებას და ქირის დასტაბილურებას ასახავს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს 2022 წელს მეორად ბაზარზე გაზრდილ ტრანზაქციებში. ამავდროულად, 2023 წელს თბილისში გაიზარდა მშენებარე პროექტების რიცხვი, რამაც მდგრადი მოთხოვნის პირობებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ზრდის ტენდენცია განაპირობა", - აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება ფასებს, Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2023 წელს ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. ამასთან, პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა მეორად ბაზარზე ფასის ზრდას (+21.3% და +10.0% წ/წ, შესაბამისად).

„აღსანიშნავია, რომ ფასები კიდევ უფრო მკვეთრად არის გაზრიდლი 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე. კერძოდ, პირველადი ბაზრის ფასები 45.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე აღემატება მეორად ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდას (+30.7% ახალი და +17.5% ძველი ბინებისთვის). ბინების ფასების მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო მშენებლობის გაზრდილი ხარჯებითდა მიგრანტების მხრიდან მოთხოვნით, თუმცა ეს ორივე მაჩვენებელი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია. შედეგად, თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $900/მ2-მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $600/მ2 იყო", - წერია ანგარიშში.

ბაზრის ზომა

2023 წელს თბილისში 2.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც შემცირებული ტრანზაქციების მიუხედავად 9.9%-იანი წლიური ზრდაა. ეს ზრდა პირველად ბაზარზე ფასების მატებამ განაპირობა.

ქირა

2023 წლის ბოლოსთვის თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 10.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 5.1%-იანი შემცირებაა. ამ შემცირების მიუხედავად, ეს ქირა 2021 წლის დონეს ორჯერ აჭარბებს.

სამშენებლო ნებართვები

2023 წელს თბილისში 255 სამშენებლო ნებართვა გაიცა 1.9 მლნ მ2-ის ჯამურ საცხოვრებელ ფართობზე (+34.1%წ/წ). ამასთან, ნებართვების განსაკუთრებით დიდი ზრდა დაფიქსირდა საბურთალოს, ისნისა და დიდუბის რაიონებში (+153.0%, +167.5% და +344.1% წ/წ, შესაბამისად) - წერია ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×