რეზონანსი
26.01.2024

ჩოგ­ბურ­თელ ნიკა ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს - ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ვის დე­ტა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. ამ ხმა­უ­რი­ან საქ­მეს დიდ­ხანს იხი­ლავ­და სა­სა­მარ­თლო და მე­დი­ი­თაც აქ­ტი­უ­რად შუქ­დე­ბო­და. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ მათ სა­ერ­თო ქორ­წი­ნე­ბა­ში ჰყავთ შვი­ლი, რო­მე­ლიც დე­დას­თან ცხოვ­რობს. რო­გორც ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მა­მას შვი­ლის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. არა­და, კარ­გა ხა­ნია, არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მო­სა­მარ­თლემ ნი­კას შვი­ლის ნახ­ვის დღე­ე­ბი გა­ნუ­სა­ზღვრა კი­დეც. ად­ვო­კა­ტის თქმით, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი კა­ნონს არ­ღვევს და მა­მას თა­ვი­სი უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. მისი თქმით, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ბრძო­ლას, რათა მა­მას მი­ე­ცეს მო­ნატ­რე­ბუ­ლი შვი­ლის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას თქმით, კა­ნონ­ში ამ კუ­თხით ხარ­ვე­ზია და ამი­ტომ მშობ­ლის უფ­ლე­ბა ირ­ღვე­ვა, თვლის, რომ ის ხარ­ვე­ზი უნდა გა­მოს­წორ­დეს:

„ნიკა ბასილაშვილს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მინიჭებული აქვს სრული უფლება, რომ შვილი მოინახულოს, თუმცა ამის აღსრულება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხელისშემშლელი ფაქტორი გახლავთ ბავშვის დედა, ნელი დოროყაშვილი, რომელიც დღემდე გაჯიუტებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ მან თავის თავს უნდა აჯობოს და იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

აქვე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ არა მარტო ამ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად, არსებული კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას და მეტ სიცხადეს, რათა ნებით თუ უნებლიედ არ დაზიანდეს რომელიმე მშობლის ინტერესი. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის, როგორც მამის, ინტერესები უგულებელყოფილია.

სამწუხაროდ, დღესდღეობით შეინიშნება ხარვეზი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების აღსრულებაში. მაგალითად, მოსამართლის განჩინება, რომელიც ეხებოდა ალიმენტის საკითხს. მამას დაუყოვნებლივ დაეკისრა მისი აღსრულება, ხოლო რაც შეეხება ასევე მოსამართლის სხვა გადაწყვეტილებას, შვილის მოსანახულებლად გამოყოფილ დროსთან დაკავშირებით, მისი აღსრულება დღემდე ვერ ხერხდება. ასეთ ვითარებაში გამოსავლის პოვნა საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით და ყველა გზას ვეძებთ ამ საკითხის მოსაგვარებლად.

ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხოლოდ ფორმალური ბერკეტი გააჩნია და, რეალურად, მხოლოდ სოციალური მუშაკი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. იმის გამო, რომ ნიკოლოზისთვის მნიშვნელოვანია შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არ სურს, კვლავ კონფრონტაციაში შევიდეს ყოფილ მეუღლესთან, გვიწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა. როდესაც ერთი მხარე არ მიდის კომპრომისზე, მაშინ მეორეს უწევს ამის გაკეთება.

ნელი დოროყაშვილის პირადი შეხედულების საფუძველზე, თვითნებურად, ბავშვთან მიახლოების საშუალება არ ეძლევა არა მარტო ნიკა ბასილაშვილს, არამედ, მისი ოჯახის ყველა წევრს და მამის მხრიდან ბავშვის ყველა ნათესავს.

შესაბამისად, მამამ უკვე რამდენიმე წელია, ვერ გამოძებნა ვერანაირი საკომუნიკაციო საშუალება და ვერ მოინახულა შვილი.

ჩვენ ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ნიკა ბასილაშვილს აღუდგეს შვილთან ურთიერთობა, რასაც დღემდე ჯიუტად ეწინააღმდეგება მისი ყოფილი მეუღლე და თავს არიდებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. თუ მისი მხრიდან არ შეიცვლება არსებული დამოკიდებულება და ის კვლავ გააგრძელებს თვითნებურად მოქმედებას, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს. ბავშვის უფლებათა დაცვის არსებული კონვენციით აღიარებულია, რომ ბავშვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც დედის, ასევე მამის მშობლებთან ურთიერთობა, შესაბამისად, ეს ფაქტორი კარგად უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს ყველა მხარემ.

გამოდის, რომ სოციალური მუშაკი ჩართულია საქმეში, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად და ვერ ახერხებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, შესაბამისად, ხელშესახები შედეგი ბავშვის მონახულების კუთხით აქამდე ვერ დადგა. ოჯახმა მრავალჯერ მიმართა სოციალურ სამსახურს განცხადებით და მიიღო პასუხი, რომ სოციალური მუშაკი ვერ დაესწრება შეხვედრას, რადგან არ აქვს ამის უფლება, ხოლო ფსიქოლოგის ჩართვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას ბავშვის საჭიროება მოითხოვს. ამ მოცემულობით გამოდის, რომ მამამ შვილი ვერასდროს უნდა ნახოს და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ უნდა აღსრულდეს, რადგან არსებული კანონმდებლობით და რეგულაციებით, სოციალური სამსახურის სამოქმედო არეალი მკვეთრად შეზღუდულია.

ნიკა ბასილაშვილი, როგორც აქამდე, ისევ მტკიცედ აპირებს, დაიცვას საკუთარი და შვილის ინტერესები და მერწმუნეთ, მისი მხრიდან არც ერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს ბავშვისთვის. შესაბამისად, იგი ყოველთვის იმოქმედებს შვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ნიკოლოზი ალიმენტის სახით ყოველთვიურად იხდის ქართული რეალობისთვის უპრეცედენტოდ მაღალ თანხას. ამასთან, ნელი დოროყაშვილს გადაცემული აქვს უძრავი ქონება, მათ შორის, ძვირად ღირებული კომერციული ფართობი თბილისის ცენტრში, რომელიც იჯარითაა გაცემული და შემოსავალი მთლიანად ხმარდება დედისა და ბავშვის საჭიროებებს", - განაცხადა ადვოკატმა.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×