რეზონანსი
26.01.2024

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მკაცრად გმობს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მომხდარ ვანდალურ ფაქტს და მოუწოდებს კონსერვატორიის აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ მომხდარით და სამინისტროში წარადგინონ სათანადო განმარტებები.

„სამწუხაროდ, კულტურის სამინისტროს მიერ უკვე შეძენილი და კონსერვატორიისათვის გადაცემული 57 STEINWAY & SONS-ის ორი როიალი მიზანმიმართულად არის დაზიანებული (ბასრი საგნით დაკაწრული)! ეს აღმაშფოთებელი ფაქტია, რადგან კულტურის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა სტუდენტებსა და პედაგოგებს ჰქონდეთ წარმატებული სასწავლო პროცესის შესაბამისი გარემო-პირობები. 2021 წელს სამინისტრომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და ახალი, უმაღლესი ხარისხის როიალების შესაძენად დაიწყო მოლაპარაკებები მსოფლიოში ცნობილ კომპანია STEINWAY & SONS-თან.

კულტურის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლიდან, 50-წლიანი წყვეტის შემდეგ, დაიწყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრის პროცესი და აქტიური თანამშრომლობა STEINWAY & SONS-თან. ხელშეკრულების მიხედვით, კონსერვატორიას 2022 წლიდან 2025 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გადაეცემა 78 როიალი, რისთვისაც გამოიყო 8 012 636 ევრო.

მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრას კულტურის სამინისტრო კვლავ განაგრძობს, თუმცა მნიშვნელოვანია კონსერვატორიის მიერ აღნიშნული რესურსის სწორად და პასუხისმგებლობით გამოყენება“, - აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×