
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რუსეთისგან უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ, თუმცა ალიანსმა გაზარდა სიფხიზლე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"ჩვენ ვერ ვხედავთ უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ. ასე რომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ ამის მთელი აზრი არის ნატოს წევრზე თავდასხმის თავიდან აცილება", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატოს წევრებმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის საპასუხოდ, გაზარდეს თავდაცვითი წარმოება არა მხოლოდ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გასაწევად, არამედ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაც.