
საზოგადოებას შევახსენებ, როგორ დამთავრდა 2012 წელს არჩევნები. მათ ვერანაირი ხრიკებით საზოგადოების მოტყუება ვერ შეძლეს და დღესაც როზნერი და ძმანი მისნი, ერთად აღებული თავისი „ნაცმოძრაობის" პიარშიკებით, საზოგადოებას ვერ მოატყუებენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.
„ამ ტყუილს იმდენად მოკლე ფეხები აქვს, საზოგადოებისთვის აღქმა ძალიან მარტივია. ეს შემოწმება, რომელიც არის ყოველწლიური რუტინული საქმე, ოპოზიციამ წარმოაჩინა თითქოს არის რაღაც სკანდალი და ამ ყველაფერს ვინმე როზნერი ორკესტრირებს. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ფარსი, სინამდვილე აბსოლუტურად სხვა რამეა", - აღნიშნავს მათიკაშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობას" თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი PR კონსულტანტი, ჯერემი როზნერი, რომელთანაც დაახლოებით 2 კვირაა, "ნაცმოძრაობის" ლიდერები კონტაქტზე არიან. ამის შესახებ ინფორმაციას „კვირა" ავრცელებს.
სააგენტო "კვირას" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნდებოდა მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელშიც კორუფციასთან ბრძოლაში ჩვენ ქვეყანას აქვს პროგრესი, როზნერმა დაავალა "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, რომ მათი ტელევიზიებით, გამოქვეყნდებოდა თუ არა კვლევა, მაქსიმალურად აეწიათ 13 იანვრიდან გადანახული ინფორმაცია, თითქოს ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის, ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო და წარმოეჩინათ ისე, თითქოს, ეს იყო არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ - ახალი სკანდალური ინფორმაცია.
საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში 13-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა. მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.