რეზონანსი
15.01.2024

საქართველოს ბაზარზე როგორც ახალი, ასევე მეორადი ზამთრის საბურავების დეფიციტია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელი ბაკური ხუნდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ახალ წესს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს კანონი არასწორია, რადგან სახელმწიფო პირდაპირ არ უნდა ერეოდეს მსგავს რეგულაციებში..

„ჩვენ არ ველოდით, თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ზამთრის საბურავებზე და შესაბამისად, ამისთვისთვის მზადაც არ ვიყავით. აქედან გამომდინარე, ბაზარზე დეფიციტია შექმნილი. ფასები დეფიციტის მიუხედავად დიდად არ გაზრდილა. ზოგი სარგებლობს ამ სიტუაციით, ხოლო ზოგი ადეკვატური ფასნამატით ყიდის საბურავებს“, - თქვა ბაკური ხუნდაძემ.

მოთხოვნის გაზრდასა და დეფიციტზე საუბრობს მეორადი საბურავების შემომტანი კომპანია „ვილსიც“. მისი დირექტორი, პავლე შეყლაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას ამბობს, რომ ბაზარზე არსებული დეფიციტი მრავალმა მიზეზმა გამოიწვია, მაგრამ ფასი გასულ წელთან შედარებით, არა თუ გაზრდილი, არამედ შემცირებულია.

„ფასები საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არ გაიზარდა, მაგრამ მოთხოვნა საგრძნობლადაა მომატებული. საბურავებზე დეფიციტიც კი შეიქმნა, რადგან ყველა ზამთრის საბურავეს ეძებს. ასევე არსებობს პრობლემური ზომები. მაგალითად, ევროპიდან შემოდის, ამერიკულ ზომებს ვერ აკმაყოფილებს და მომხმარებელს პრობლემა ექმნება.

რაც შეეხება ფასებს, ის მეტწილად ევროს კურსის მიხედვით რეგულირდება. წინა წელს ევრო უფრო მაღალ კურსზე იყო, შესაბამისად, საბურავი შარშან უფრო ძვირი ჯდებოდა, წელს კი ეს თანხა შედარებით ნაკლებია“, - განმარტა პავლე შეყლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×