რეზონანსი
15.01.2024

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების - „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს. როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები.

„„პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის COVID-19 ვაქცინაციით მოცვა ძალიან დაბალი იყო. ეს განაპირობა მოსახლეობის სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ იმუნიზაციისადმი, ასევე ანტივაქსერების მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ, რომელში რამდენიმე ცნობილი ექიმიც კი იყო ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა.

პირველი თაობის ვაქცინები მორგებული იყო იმ პერიოდში გავრცელებულ შტამებზე და პრაქტიკულად ვერ იცავდა, ან ნაკლებად იცავდა „ომიკრონის“ შტამისგან. სადღეისოდ უკვე შემუშავებულია ახალი თაობის ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონის“ შტამზეა მორგებული. უფრო სწორად, ეს ვაქცინები ყველა არსებული შტამისგან იცავს პაციენტს, მათ შორის „ომიკრონის“ ქვევარიანტებისგან. ეს ვაქცინები საქართველოში ჯერ შემოტანილი არ არის. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახალი თაობის ვაქცინებს შემოიტანენ.

მოსახლეობისადმი ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კი ახალი თაობის ვაქცინები შემოვა, პირველი თაობის ვაქცინებისადმი დამოკიდებულება, რომ იყო ისეთს ნუ გამოიჩენენ, მეტი მოტივაცია გამოვამჟღავნოთ და მეტი ადამიანი აიცრას“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×