
„რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძე დადებითად აფასებს მმართველი გუნდის ინიციატივას, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ეს დროული, სწორი და მნიშვნელოვანია, რადგან ხარვეზი იყო ამ მიმართულებით. ზოგადად, რელიგიური შუღლის გაღვივება, შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ეს არახალია. ხომ ვიცით, თუ რას ემსახურება ამ ადამიანების ქმედებები. მათ პირდაპირ გაცხადებული აქვთ, რომ ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, სარწმუნოებას, პატრიარქს, ჩვენს წარსულს, რომლითაც ვამაყობთ, ჩვენს კულტურას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არაფერი გამოუვა, ყველასთან მიმართებაში იქნება შესაბამისი მიდგომები კანონის ფარგლებში", - განაცხადა კახა კალაძემ.