რეზონანსი
09.01.2024

სახელისუფლებო პარტიაში წარმოუდგენელია, რომ კრიზისები არ იყოს. წარმოუდგენელია, რომ იქ რაღაც ჯგუფები არ ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს გამორიცხულია ისეთ დიდ კონგლომერატში, როგორიც არის მმართველი პარტია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ვითარებასა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნების მიზეზების შეფასებისას განაცხადა.

მან პროპაგანდისტული ტყუილი უწოდა, ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, თითქოს მმართველ პარტიაში ოპოზიციის სისუსტე აღელვებდეთ. როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, პირიქით, „ქართული ოცნების“ ამოცანა ყოველთვის ოპოზიციის დასუსტებას უკავშირდებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი, ზოგადად, ცდილობს, ენიგმატური ფიგურა იყოს, სულ გამოსაცნობი იყოს მისი ნაბიჯები და გარკვეულწილად, როგორც ვხედავთ, ეს დისკუსია საზოგადოებაში მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილის ასეთი გადაწყვეტილება [პოლიტიკაში მობრუნება] უსაფუძვლო არ იქნება, ეჭვები და ინფორმაცია იმისა თაობაზე, რომ შიგნით დაპირისპირება არის, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეს შეესაბამება. ივანიშვილიც ბევრჯერ უსვამს ხაზს, რომ არის მაშველი რგოლი, ის არის მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები და როცა პარტიას და გუნდს გაუჭირდება, ის გამოდის წინა ფლანგზე.

სახელისუფლებო პარტიაში წარმოუდგენელია, რომ კრიზისები არ იყოს, წარმოუდგენელია, რომ იქ რაღაც ჯგუფები არ ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს გამორიცხულია ისეთ დიდ კონგლომერატში, როგორიც არის მმართველი პარტია.

ამასთან, ძალიან დამცინავია საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ფიქრობენ დემოკრატიის განვითარებაზე. როდესაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად არის დეოლიგარქიზაცია და ინსტიტუტებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელ დემოკრატიულ პროცესზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები? რა დემოკრატიული პროცესი შექმნეს? რასაც ვუყურებ ბოლო პერიოდი, დაკავებულები არიან ოპოზიციის ლანძღვა -გინებით, რადიკალიზაციით, დევნითა და ა.შ. ამიტომ ეს არის პროპაგანდა, რომელსაც მხოლოდ მათი ამომრჩევლებისთვის აკეთებენ. ვინ დაიჯერებს, რომ გული შესტკივათ, რომ ოპოზიცია არ არის იმ ფორმაში, რომ ერთი ხელის მოსმით ეს ხელისუფლება გაუშვას და ამას წუხს „ქართული ოცნება“. ამაზე კი არ წუხს, ეს არის მათი მთავარი ამოცანა. ამიტომ ეს ყველაფერი არის პროპაგანდისტული ტყუილი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მან ამასთან არ გამორიცხა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებები მოხდეს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დონეზე.

„თუკი ბიძინა ივანიშვილმა, როგორც საპატიო თავმჯდომარემ აიღო ყველაფერი თავის ხელში და პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლება აქვს, ალბათ, უნდა ვიფიქროთ სწორედ ამაზე. ჩვენ გვახსოვს როგორ გაქრა ახლანდელი პრემიერ -მინისტრი ერთხელ და შემდეგ ისევ მობრუნდა. ამიტომ, ალბათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა შეიცვლება და ეს ჩვეულებრივი ამბავია არჩევნების წინ, გუნდში რაღაც ცვლილებებს, ალბათ, გააკეთებენ და ეს ჩაითვლება როგორც მის მიერ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×