
გუშინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ბოლნისის რაიონში, სოფელ ბალახაურში. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ისინი გზის პირას პროდუქტს ყიდულობდნენ, როცა მოულოდნელად მათ ავტომობილი დაეჯახა და სამწუხაროდ, ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთი მოვაჭრე ქალნია, რომელიც მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. ხოლო დანარჩენი ორი დაშავებული მანქანაში მყოფები არიან.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილები ძმები არიან, თუმცა ასე არ არის. ისინი ერთმანეთის დეიდაშვილები იყვნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი მარნეულის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, 14 წლის ნაილ აბდულაევია, რომელიც ბოლნისში დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.
"თავიდან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ დაღუპულები ძმები არიან. ისინი დეიდაშვილები იყვნენ. ნაილი დეიდასთან იყო ბოლნისში სტუმრად, როცა ეს ტრაგედია მოხდა. ნაილი ძალიან წყნარი ბავშვი იყო, უკარგესი, მამა არ ჰყავდა. დედა ზრდიდა" - აღნიშნა ადგილობრივმა.
მეორე დაღუპული ბოლნისის სოფელ მუხნარას სკოლის მოსწავლე იყო. სოფელ მუხნარას სკოლის დირექტორის ნესტან ონიანის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები პროდუქტებს ყიდულობდნენ.
"ძალიან მძიმე ამბავია. ერთ-ერთი დაღუპული ჩემი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ასევე გარდაცვლილია მეორე მოზარდი, მისი თანატოლი, რომელიც მარნეულიდან არის და სტუმრად იყო ჩამოსული სოფელში. ითქვა, რომ თითქოს ძმები არიან დაღუპულები, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. არც ის არის სიმართლე, რომ ისინი იქ ვაჭრობდნენ. იმ ადგილას ძირითადად მოხუცები დგანან და ვაჭრობენ. პატარა ბაზარივით აქვთ და სოფლის პროდუქტებს, ბოსტნეულს ყიდიან. ბავშვები იქ პროდუქტის საყიდლად იყვნენ მისულები და ამ დროს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა" - განუცხადა "კვირის პალიტრას" სკოლი დირექტორმა.
კვირის პალიტრა