
"მშობლებიც ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს... არის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს" - რას ჰყვება ახლობელი გია დუდაშვილზე, რომელსაც შოვის ტრაგედიისას ცოლ-შვილი დაეღუპა
მიმდინარე წლის ზაფხულში მომხდარმა შოვის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წარმოქმნილმა ღვარცოფმა 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის, ორი მაშველიც იყო - მათ გაუჭირდათ ამ უმძიმესი ემოციების გადატანა, დაღუპულების მეწყრის მასაში ძებნა და აღმოჩენისას დათვალიერება ორივე მათგანს ინფარქტი განუვითარდა.
გია დუდაშვილი, თოჯინით ხელში, ტალახის მასაში ოჯახის წევრების ძებნისას ამ ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. მეუღლისა და სამი შვილის ერთად დამკარგავმა მამამ 2 წლის შვილის, aნასტასიას თოჯინა იპოვა და თან დაატარებდა. გია დუდაშვილის მეუღლე ნატო ჭელიძე და უფროსი შვილი, 7 წლის ლუკა ტრაგედიიდან მხოლოდ მეოთხე დღეს იპოვეს, შემდეგ 4 წლის ანდრია… სულ ბოლოს კი თოჯინას პატრონი, 2 წლის ანასტასია, რომელიც მამამ ექსპერტიზაზე 24 აგვისტოს ამოიცნო.
ერთადერთი, რითაც ტრაგედიის შემდეგ, მთელი ამ დროის მანძილზე გია დუდაშვილი გამოჩნდა, თავისი ანასტასიასათვის დაბადების დღის მილოცვა იყო:
"ანასტასიას დაბადების დღეა. სამი წლის გახდი. გილოცავ ანასტასია", - წერდა გია დუდაშვილი. მილოცვისას მამიკომ თავის გოგონას გულებიანი მიკი მაუსის ვარდისფერი ტორტიც "აჩუქა".
"ამბებს" გია დუდაშვილის ახლობელი ესაუბრა. მან არ ისურვა ვინაობის გამხელა, შვილების დამკარგავ მამას ტკივილი არ განვუახლოო...
„ვერ გეტყვით, რა ძალით ან რატომ მოხდა ეს ყველაფერი მის თავს, ეს აუხსნელია, მაგრამ ის ცოცხალია და ის უნდა გააკეთოს, რასაც სიცოცხლე ადამიანს სთხოვს. არადა, მარტოა, მშობლებიც კი ადრე დაეხოცა. მხოლოდ ერთი და ჰყავს და ისიც ემიგრანტია, ირლანდიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. რა თქმა უნდა, გიას დაც იყო დაკრძალვაზე, დადუმებული და გაქვავებული იჯდა; მაგრამ ის წავიდა. და უნდა წასულიყო, ოჯახი ჰყავს.
ჩვენს საზოგადოებაზე, რაც არ უნდა ცუდი თქვა. იმას ვერ უარყოფ, რომ თანაგრძნობის უნარი გვაქვს. ჯერ ამდენი ადამიანის შეძახილმა, შენ გვერდით ვარ, გაძელიო, მერე კი თავისმა სამსახურმა დიდი როლი ითამაშა. საოცარი უფროსი ჰყავს სამსახურში, ნამდვილი ადამიანი. მან უთხრა, არ დავუშვებ, რომ სახლში დარჩე და სამსახურში არ იარო, ამას არ დაგანებებო და გიაც მიჰყვა. ეს მისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ მარტო დარჩენის ნება არ მისცეს.
წარსულზე საერთოდ არ ლაპარაკობს. ეს მისი ბუნებაა. არის თავის სახლში მარტო და თავისი შვილების სამყაროთი ცოცხლობს. ყველაფერს უკეთებს რაც მის ცოლ-შვილს ზეცაში სჭირდებათ. ასე გადის დრო.
ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს ადამიანისათვის თანადგომა ამ სიტუაციაში. თითქოს გევალება, რომ ამდენი ადამიანის გამო არ დაეცე და იცოცხლო", - განუცხადა "ამბებს" გია დუდაშვილის ახლობელმა.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე