
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
"პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ხვალ, 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე იწვევს, რათა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული ფაქტი იზეიმონ.
აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, რომ არა ქართველი ხალხის ერთად ყოფნა, ვერაფერს მივაღწევდით.
"მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი, ერთიანი მიღწევა, რომ არა ერთად, არაფერს არ მივაღწევდით არასდროს, არც დამოუკიდებლობას ადრე, არც დღეს ამ ნაბიჯს და არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას ვიგებთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ ვიტყოდი, ყოველდღიურად, რომ ერთიანობა, ერთობა არის მართლაც ჩვენი უდიდესი ძალა, სხვა დიდი ძალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს და ასეც ჩანს. ადრე ვერავინ იტყოდა, რომ ამას ჩვენ მივაღწევდით, ასე მალე. ჩვენ საერთოდ ბევრ რამეზე ვოცნებობთ, მაგრამ მიღწევები არ მოდის ასე მარტივად, არც ჩქარა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ეს უნდა შევიგნოთ, დავაფასოთ და ბოლომდე გავატაროთ, რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ჩვენ, ვინც დღეს ვამბობთ, რომ ერთად მივაღწიეთ ამას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.