რეზონანსი
08.12.2023

„ბიბისიმ” გამოაქვეყნა 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სია, რომელშიც ქართველი ჟურნალისტი და ფეისბუკჯგუფის – „ვეძებ”, შემქმნელი, თამუნა მუსერიძე მოხვდა. სხვათა შორის, ქართველი ქალი წელს პირველად შეიყვანეს მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში. BBC-ის თანახმად, თამარ მუსერიძემ დათმო ყველაფერი თავისი ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად. კვლევის პროცესში აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში ბავშვების გაშვილების ფართომასშტაბიანი შავი ბაზარი არსებობდა. მანამდე კი თამუნამ სასამართლო დავა მოუგო ლევან ჯავახიშვილს, რომელიც უსამართლოდ მოექცა მას და მის თანამშრომლებს.

„დავიწყოთ იმით, რომ რვა მილიონი ადამიანიდან ასადამიანში მოვხვდი. ეს ნიშნავს, რომ „ბიბისიმ“ დამასახელა საქართველოში ყველაზე ინფლუენსერ ადამიანად, ანუ ყველაზე გავლენიან ქალად, ანუ, ქალად, რომელიც ყველაზე შეუპოვრად იბრძვის გარკვეულ საკითხზე. ამ სიაში შესული არიან ადვოკატები, ადამიანის უფლებების დამცველები, კლიმატის დამცველები, ქალბატონები, რომლებიც აპროტესტებენ ნაადრევ გათხოვებებს და ასე შემდეგ. ჩემს შემთხვევაში, ამ სიაში მოვხვდი იმიტომ, რომ ვიბრძვი გაშვილებული ბავშვების უფლებების დასაცავად. მოკლედ, წელს ამ სიაში მოხვდნენ მიშელ ობამა, ჯორჯ კლუნის მეუღლე ამალ ქლუნი და ასე შემდეგ.

მოკლედ, 21 ნოემბერს უნდა მომხდარიყო ამ სიის წარდგენა. ვიჯექი ღამის ოთხს საათამდე და სია არ დადებულა და ბოლოს დავიძინე. თურმე, ტელევიზიით გასულა წარდგენა და მე ეს არ ვიცოდი. დილით დამხვდა ეს ამბავი და ემოციას რაც შეეხება, არ მაცადა ხალხმა, გამეანალიზებინა ის, რაც ჩემს თავს მოხდა. შემომესივნენ ტროლები, ბოტები, წერენ სისულელეებს, ვითომ გარდავიცვალე, ტრაგიკულად მოვკვდი და ამას ვიგერიებ დღემდე.

გარკვეული ადამიანების წრე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ჩემი სახელის შებღალვას, იმიჯის შელახვას, ხალხს ჩემს წინააღმდეგ აქეზებდა. იყვნენ ჟურნალისტებიც, ვისაც ჩემი არ სჯეროდა და ის ფაქტი, რომ სასამართლომ და სამმა მოსამართლემ ერთპიროვნულად მე მიმიჩნია მართლად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ეხებოდა იმას, რომ ერთ-ერთი საკონდიტროს მფლობელმა, ლევან ჯავახიშვილმა გადაწყვიტა, ყოფილიყო ჩვენი გადაცემის სპონსორი, ცხრა ადამიანი წამოგვიყვანა სამსახურიდან და თავის ხელში აიღო ეს გადაცემა. ერთი თვე ჩვეულებრივად ჩაგვირიცხა ხელფასი და შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი: ეს ადამიანი ჩემს თანამშრომლებს უგზავნიდა ქვითრებს და ეუბნებოდა, რომ ხელფასი გადაიხადა და ეს თანხა ჩემს ანგარიშზე იყო ჩარიცხული. ეს ადამიანები თანხას მე მთხოვდნენ. რა თქმა უნდა, ეს თანხა ჩემს ანგარიშზე არ ჩარიცხულა და გვიან გავიგე, ქვითარი, რომელსაც მიგზავნიდა, დაუსრულებელი იყო, ანუ ტრანზაქცია არ იყო დასრულებული. თუმცა, ეს იმ ადამიანმა იცოდა. როცა გავიგე, რეალურად რაც მოხდა, რომ ამდენი ხალხი მოგვატყუა, ჩავრთე ლაივი და მოვყევი ამის შესახებ. ამ ადამიანმა კი, მე მიჩივლა (იცინის). საბედნიეროდ, სასამართლო ჩემი გამარჯვებით დასრულდა. გადაწყვეტილებაში წერია: უდავოა ის, რომ ლევან ჯავახიშვილს ჩემთვის თანხა აქვს გადასახდელი და ისიც, რომ ეს ქვითარი ყალბი იყო. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ სიმართლე გაირკვა. თავიდან ხალხი მე მენდობოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ცოტა ეჭვიც ეპარებოდათ ამ ყველაფერში. ამიტომ ვამბობ, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ჩემი გამარჯვებით დასრულდა-მეთქი. თუმცა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა", - განუცხადა "თბილისელებს" თამუნა მუსერიძემ.

"თბილისელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×