რეზონანსი
08.11.2023

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - დასკვნის გამოქვეყნებამდე პროგნოზებს პოლიტიკოსები აკეთებენ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის გამო, ევროკომისიას კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება, თუმცა პარტიების ნაწილი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ისტორიულ შანსს არ დაკარგავს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია სტატუსის საბოტაჟს განაგრძობს, თუმცა უმრავლესობა ბრიუსელიდან დღეს დადებითი შეფასების მოლოდინშია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართულებით გაფართოება.

მისივე თქმით, ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკაც აძლევს ოპტიმისტურად ფიქრის საშუალებას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუს მიანიჭებენ.

"მანამდეც ქვეყნის კონდიცია იძლეოდა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ საქართველო უპირველესი იყო სახელმწიფოთაგან, რომელსაც კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა. პოლიტიკური გადაწყვეტილების თვალსაზრისითაც გაცილებით მომწიფებულია გადაწყვეტილებისთვის ნიადაგი. ყველა კარგად ხვდება, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს მიმართულებით გაფართოება. ეს ყველაფერი მაძლევს ოპტიმისტურად ყოფნის საფუძველს. ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკაც ამის პირდაპირი დასტურია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარტია "ხალხის ძალის" წევრის ეკა სეფიშვილის განცხადებით, მას არ ეშინია არანაირი დათქმების და თუ ის ქვეყნის ინტერესებში შედის, იმუშავებენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად.

"საქართველოს არ ეშინია და არ უფრთხის არავითარი დათქმას, თუ ეს დათქმა და მათი შესრულება არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არ ეწინააღმდეგება ჩვენს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. როგორც აქამდე განვახორციელეთ ყველა ის რეფორმა, რომელიც ჩვენ დღის წესრიგში იყო და რომელსაც მოითხოვდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, სწორედ ამგვარად განვახორციელებთ ამგვარ რეფორმებს, იქნება ეს დაკავშირებული დემოკრატიულ მტკიცებულებასთან თუ ასე შემდეგ. ეს დათქმები არ არის საშინელება და ჩვენ, რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად კვლავ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას იმგვარად, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×