რეზონანსი
07.11.2023

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მომღერალი და მსახიობი ზვიად აბაშიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მსახიობის სიცოცხლე რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა. 

დაახლოებით 1 საათის წინ ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ ზვიად აბაშიძის შესახებ მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ ის მოხალისედ იბრძოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში:

"უკრაინაში ლიკვიდირებულია ზვიად აბაშიძე, თელაველი მომღერალი, რომელიც მოხალისედ იბრძოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და მედიკოსთა ასეულში შედიოდა - ის ბრძოლის ველიდან დაჭრილი ოკუპანტების გამოყვანის დროს მოკლეს", - დაწერა ლაშა ბერულავამ.

მის პოსტს დიდი გამოხმაურება და კითხვები მოჰყვა. ჟურნალისტს სთხოვენ ინფორმაციის უტყუარობა დაადასტუროს. საბოლოოდ, კომენტარებში ლაშა ბერულავამ დამატებით ასეთი რამ დაწერა:

„ძალიან ბევრი შეკითხვაა და ცალ-ცალკე ყველას რომ არ ვუპასუხო, ერთად დავწერ, რაც ვიცი:

კი, ზვიად აბაშიძე ნამდვილად რუსი ოკუპანტების მხარეს იბრძოდა, მოხალისე მედიკოსების ასეულში.

კი, ნამდვილად უკრაინისა და საქართველოს დროშებიანი სამკერდე ნიშანი აქვს ამ ფოტოზე, ალბათ, ამ გამოსვლის დროს ასე სჭირდებოდა, ვერ გეტყვით.

კი, თელაველია. უკრაინელი ცოლი ჰყავს, სხვათა შორის.

რუსეთში, იქედან კი უკრაინაში პერიოდულად ჩადიოდა და უკან ბრუნდებოდა, საქართველოში.

ბოლოს 1 ოქტომბერს იყო საქართველოში და თელავის სახელმწიფო თეატრის შენობა რომ ალტ-ინფოს დაუთმეს, იმ შეხვედრას ესწრებოდა.

დაიღუპა დაბომბვის დროს, როცა რუს ოკუპანტებს დაჭრილების გამოყვანაში ეხმარებოდა, დამიზნებით მისთვის არავის უსვრია.

და კი, ძალიან ბევრი, ვინც იცნობდა, ახასიათებს, როგორც დადებით ადამიანს, მაგრამ ჩემთვის ეგ არაფერს ნიშნავს იმ ადამიანის კვალობაზე, ვინც ტერორისა და ბოროტების მხარესაა და მეტიც, ამ მხარეს იბრძვის...“ - დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლაშა ბერულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×