
2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე დასმული კითხვის საპასუხად განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ხელშეკრულება, დასრულდეს ოკუპაცია, რაც ნიშნავს ჩვენი მოსახლეობისთვის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ უფრო დაცულ მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაც და ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებებიც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს როგორც მშვიდობიან დასრულებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენას, შესაბამისად ოკუპაციის დასრულებას", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.