რეზონანსი
06.11.2023

ერგნეთში, ქართული მხარის მოთხოვნით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით, ტექნიკური შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველი კომენტარი გაკეთდა. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯა.

"საგანგებო შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რუსეთს საოკუპაციო ძალების მიერ, ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე, უმთავრესი მოთხოვნა რაც არის გაჟღერებული, ეს არის - მეორე უკანონო დაკავებულის, რომელიც ამჟამად ცხინვალში იმყოფება, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა.

საოკუპაციო ძალებისგან პასუხს ველოდებით, რათა პირველ რიგში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ამ მკვლელობის ფაქტს შეესწრო, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ოკუპანტების მხრიდან ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის შეურიგებელი. რაც მოხდა, ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს. გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახში", - განაცხადა ანთაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×