
მამუკა ლომაშვილი სცენაზე ყოფნის 20 წლისთავს კი ახალი ცხოვრებით შეხვდა - ის ემიგრანტია და უკვე მესამე წელია, რაც ნიუ-იორკშია.
„სანამ ადამიანი ემიგრანტი არ გახდება, ვერ მიხვდება, რა განცდებია. ვითომ შენია გარშემო აქ ყველაფერი, მაგრამ შენი არაფერია. ხანდახან ისეთი რაღაცები მოგენატრება, ვერც წარმოიდგენ... საერთოდ, დიდი განსხვავებაა ამერიკისა და ევროპის ემიგრაციას შორის. აქ ყველაფერი გაცილებით რთულად გიწევს, ვიდრე ევროპაში... დილა 5 საათზე იწყება, როცა ჯერ კიდევ ბნელა, რუტინაში ერთვები და დაღამებამდე ამ რუტინაში ხარ სულ - სამსახური, სამსახური, მუშაობა, მუშაობა. ფიზიკურად დრო არაფრისთვის გრჩება... სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი - რაღაცები მიკვირს, რაღაცები მომწონს, რაღაცები სწორად არ მიმაჩნია...
არასდროს არ ვსაუბრობ ჩემს პრობლემაზე, მაგრამ ფაქტია, რომ პანდემიის დროს საერთოდ არაფრის გარეშე დავრჩი. ფინანსურად კრიზისი შემექმნა, სახელმწიფო სამსახურიც არ მქონდა, რომ ხელფასი ვინმეს გადაეხადა... როდემდე უნდა ვყოფილიყავი ოჯახის წევრების კმაყოფაზე?! ძალიან განვიცდიდი იმ ყველაფერს, ამიტომ გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ზოგადად, მაგ დროს ესტრადის არტისტებს ძალიან გაუჭირდათ. ჩვენ ჰონორარზე, გამოსვლებზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ ფიქრობდა... რაც მთავარია, ნიკო, ჩემი შვილი უყურებდა იმას, მამამისი თვეების განმავლობაში როგორ იყო უმუშევარი. არ მინდოდა, უმუშევარი მამა დაენახა. ისე, მეც არ ვიცი, როგორ და რანაირად გადავწყვიტე, მით უფრო, რომ საერთოდ არ ვიცოდი, სად მოვდიოდი. უბრალოდ ვთქვი, - ეს რომ არ გავაკეთო, შეიძლება მთელი ცხოვრება დავუსვა თავს კითხვა, რომ წავსულიყავი, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო-თქო. თუმცა არ ყოფილა იოლი, მაგრამ გადავწყვიტე და წამოვედი.
საერთოდ რთულია, ოჯახის გარეშე აქ ცხოვრება. ჩემი ცოლ-შვილიც ცოდოა იქ მარტო და მეც ცოდო ვარ აქ მარტო. ან მე უნდა წავიდე იქით, ან ისინი უნდა წამოვიდნენ ამერიკაში.
ახლა ვმუშაობ უბერზე, უბერისტი ვარ. ეს არის ტაქსი. პარალელურად ხელი მოვკიდე ჩემს საქმიანობას, ნინი შერმადინს აქვს არაჩვეულებრივი ვოკალური სტუდია „არტჰაბი“. მიუზიკლი შევთავაზე, ჰოდა, პიესა საშობაო ზღაპარი დავწერე. ახლა ვემზადებით საშობაო მიუზიკლისთვის, რომელიც სპეციალურად ამ სტუდიის არაჩვეულებრივი პატარებისთვის შევქმენი. სტუდია ნიუ-ჯერსიშია, სადაც ქართველ ბავშვებთან ერთად ამერიკელებიც არიან, ძირითადად მაინც ქართველები ჭარბობენ. პროფესიონალურ მსახიობებთან პიესაზეც დავიწყეთ მუშაობა... მოკლედ, ვნახოთ... ხომ ვამბობ, ცხოვრება საინტერესოა. რაც შენი გასაკეთებელია, უნდა გააკეთო. თუ ხარ ოჯახში მამაკაცი, პასუხისმგებლობა უნდა აიღო. აქაურ რიტმს უნდა აყვე“, - განუცხადა "ამბებს" მამუკა ლომაშვილმა.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე