ელზა პაპოშვილი
19.10.2023

არშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ ახლა საკითხავია, როგორ შეძლებს ხელისუფლება და პრეზიდენტი ამ რეჟიმში ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკურ თანაცხოვრებას. ან დაიწყება თუ არა პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლის შესახებაც კობახიძემ ისაუბრა და ეს პერსპექტივა არ გამორიცხა. მმართველი გუნდი  ასევე ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს და იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებს იხსენებს, რომლებსაც ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტის მისამართით აკეთებდნენ. უმრავლესობა ამბობს, რომ ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და პრეზიდენტს შორის ოფიციალურად გაფორმდა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს იყო კარგად დადგმული „მასკარადი“, სადაც ყველას თავისი როლი ჰქონდა. 

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მისაღწევად გადაბირების, დაშანტაჟების და მოსყიდვის გზებს მიმართა, თუმცა არ გამოუვიდა. როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, მმართველ გუნდს პრეზიდენტის სამაგალითოდ დასჯა სურდა.

„სალომე ზურაბიშვილის სამაგალითოდ დასჯა უნდოდათ, უბრალოდ ვერ გაქაჩეს ვერც გადაბირებით, ვერც დაშანტაჟებით, ვერც მოსყიდვით, როგორც ჩანს. დარწმუნებული ვარ, ამის მცდელობები იქნებოდა, უბრალოდ ვერ გამოუვიდათ.

„ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური პროცესი არის არა ხალხის სამსახური, არამედ უბრალოდ პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ხანდახან ძალიანაც მარცხდებიან-ხოლმე. დღეს, ოპოზიციამ დავამარცხეთ „ოცნება“ მეორედ ამ მოწვევის პარლამენტში. ერთხელ იმ რუსულ კანონზე, რომელიც ჩვენზე გადავლით გაიტანეს და პირველი მოსმენით უყარეს კენჭი, შემდეგ რამდენიმე დღეში შემოვიდნენ და ორ წუთში საპირისპირო გააკეთეს და დღეს. „ოცნება“ დამარცხდა, ვინაიდან მათი მიზანი იყო პრეზიდენტის გადაყენება,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ოპოზიციის ახლა  შეცვლილი პოზიცია მეტყველებს მათ არა მხოლოდ ორმაგ სტანდარტზე, არამედ იმაზე, რომ ღირსება საერთოდ არა აქვთ. 

„გამოდის, რომ ან ადრე იტყუებოდნენ 3 მილიონი ამომრჩევლის თვალწინ და ახლა უწევთ ამ ტყუილის გადათქმა, ან მაშინ იყვნენ მართლები და ახლა, მათივე თქმით, აგენტი დატოვეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ყველა შემთხვევაში ეს ხომ ღირსების არარსებობაზე მეტყველებს, რომ ადრე აგენტს ეძახდი და ახლა პრეზიდენტის თანამდებობაზე ტოვებ,“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ პრეზიდენტსა და ნაცმოძრაობას დღეს საერთო პოლიტიკური პლატფორმა და საერთო მიზნები გააჩნიათ.

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნავში მჯდომი და მათი მესიჯების თანაზიარი პრეზიდენტი თუ როგორ შეიძლება გარდაიქცეს მთელი ქვეყნის პრეზიდენტიდან კონკრეტული პოლიტიკური რადიკალური ჯგუფის პრეზიდენტად. მეხსიერება არავის გვღალატობს, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის ეპითეტებიც, კონკრეტული შეხედულებაც განსაკუთრებით არჩევნების დროს ოპოზიციის მხრიდან რომ ისმოდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. დღეს ყველაფერი არის დავიწყებული, რადგანაც ამ ორივე სუბიექტს – ფორმალურ პრეზიდენტსაც და რადიკალურ ოპოზიციასაც გააჩნია ერთი საერთო წიაღსვლა, ერთი პოლიტიკური პლატფორმა და ერთი მიზნები,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხელისუფლებას სურდა იმიჩმენტის  პროცედურით სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების თვალში გაეშავებინა. თუმცა მოხდა ისე, რომ ამ პროცესების მეშვეობით ზურაბიშვილს იმაზე მეტი რეიტირნგი აქვს, ვიდრე არჩევის დროს ჰქონდა. მისი  დამოუკიდებელი პოლიტიკის შეეშინდათ და იმ კონტაქტების, რომელიც მას დასავლეთთან აქვს. 

„ხელისუფლებას რეალურად სალომე ზურაბიშვილის  იმპიჩმენტი არ სურდა. მას უნდოდა ეს მისი დისკრედიტაციისთვის გამოეყენებინა, მაგრამ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში არასწორი გათვლა იყო. იმავე კონსტიტუციაში თუ ჩავიხედავთ, პრეზიდენტის წინააღმდეგ სს დევნის დაწყება კონსტიტუციით გამორიცხულია. თუ რაიმე დანაშაული აქვს, ან ნიშნებია, მაშინ ისევ ახალი წრე უნდა დაიწყოს. ისევ თემის აგორება, ისევ საკონსტიტუციო სასამართლო და მერე ისევ პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლოს, სადაც კვლავ 100 დეპუტატის ხმა დასჭირდებათ. თუმცა არ ველი, რომ ამაზე წავლენ.   

„უბრალოდ ეს ერთი წელი მუდმივად პრეზიდენტი „ოცნების“ მხრიდან დარტყმის ობიექტი იქნება. ყოველდღე წამოაძახებენ  იმას, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და ა.შ. იქნება მუდმივად მისი ბულინგი, რომ იქნებ საკუთარი სურვილით გადადგეს, რაც ნაკლებად მოსალოდნელი მგონია. ერთი ინსტიტუტი იყო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელზეც თითქოს  ხელისუფლება კონტროლს ვერ ახორციელებდა და უკვე  ამასაც აკონტორლებს. ახლა ქვეყანაში მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტია, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს. ამიტომ არის ამხელა ზეწოლა პრეზიდენტზე“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.   

მისივე თქმით, თუკი ზურაბიშვილი ამ ზეწოლას გაუძლებს და არ გადადგება, გააგრძელებს იმ ხაზს, რის გამოც მას დაუპირისპირდნენ, მაშინ მესამე ლიდერად ჩამოყალიბების შანსი აქვს. ძაბირაძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი შესაძლოა ქვეყანაში სააკაშვილის და  ივანიშვილის შემდეგ, რეიტინგით მესამე პოლიტიკური ფიგურა გახდეს. ამაში კი ხელისუფლება ზურაბიშვილს ეხმარება. 

„2005 წელს, როდესაც ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობიდან გადადგა, ის იყო პირველი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც იპოდრომზე მრავალრიცხოვანი აქცია მოაწყო. მანამდე მაინცდამაინც დიდი რეიტნგი არ ჰქონდა. ახლაც ასე ხდება, ზურაბიშვილს ქვეყნის შიგნით რეიტინგი სწრაფად გაეზარდა და ჩვენი პარტნიორების უპირობო  მხარდაჭერა აქვს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ერთი წლის განმავლობაში როგორ მოიქცევა. გააჩნია, მას რა აქვს გადაწყვეტილი. თუკი უნდა, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, პარტია შექმნას და ა.შ.  მაშინ უნდა გადადგეს. თუ არა და მაშინ ყველანაირად  ლეგიტიმური პრეზიდენტია, რომელზეც „ოცნების“  მხრიდან ზეწოლა იქნება და მის უფრო მეტად  შეზღუდვას შეეცდებიან. უნდა იფრთხილოს, რადგან მთელი ყურადღება ახლა მასზე იქნება გადატანილი. მძიმე  წელი ელის, მაგრამ მგონია, რომ გაუძლებს. შეუძლია გახარიასთანაც ითანამშრომლოს, თუმცა მარტოც შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა“, - ამბობს ძაბირაძე. 

(რადიო თავისუფლების ფოტო)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×