
ეთნიკურად აზერბაიჯანელი 23 წლის ჩინარა კოჯაევა როგორც თავად ჰყვება, ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც საკუთარ ოჯახს იძულებითი ქორწინების გამო დაუპირისპირდა, რის გამოც სახლიდან წასვლა და თავშესაფარში ცხოვრება მოუხდა.
იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა, სადაც ბევრ ოჯახში, ადრეული ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა, წყვილების დაქორწინების გადაწყვეტილებას კი მათი მშობლები იღებენ.
სახლიდან 5 წლის წინ წამოვიდა, 1 წლის განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდა. ბევრი იბრძოლა, გამოიარა რთული დღეები.
„სულ ორი არჩევანი მქონდა, ან 1 კვირაში ქორწილი ჩატარდებოდა ან პოლიციელებთან ერთად წავიდოდი და რაღაც მომავალი მექნებოდა.
14 წლის ვიყავი.. სკოლიდან რომ დავბრუნდი, სახლში მითხრეს, რომ ეს სტუმრები შენი ხელის სათხოვნელად არიან მოსულებიო.. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ, რომ სულ სწავლა მინდოდა, თოჯინებით ვთამაშობდი..
სკოლაში ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ვიყავი, სულ მინდოდა მესწავლა, ეს ყველაფერი რომ დავინახე, მეგონა თამაში იყო ან მატყუებდნენ. მერე მიხვდი, რომ ეს ფაქტი მართალია და მართლა უნდოდათ, რომ მე გავთხოვილიყავი.
ამ ბიჭს არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა, 23 ან 25 წლის იყო. რადგან გათხოვებაზე უარი ვთქვი, ცდილობდნენ, როგორმე ეს თემა მოეგვარებინათ და ალბათ, მომიტაცებდნენ, ეგეთი შემთხვევებიც ხდება.
ამის შემდეგ მასწავლებელს მივწერე და ვთხოვე დახმარება, მან პოლიციას მიმართა, რა თქმა უნდა, პოლიცია ჩაერთო.
განყოფილებაში წაგვიყვანეს და მამაჩემმა ხელი მოაწერა, რომ 18 წლამდე აღარ გავათხოვებო. ასე გავაგრძელე, თუმცა სასწავლებლად აღარ გამიშვეს.
17 წლის რომ გავხდი, ისევ იმ ბიჭზე მათხოვებდნენ, თან ძალით. პატარძლის კაბა, ბეჭდები, საჭმელები, აბსოლუტურად ყველაფერი, მამაჩემმა სესხიც კი აიღო იმის გამო, რომ ქორწილი უნდა ყოფილიყო. მზითვებიც მზად იყო.
1 კვირის განმავლობაში ვიფიქრე, რა გამეკეთებინა, ვისთვის მიმემართა, რადგან არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, სად წავსულიყავი. ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, თან მეშინოდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ რაღაც სასწაული მოხდებოდა.
იქიდან წამოვედი, პოლიციელებმა წამომიყვანეს, ძალიან დამეხმარნენ, გადამიყვანეს თავშესაფარში.. ერთი თვის შემდეგ გავიგე, რომ მამაჩემი დაიჭირეს, მთელი სოფელი მაბრალებდა, აი, ეს ის გოგოა, მამა რომ დააჭერინაო.
6 თვის შემდეგ ციხიდან დამირეკა, მისი ხმა რომ გავიგე, ვიტირე, იმიტომ, რომ მამაჩემია და მომენატრა. მშობლები მენატრებოდნენ, მაგრამ იმ ადგილას დაბრუნება არ მინდოდა..
ბოდიში მომიხადა, მის სანახავად ციხეშიც ვიყავი, ნანობდა, რატომ გაგიკეთეო, მაგრამ მისი მესმის, რადგან თვითონაც მაგ საზოგადოების მსხვერპლია“. – ჰყვება ჩინარა კოჯაევა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე