
„ოცნებას“ ახლა 100 დეპუტატის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეძლოს. ვინ შეიძლება დაეხმაროს მმართველ ძალას და მოხდება თუ არა შესაძლო პოლიტიკური გარიგება? ეს კითხვა ოპოზიციაში აქტიურად ისმის და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ მათსავე რიგებიდან შეძლოს დეპუტატების გადაბირება, რათა სასურველი 100 ხმის მოგროვება შეძლოს.
როგორც ორბელიანების სასახლიდან გამოსული ოპოზიცია ღიად ამბობს, სალომე ზურაბიშვილს რეალურად მიაჩნია, რომ მისი იმპიჩმენტისთვის მმართველი პარტია საჭირო ხმების მობილიზებას შეძლებს. „მოქალაქეების“ ლიდერი ეჭვობს, რომ „ოცნებას” სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში „ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაეხმარებიან. ამ პოზიციას იზიარებენ გიორგი გახარიას გუნდშიც და ფიქრობენ, რომ შესაძლო პოლიტიკურ გარიგებაში მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ ლევან ხაბეიშვილის გუნდია. იგივე პოზიცია აქვს „გირჩის“ წევრს იაგო ხვიჩიას.
ბრალდების საპასუხოდ კი ენმ-ის წევრმა „მიყიდულები” უწოდა კოლეგა ოპოზიციონერებს. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ანა წითლიძემ თქვა, რომ ეჭვების გასაქარწყლებლად „ნაციონალური მოძრობა” მზადაა პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრას სხდომათა დარბაზში საერთოდ არ დაესწროს.
„ნაციონალური მოძრაობის” კოლეგა პარტიებში მიაჩნიათ, რომ ხაბეიშვილის გუნდიდან ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს „ოცნების“ შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული. პოლიტიკურ პარტიებს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის მიმართ უნდობლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ გაუღრმავდათ.
ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მისი იმპიჩმენტის საკითხს მშვიდად უყურებს.
„ნაკლებად ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ვინ მისცემს ხმას და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არ მოისყიდიან. ვერავინ ვერავის გარანტორად ვერ ჩაუდგება, რომ ეს შეიძლება გამოირიცხოს. როგორ შეიძლება, უბრალოდ რამდენიმე ადამიანმა ღილაკს თითი მიაჭიროს და არ თქვას, თუ რატომ დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ერთადერთი, მერკანტილური საფუძველი უნდა გაუჩნდეთ ამ ადამიანებს და მათ პირადად უნდა თქვან, რომ ჩვენი საბანკო ანგარიშები გამდიდრდა და ასეთი შემთხვევა მე გამორიცხული მაქვს.
„მოსაზრებას, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემი აზრით, არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი. იმხელა უნდობლობაა ერთმანეთის, რომ სხდომათა დარბაზში იმ შიშით ვერ შედიხარ, ვიღაცამ ხმა არ მისცეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ იქ აღარ უნდა იყო,“ - აცხადებს ნიკა მელია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის“ თავმჯდომარე,იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ „ოცნებას“ სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში „ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაეხმარონ.
„პრეზიდენტი მშვიდად უყურებს ამ საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ გამოვრიცხავთ იმას, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გადაიბიროს ხალხი ოპოზიციიდან. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენს გადაიხდიან. ძირითადად, როგორც წესი, ნაცმოძრაობის სიით შესული ხალხია შემჩნეული ამაში. მერე კი ირქმევენ, რომ სხვადასხვა პარტიაში ვართო და ა.შ. მაგრამ მე მათ მაინც ყველას მოფერებით ნაცებს ვეძახი. მე არ მქონია კონკრეტულად საუბარი, ვისზე აქვს მას ეჭვი, უბრალოდ ჩვენ ყველანი ვიცნობთ ჩვენს კოლეგებს და შვიდი კაცის გადაბირება ნაცების გარეშე არ გამოვა. გამოვრიცხავ, რომ ჩემი პარტიიდან ვინმე მოისყიდონ,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ არსებობს ცივილიზებულ სამყაროში ევროპული ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას „ასე უდიერად ეპყრობა“. მისივე განცხადებით, პრეზიდენტი მთავარი ოპოზიციონერი გახდა.
„პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტი საბოლოოდ აღსრულებაში მოვა. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს ბოლოში გავა და მიუხედავად ამ ფორმალობისა, რადგან ჩვენ 100 ხმა არ გვაქვს, კონსტიტუციის წინაშე ვალდებულებაა, რომ ეს ასე უბრალოდ არ გავატაროთ.
„თუ იმპიჩმენტს ფორმალური ხასიათი აქვს, ის მაინც უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს ისტორიას დარჩეს, პრევენციული ხასიათის იყოს ის, რაც ჩაიდინა. არ არსებობს დღეს ცივილიზებულ სამყაროში ევროპული ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას ასე უდიერად ეპყრობა. ყველა, ვინც ასე უდიერად ეპყრობა და მოიხსენიებს კონსტიტუციას, არის პირველი ანტიევროპელი, ის არის საკუთარი ქვეყნისა და კონსტიტუციის მოწინააღმდეგე და ვინც მხარს არ უჭერს სიმართლეს, ის არის კონსტიტუციის დარღვევაში პრეზიდენტის მხარეს, რომელიც არათუ დამაბალანსებელი, პოლარიზაციის შემამცირებელი, არამედ მთავარი ოპოზიციონერი და მთავარი მაპოლარიზებელი გახდა,“ - აცხადებს მდინარაძე.
ანალტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მხარდასაჭერაად ოპოზიიცის გადაბირება შეძლოს. მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ძალიან ღიად და გამჭვირვალედ უნდა მოქმედებდეს. თუკი მსგავსი ეჭვები ვინმეს მიმართ არსებობს, მათი მხილება უნდა დაიწყონ.
„კი ბატონო, არაფერია გამორიცხული საქართველოში და მსგავსი რამე ბევრჯერ გვინახავს. ოპოზიციაში ვიღაცა რომ გაიყიდოს, ამაში არაფერი არ იქნება ახალი. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამაზე დაზღვეულები იყვნენ. თუკი მსგავსი ეჭვები რომელიმე კონკრეტული დეპუტატის მისამართით არსებობს, მისი მხილება უნდა მოხდეს. როცა უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ მოდი დარბაზში კენჭისყრის დროს არ შევიდეს ოპოზიცია, ესე იგი რაღაცაშია საქმე. მე უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, ვაი და მართლა გადააყენეს ან თავად გადადგა, მერე რას აკეთებენ? 2024 წელს ზურაბიშვილმა ახალი პოლიტიკური ძალით არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს? ძალიან ცუდ თამასში არიან შესულები და აქედან რა მოგებას იღებენ, მე ვერ ამოვხსენი“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ხელისუფლება დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაყენებით მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას მოახდენს. პირიქით, ზურაბიშვილს ამით ხელისუფლება ეხმარება, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს.
„არ მესმის საერთოდ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი რაში შეიძლება დასჭირვებოდათ. ეს არის საკუთარი ხელით რომ ცელი გამოისვა და თვითმკვლელობა ჩაიდინო. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილზე „ოცნება“ ეჭვიანობს, მისი ქცევა ძალიან აღიზიანებთ დასავლეთთან მიმართებაში და უბრალოდ ამით საპასუხო ნაბიჯი გადადგეს. იციან, რომ იმპიჩმენტს ვერ შეძლებენ, მაგრამ ამით გულს იფხანენ. ჰგონიათ ზურაბიშვილის დისკრედიტაციას მოახდენდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. მის პოლიტიკურ რეიკარნაციას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ხელს უწყობენ.
„ოცნება“ ვერ ახერხებს იმის ნახევარსაც კი წლების განმავლობაში დასავლელ ლიდერებთან კომუნიკაციის კუთხით, რასაც ზურაბიშვილი რამდენიმე დღეში აკეთებს. წარმოიდგინეთ ადამიანი საკუთარი სახსრებით, კონტაქტებით ევროპაში ჩადის და ხვდება ისეთ ლიდერს, როგორც მაკრონია. პირადი კონტაქტებით და ამხელა შეხვედრის ორგანიზება ხდება. ეს მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ დასავლეთი ჩვენ ხელისუფლებაში მხოლოდ ზურაბიშვილს ენდობა. ამას იმხელა მხარადჭერა აქვს, რომ ამ დონის ლიდერებიც კი ხვდებიან. ამიტომ გაბოროტებულმა „ოცნებამ“ მისი დასჯა გადაწყვიტა. სიტუაცია კი პრეზიდენტმა პირიქით შემოუტრიალა და აქეთ დასცინა. ზურაბიშვილს თავისუფლად შეუძლია დამოუკიდებლად პოლიტიკური კაპიტალი აკირფოს და ქვეყნის შიგნითაც მომხრეების რიგები გაზარდოს“, -ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.