
საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი ისევ სკანდალში და მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს ევროპული თანამეგობრობის წევრი გახდეს.
საქართველოს ხელისუფლება მის ამ მწვავე განცახდებას უკვე გამოეხმაურა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიხაილო პოდოლიაკი არათუ არამეგობრულს, არამედ მტრულ განწყობასაც ავლენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა. მათი თქმით, როგორც ჩანს, პოდოლიაკს, ისევე როგორც მის პარტიაში გაერთიანებულ სხვა პირებს, მოლოდინი ჰქონდა, რომ საქართველოში გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, ხოლო ამ მოლოდინის გაცრუების შემდეგ, მათი განცხადებები უკვე მტრული ხდება.
საქართველოში ოპოზიციის ნაწილი პოდოლიაკის განცხადებას უარყოფითად შეხვდა, „ნაციანლურ მოძრაობაში“ კი მიიჩნევენ, რომ მისი პოზიცია სწორია, რადგან საქართველოში არსებულ სიტუაციას რეალურად აფასებს.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუკი პოდოლიაკი და სხვა უკრაინის მაღალჩინოსნები საქართველოსთან მიმართებაში მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ. მათი აზრით, საქართველო-უკრაინის მეგობრობა და საერთო ბრძოლა შედეგიანი უნდა იყოს.
პოდოლიაკი კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ამ პირობებში არ ექნება.
„ამ პერიოდში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება, ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალურად პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო, საკუთარი ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამინდელ პრეზიდენტის დემონსტრაციულად დამცირების გამო. ზურაბიშვილი ხდება იმპიჩმენტის შესახებ კანონის სამიზნე და არის მაქსიმალურად ამაზრზენი ქცევა ხელისუფლების მხრიდან, სახელწოდებით „ქართული ოცნება“. საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის, როგორც ასეთის, წევრი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ევროპელი დიპლომატი შეეცადა პოტენციური პარტნიორები სწორ გზაზე დაეყენებინა.
„მე მომწონს ბატონი ბორელისა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლების პოზიცია, რომლებიც ცდილობენ დიალოგის ფორმატში ახსნან თანამედროვე სამყაროს პრინციპები და სწორ გზაზე დააყენონ პოტენციური პარტნიორები. ბორელი ცხადყოფს, რომ რუსეთის გვერდით სვლა, რუსული მიმართულებით სვლა ნიშნავს ცნობილი გემის გაყოლას. შესაბამისად, მეჩვენება, რომ ძალიან სულელი ადამიანი უნდა იყო, ამასთან ერთად, იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და არ გესმოდეს, სად მიგყავს საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ომი დასრულდება და „პუტინის ვერტიკალის დაცემის შემდეგ ბევრი ქვეყანა სხვაგვარი იქნება, მათ შორის საქართველოც“.
პოდოლიაკის ოცნებაა, მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც საუბრობდა არაერთგზის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მესტიაში განუცხადა. მისი თქმით, პოდოლიაკს ჰგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი თუ არ გაიხსნება, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
„მეორე ფრონტს თუ არ გავხსნით, ჰგონია, რომ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის პოდოლიაკის ფიქრები. ჩვენ სხვა მიზნები და სხვა დღის წესრიგი გვამოძრავებს. არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში და კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოდოლიაკის განცხადებას ოპოზიციაც ეხმაურება - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც „ქართული ოცნება“ საქართველოს ამყოფებს.
„პოდოლიაკი და სხვა დასავლელი ექსპერტები ობიექტურად ნათლად აფასებენ იმ რეალობას, რომელშიც „ქართული ოცნება“ ამყოფებს საქართველოს. იმ მმართველობის წესით და ფორმებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს, ბუნებრივია საქართველოს ევროპული კარები დახურული იქნება. ამიტომ არის 12-პუნქტიანი გეგმა. შესრულების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მიღება გარანტირებული იქნება,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
„მოქალაქეების“ ლიდერს მიაჩნია, რომ პოდოლიაკის გადასაწყვეტი არ არის საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ თუ არა. ალეკო ელისაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენას ხელს უშლის.
„ჯერ ერთი პოდოლიაკის გადასაწყვეტი არაა ჩვენ ევროკავშირის წევრის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ. მეორეც, ძალიან ცუდია ასეთი განცხადებები და ხელს უშლის ჩვენს ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენას. ეს რაღაცა ძალიან გულს მტკენს სიმართლე რომ გითხრათ,“ - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის კარზე არესტოვიჩის შემდეგ, მიხაილო პოდოლიაკი ყველაზე დიდი პოლიტიკური შარლატანია. მისთვის გაუგებარია ეს ადამიანი საერთოდ რას აკეთებს და რა რჩევებს აძლევს პრეზიდენტს, როცა მის ბიოგრაფიაში ბევრი საეჭვო დეტალი იძებნება. ის ხან რუსეთის და ხანაც ბელარუსიის ინტერესებისთვის მუშაობდა. ამიტომ მისი განცხადებები დიდად არ უნდა გაგვიკვირდეს.
„პოდოლიაკის მხრიდან ეს პირველი მავნებლური განცახდება არ არის. არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგაც ბევრი განცხადება გაუკეთებია. სამწუხარო ისაა, რომ უკარინის ხელისუფლების კარზე პოდოლიაკი მარტო არ არის და მასთან ერთად სხვა პირებიც მსგავს მძიმე განცხადებებს აკეთებენ. არც უკრაინის და არც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს არა აქვთ უფლება და არავინ ეკითხებათ საქართველოს შიდა პოლიტიკას.
„პოდოლიაკმა სჯობს ომში მყოფ თავის ქვეყანას მიხედოს და ამ უბედურებაზე იფიქროს, რაც მის ქვეყანას დღეს უდგას. მითუმეტეს არა ერთი დასავლური მედია წერს, რომ ომში მებრძოლ ჯარისკაცებს ძარცვავენ. ბევრი უკრაინელი მაღალჩინოსანი დიდ კორუფციულ სქემებშია გახვეული. მიზანმიმართული დივერსია ხდება ფრონტის ხაზზე, როცა უკრაინელ ჯარისკაცებს არც იარაღს, არც ფორმას და საკვებს არ აწვდიან. სწორედ ამის გამო გადააყენა ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი. ამიტომ, სჯობს მათ თავიანთ პრობლემებს მიხედონ და საქართველო თავის შიდა საქმეებს როგორმე მოაგვარებს“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.