
ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატობაზე ანგარიში სავარაუდოდ ოქტომბერში გამოქვეყნება და ამ დოკუმენტის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ევროპულ საბჭო მიიღებს. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, ოქტომბრის შუალედური რეკომენდაციები შესაძლოა პოზიტიური იყოს, თუმცა სავარაუდოდ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ჟოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი და საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო როგორ იქნება აღქმული ბრიუსელში.
„გასულ კვირას ჩვენ თბილისში ვუმასპინძლეთ ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროკომისიის მხრიდან მსგავსი რამ არ გაჟღერებულა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს. კითხვა გამოცემა „პოლიტიკოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეხებოდა. ამავე მედიის ცნობით, ევროკომისიამ შესაძლოა, გადადოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რაც წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკომისია ინტენსიურად მუშაობს ანგარიშის მომზადებაზე.
„ისინი გვაწოდებდნენ ინფორმაციას, რომ ევროკომისია ინტენსიურად მუშაობს ანგარიშის მომზადებაზე და სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლომდე ანგარიში გამოქვეყნდება. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან, თუმცა რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია, საკმაოდ ისეთი პროცესია, რომელშიც საჭიროა მრავალი ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან. აქედან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დროში გაწელვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკომისიის ანგარიში სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ დიდი ალბათობით ევროპული საბჭო საბოლოოდ ამას გაითვალისწინებს. საბოლოოდ მოგვცემენ თუ არა კანდიდადტის სტატუსს, აბაშიძის მოლოდინი 50/50-ზეა.
„ასეთი ანგარიშები სარეკომენდაციო ხასიათისაა, ევრპოკომისიის რეკომენდაციების შინაარსს ევროპული საბჭო თითქმის ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს. სტატუსის მონიჭებაზე ჩემი მოლოდინი არ შეცვლილა და 50/50-ზეა - თუ ევროკავშირი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას პრაგმატულად უყურებს. გარდა იმისა, რომ რეკომენდაციები დამსახურების მიხედვით ნამდვილად შესრულებული გვაქვს, პოლიტიკურადაც არასწორი იქნება, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ. რადიკალების დროებით აღტკინებას თავი რომ დავანებოთ, ეს პუტინის რუსეთს ძალიან გაახარებს და მისი რბილი ძალისთვის ძალიან მომგებიანი იქნება, რადგან მათი მხრიდან შესაძლოა ნარატივები გაძლიერდეს, თითქოს ევროკავშირს საქართველო არ სჭირდება და ა.შ. დაველოდოთ როგორი იქნება ევროკომისიის რეკომენდაცია და შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება.
„ჩემი მოლოდინის უარყოფითი 50% გარკვეულწილად იმ ევროპელი აქტორების განცხადებებს ეფუძნება, რომელიც საჯარო სივრცეში ვრცელდება. ისინი არც ისე ბევრნი არიან, მაგრამ ვხედავთ, რომ მაინც იმაზე მიდის დავა, შეასრულა თუ არა საქართველომ რეკომენდაციები, როცა რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა პარამეტრით შესრულებულია.
„ბრიუსელში ყველა ერთ აზრზე არაა, სტატუსის მონიჭება-არმონიჭებაზე შესაძლოა მწვავე კამათი ახლაც მიდის, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ პირველი პუნქტი - დეპოლარიზაცია -საქართველოში კი არა, მსოფლიოში ვერ სრულდება. პირველ ნომრად ასეთი შეუსრულებადი რეკომენდაციის ჩაწერა კარგი არ იყო. ჩვენ პარამეტრებით მოლდოვასაც და უკრაინასაც უსწრებს. პოზიტიური მოლოდინი მაქვს, მაგრამ მაინც ფრთხილი პროგნოზით ვიქნები 50/50-ზე", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანასთან".
თს-უს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ევროკომისიის შუალედური ანგარიში პოზიტიური იყოს, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა თქვან.
„ზუსტად არ ვიცით, ევროკომისია რას დაწერს, მაგრამ სავარაუდოდ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ იგივე ჟოზეფ ბორელის ვიზიტი და საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაო როგორ იქნება აღქმული, რადგან ბორელის თქმით, მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული.
„რა ტიპის დასკვნა იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია, მაგრამ თუ სავარაუდოდ ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს პოზიტიური რეკომენდაცია მისცა, ეს მაინც საბიოლოო არ იქნება, რადგან წევრმა სახელმწიფოებმა მაინც დეკემბერში უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი. საბოლოოდ ერთმა წევრმაც რომ უარი თქვას, თუნდაც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ან პოლონეთმა, რომლებიც ამ ხელისუფლების პოზიციას ძალიან სკეპტიკურად უყურებენ, შესაძლოა სტატუსი ვერ მივიღოთ.
„ახლა ევროკავშირში ამ საკითხზე მსჯელობა მიდის და ბორელის ეს ვიზიტიც ერთგვარი ბოლო გაფრთხილება იყო, რომ დარჩენილი რეკომენდაცები შესრულდეს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".