რეზონანსი
08.09.2023

ნიშანდობლივია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 30%-(29.9%)-ით გაიზარდა და 505.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეორე კვარტალების მონაცემებს შორის ბოლო 15 წლის ისტორიული მაქსიმუმია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

„ვფიქრობ მეტად საინტერესოა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მე-2 კვარტლის დაზუსტებული მონაცემები, როგორც მოცულობის, ასევე ბოლო წლების დინამიკის და გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისითაც. ამასთან, პუი ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან ერთად. გარდა იმისა, რომ უშუალოდ მონაწილეობს ეკონომიკური ზრდის კონტრიბუციაში, აჩვენებს ინვესტორთა მოლოდინს ქვეყნის განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეს გრძელვადიან საინვესტიციო დაბანდებებს ეხება, რაც აისახება რეინვესტირების მაჩვენებელში და სააქციო კაპიტალში შენატანების ზრდის დინამიკის კონტექსტში.

ნიშანდობლივია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 30%-(29.9%)-ით გაიზარდა და 505.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეორე კვარტალების მონაცემებს შორის ბოლო 15 წლის ისტორიული მაქსიმუმია, ხოლო 2023 წლის პირველ ორ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა და 1,072.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, და რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია წინა პანდემიურ 2019 წელთან შედარებით ზრდა 88.7%-ს შეადგენს!.

2023 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომპონენტების მიხედვით გაზრდილია, როგორც სააქციო კაპიტალის, ისე რეინვესტირების მაჩვენებლები. სააქციო კაპიტალი გაზრდილია 56.0 მილიონი აშშ დოლარით, 15.7%-ით და 413.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს; რეინვესტირება გაზრდილია 34.3 მლნ. აშშ დოლარით, 5.9%-ით და 613.1 მლნ. აშშ დოლარის შეადგენს და რაც წარმოადგენს რა გრძელვადიან კაპიტალდაბანდებებს , ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე მხოლოდ დადებითად მიუთითებს; ამასთან, რეინვესტირების ანუ მოგების ქვეყანაში დატოვების წილი მთლიან ინვესტიციებში ბოლო სამი წელი ისედაც მაღალია და 66 % შეადგენს.

არანაკლებად საინტერესოა თავად ინვესტიციების სტრუქტურა, როგორც მოცულობის, ასევე ბოლო წლების დინამიკის და გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისითაც. ამასთან, პუი ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან ერთად. გარდა იმისა, რომ უშუალოდ მონაწილეობს ეკონომიკური ზრდის კონტრიბუციაში, აჩვენებს ინვესტორთა მოლოდინებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეს გრძელვადიან საინვესტიციო დაბანდებებს ეხება, რაც აისახება რეინვესტირების მაჩვენებელში და სააქციო კაპიტალში შენატანების ზრდის დინამიკის კონტექსტში.

ქვეყნების მიხედვით მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნები აშშ-სთან და იაპონიასთან ერთად. 2023 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ნიდერლანდებიდან (30.6% - 327.8 მლნ. აშშ. დოლარი) განხორციელდა, შემდეგ მოდის თურქეთი (13.3% - 142.9 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (13.3% - 142.5 მლნ. აშშ დოლარი) იაპონია (6.9% - 73.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (6.7% - 71.4 მლნ. აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 20.5%- ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან და 175.1 მლნ. აშშ დოლარს - მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ს შეადგენს. ხოლო ორი კვარტლის ჯამში ევროკავშირიდან ინვესტიციები 2.5%-ით გაიზარდა და 461.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 43.0%-ია!.

მიმაჩნია, რომ ეს მაჩვენებლებიც რეალურს ხდის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებას ოქტომბერში, ხოლო 20230 წლისათვის ევროკავშირში სრული ინტეგრაციის პერსპექტივასთან ერთად, და აჩვენებს ქვეყნის შეუქცევად ინტეგრაციას ევრო-ატლანტურ სივრცეში.

შედარებისათვის, მთლიან ინვესტიციებში რუსული კაპიტალის წილი მხოლოდ 5 %-ია, რაც რეალურად აცლის ყოველგვარ არგუმენტს ოპოზიციურ ნარატივს, რუსული კაპიტალის ექსპანსიაზე ბოლო წლებში და განსაკუთრებით, ეს გასულ წელს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ინდიკატორები - როგორიცაა ფინანსური ნაკადები, საინვესტიციო პოზიციები და შემოსავლების ნაკადები - არ არის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კომპონენტები, იგი შეიძლება გამოითვალოს ამ მაჩვენებლების მშპ-სთან თანაფარდობით, როგორც საერთაშორისო ეკონომიკაში ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაციის ინტენსივობის შესაფასებლად. შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობით, რაც 8.5%-ია, საქართველო უსწრებს როგორც გლობალურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს -1.9 %, ასევე ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელსაც-2.5 %. და რეგიონის ქვეყნებსაც. თურქეთში ეს მაცვენებელი გასულ წელს 1.4 % იყო, სასომხეთში-5.1 %, აზერბაიჯანში საერთოდ -5.7 %-იან უარყოფით მაჩვენებელში აისახა, ყაზახეთში 2.3 % პროცენტი შეადგინა.

ამასთან, ინვესტიციების ზრდა მოდის პოსტ კოვიდ პანდემიურ პერიოდში, რაც განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის აქტივში უნდა ჩაითვალოს. ეს მიღწევა განსაკუთრებით დასაფასებელია იმის გათვალისწინებითაც, რომ სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობისას ქვეყანამ დააღწია თავი კოვიდის უმძიმეს კრიზისს და 2020 წელს 6.2 პროცენტიანი რეცესიის შემდეგ, 2021-2022 წლებში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სარეკორდო მაჩვენებელთან ერთად, ბიუჯეტის დეფიციტის მკვეთრად შემცირებაში, შემცირებულ უმუშევრობაში და გაზრდილ საშუალო ნომინალურ ხელფასებში აისახა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის მიხედვით. შემთხვევითი არ არის, რომ დარგობლივ ჭრილში 2023 წლის ორ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში (262.3 მლნ.აშშ დოლარი), რაც მთლიანი ინვესტიციის 24.5% შეადგინა. შემდეგ მოდის საფინანსო და სადაზღვევო სექტორი 261.7 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 24.4%-ით. ენერგეტიკის სექტორი 202.0 მლნ. აშშ დოლარით, 18.8%-ით და მას მოსდევს ვაჭრობის სექტორი 125.6 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 11.7%-ით", - წერს გიორგი ცუცქირიძე სიციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×