ნაზი ბერიძე
28.08.2023

რა ტენდენციაზე მიუთითებს კრემლის მაღალჩინოსნების გახშირებული განცხადებები საქართველოზე და ცვლის თუ არა თავის პოლიტიკურ სტრატეგიას რუსეთი საართველოსთან მიმართებაში - რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ბოლო ერთი კვირაა, ჯერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან მიერთებით იმუქრებოდა, 26 აგვისტოს „ტას-თან" კი ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურა რუსული კულტურის ნაწილია.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, ქართულ კულტურას მაქსიმალურად დადებითად უყურებს და მსგავსებას ხედავს რუსულთან.

„ეს ძველი ერია, ძველი კულტურა, ჩვენთან ძალიან ახლო, რადგან მრავალი წელია მეზობლად ვცხოვრობთ. ჩვენს ქვეყანაში დიდი დიასპორაა და ყველაფერი, რაც კავშირშია ქართულ კულტურასთან, როგორც ცნობილია, მთლიანობაში ჩვენი კულტურის ნაწილად აღიქმება... აი, ინტერნეტში რომ შეხვიდეთ და მოძებნოთ, მაგალითად, მწვადი ან რამე მსგავსი, ბევრ ქვეყანაში ეს მიიღება არა როგორც კავკასიური სამზარეულოს ნაწილად, არამედ როგორც რუსული სამზარეულოს ნაწილად.

„ეს ერთ-ერთი მაგალიათია. ეს ეხება მუსიკასაც, ელიტის, კულტურისა და პოლიტიკის წარმომადგენლებს. ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება ურთიერთობების სრული ნორმალიზება, მით უკეთესი,"-განაცხადა მედვედევმა.

მანამდე, რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში მედვედევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, პარალელები გაავლო უკრაინის ომთან და თქვა, რომ დასავლეთმა ვერ ისწავლა ჭკუა საქართველოში დაშვებული „ყველაზე სულელური და სამარცხინო შეცდომებისგან და რომ ძვირი დაუჯდება მათი უკრაინაში გამეორება ყველაზე უსარგებლო მართვადი და უნიჭო პოლიტიკოსების" მხრდაჭერის გამო.

საქართველოზე საუბრისას, მედვედევმა დასავლეთს კვლავ ბრალი დასდო ხელახლა გააქტიურებაში, კერძოდ საქართველოში „რუსოფობიის გამწვავებაზე" ისაუბრა და მას „სისულელე, სიმახინჯე და მძიმე დაავადება უწოდა, რომელიც მისივე თქმით, საბედნიეროდ განკურნებადია სამხედრო ძალით.

ამ კონტექსტში, მედვედევმა აღნიშნა, რომ „რუსეთთან მიერთების იდეა კვლავ პოპულარულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მისი განხორციელება ადვილადაა შესაძლებელი, თუკი ამის საფუძვლიანი მიზეზი იქნება".

მედვედევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედვედევის საპასუხოდ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნული, რომ მედვედევის განცხადება წარმოადგენს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას". სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება".

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ მედვედევის რიტორიკაში რუსული პოლიტიკური ტენდენციის და სტრატეგიის ნიშანი იკვეთება - მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების ანექსია.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" კრემლის მხრიდან მსგავს პროპაგანდას და განცხადებებს უკავშირებს რუსეთის მიზანს შეცვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი და მიაღწიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაკარგვის აღიარებას ქართული ხელისუფლების და საზოგადოების მხრიდან.

„მიზეზი არის ძირითადად საქართველოს საგარეო პოლიტიკური რყევები, რომელსაც ახორციელებს მმართველი პარტია და ამითი რუსეთს უჩნდება გარკვეული ცდუნებები, რომ შეუძლია საქართველოს საგარეო პოლიტიკა შეცვალოს და დაიბრუნოს ზეგავლენა საქართველოზე. ამისი გამოხატულებაა თუნდაც მედვედევის განცხადებები, ასევე სხვა განცხადებები, რომლებიც ძირითადად ექსპერტების მხრიდან არის გაკეთებული, რომლებიც კრემლთან დაახლოებულები არიან.

„ძირითადი და მთავარი აზრი ამ გზავნილების ის არის, რომ საქართველო უნდა შეეგუოს ორი რეგიონის დაკარგვას და თვალი უნდა გაუსწოროს იმ ეგრედ წოდებულ ახალ რეალიებს, რაც გულისხმობს იმას რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლები არიან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია თვით ქართული საზოგადოების პრორუსული ნაწილისთვისაც.

„აქედან გამომდინარე, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოსკოვში ალბათ კარგად არ ესმით საქართველოს კონტექსტი. საქართველოსთან რუსეთის მხრიდან ახალი სტრატეგიის ნიშნები არაფერი იკვეთება. ისინი ამბობენ, რომ საქართველომ უნდა აღიაროს ამ ტერიტორიების დაკარგვა და იმუქრებიან, რომ ანექსიას მოახდენენ.

„ერთადერთი რაც იკვეთება, ის არის, რომ თუ საქართველო შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, მერე შეიძლება რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აღდგეს. და პირიქით სთხოვონ საქართველოს, რომ აღადგინოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, თითქოს არაფერი მომხდარა 2008-ში" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებებით რუსეთი საქართველოს აშინებს.

„ნუ გვაშინებენ. ეს არის დაშანტაჟების მცდელობა საქართველოსი, იმიტომ რომ ასეთი დამაბნეველი განცხადებებით, რა თქმა უნდა ის ვერ შექმნის რუსეთში საზოგადოებრივ განწყობებს, რომ საქართველო უნდა დავიპყროთ და რომ აუცილებელია საქართველოში ისეთივე ინტერვენცია, ისევე, როგორც უკრაინაში იყო აუცილებელი.

„ცდილობენ საქართველო დაძაბულობაში ამყოფონ, რომ მაქსიმალურად დაშინებული ჰყავდეს ხელისუფლება პირველ რიგში და ხალხი თავისთავად.

„რაც შეეხება რუსეთის ახალი სტრატეგიის ნიშნებს: არა მგონია, სტრატეგია არ ჩანს ამ ყველაფერში, იმიტომ, რომ რესურსი არა აქვს ამ მომენტში რუსებს - არ გააჩნიათ არც ადმინისტრაციული, არც დაგეგმვის, არც ოპერატიული რესურსი იმისა, რომ რაღაცები აკეთოს საქართველოში.

„რუსები ძლივს გადაურჩნენ პრიგოჟინის აჯანყებას და ამ ტერორისტის მოშორებით პრობლემა ჯერ არ აღმოფხვრილა. ახლა რუსეთი არის გაყოფილი - იქ არიან სამხედროებიც, ყოფილი სამხედროებიც, ულტრა- კონსერვატიული ძალებიც, რომლებიც უკმაყოფილო არიან რუსეთის ხელმძღვანელობის და მათ შორის სამხედრო ხელმძღვანელობის. ამიტომ თავისი პრობლემები აქვთ შიგნით და მე მგონია, რომ მედვედევის სიტყვების რახა-რუხი არის უბრალოდ შანტაჟი. ამ მომენტში მედვედევის მუქარების განხორციელების პერსპექტივა არ არსებობს" - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×