ელზა პაპოშვილი
27.08.2023

1-ლ ოქტომბერს პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს მშვენიერი შანსი ეძლევათ, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ძალები მოსინჯოს. ბოლო დროს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის სანდოობაზე დაწყებული დისკუსიის ფონზე კი, ამ არჩევნებს დამატებითი დატვირთვაც ექნება.

გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიდან „საქართველოსთვის“, რომელმაც პარლამენტი საკუთარი სურვილით 2023 წლის თებერვალში დატოვა. თანამდებობა მიმდინარე წლის ივნისში ასევე საკუთარი სურვილით დატოვა გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმაც. შუალედური არჩევნები სწორედ ამ მიზეზით ტარდება. 

როგორც 1-ლი ივლისის შუალედური არჩევნები, ისე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება. თუმცა, ამ სისტემის სანდოობაზე ბოლო პერიოდში სერიოზული დისკუსია მიდის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან დაიწყო. გედნანმა განაცხადა, რომ მანიპულაცია ელექტრონული არჩევნების პირობებშიც არის შესაძლებელი, „თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, როგორ მუშაობს ეს სისტემა და არ არიან გაწვრთნილები, როგორ გამოიყენონ ის“.

ამას მმართველი პარტიის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

ხელისუფლებამ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებისათვის საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინა: პარლამენტში გორისა და კასპის მაჟორიტარად გიორგი სოსიაშვილი, ხოლო გურჯაანის მერად - გიორგი მაჭავარიანი.

„დარწმუნებული ვართ, ორივე კანდიდატი მიიღებს ამომრჩევლის მყარ ნდობას. წარმატებებს ვუსურვებ გიორგი სოსიაშვილს და გიორგი მაჭავარიანს, შესაბამისად, გორი-კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში“, - განაცხადა მათი ოფიციალური წარდგენისას მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის გეგმები კი ამ მხრივ ჯერჯერობით ბუნდოვანია.

რას ფიქრობს ოპოზიცია

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის მიერ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა სისუსტის აღიარება იქნება.

„რეალურად, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ხედავთ, რა ვითარებაა. მათ ძალიან დასუსტებული აქვთ პოზიციები და შემცირებული რეიტინგები, რაც ბუნებრივიცაა. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე როცა ხაბეიშვილია, ბუნებრივია, რაიმე პარტიულ სიძლიერეზე ლაპარაკი ზედმეტია. ასევე, როცა მათი არაფორმალური მმართველი არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ოპოზიცია ძლიერი ვერ იქნება. იგივე ეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. 

„აქედან გამომდინარე, ნებისმიერ არჩევნებში არმონაწილეობა საკუთარი სისუსტის აღიარებაა. ამ შემთხვევაშიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს თუ იტყვიან, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც ინფორმირებულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ენმ-ის ყოფილი წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ახლა შუალედურ არჩევნებზე რესურსების დახარჯვის დრო არ არის“.

„დიდ არჩევნებამდე, ფაქტობრივად, დარჩა ერთი წელი. მომავალ ამ დროს იქნება, როგორც იტყვიან, გაგანია საარჩევნო პერიოდი. ბუნებრივია, რომ ოპოზიციას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ხარჯოს ძალა და თუნდაც ფული. ისედაც ვხედავთ, რომ პარლამენტს არავითარი ძალა არ აქვს, სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმ პარტიებისა და იმ ადამიანების გამო, რომლებმაც პარლამენტი დატოვეს. დროებითი საგამოძიებო კომისია ვერ შეგვიქმნია, 60 დეპუტატი ვიყავით ოპოზიციონერი და აქედან 50 დავრჩით. ბევრი მიზეზის გამო, ახლა რესურსების დახარჯვის დრო ალბათ არ არის. თუმცა, პარტიები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეიძლება ზოგმა მიიღოს მონაწილეობა, ზოგმა - არა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.  

„არჩევნების უბრძოლველად დათმობა ძალიან დიდი სიბრიყვეა“

ანალიტიკოსი ვახტანგ  ძაბირაძე „რეზონანსთან“  ამბობს, რომ ოპოზიციამ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს, რადგან ეს იქნება საუკეთესო ტესტი იმის შესაფასებლად, თუ რა შანსი აქვთ კონკრეტულ რეგიონებში. ასევე ამას ერთგვარი რეპერტიციის სახეც ექნება და საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეეძლებათ პრაქტიკაშ ნახონ როგორ მუშაობს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა.

„ვფიქრობ, ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს 1-ლი ოქტომბრის  შუალედურ არჩევნებში. საპარლამენტო არჩევნებამდე ეს ძალიან კარგი რეპეტიცია იქნება. მართალია, სულ რაღაც ორ  რეგიონშია არჩვენები და ისიც შუალედური, მაგრამ აქედან ძალიან ბევრი დასკვნის გამოტანა იქნება შესაძლებელი. 

„თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, ერთია, რომ ხელისუფლებას სალაპარაკოს მისცემენ და ამას „ოცნება“ პიარისთვის გამოიყენებს და მეორე - ვერ გაიგებენ ამ კონკრეტულ რეგიონებში რა შანსი აქვთ. 

„სულაც არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ რესურსი არ უნდა დახარჯოს და ა.შ. ესეც ხომ არჩევნებია. აი, ზუსტად აქ უშვებენ ძალიან დიდი შეცდომას, როცა ხელისუფლებას თუნდაც ამ  რეგიონებში არჩევნებს ბრძოლის გარეშე უთმობენ. ხელიდან უშვებენ შანსს, რომ ხალხს ელაპარაკონ და მათი დაინტერესება რაღაცით შეძლონ. ამომრჩვეელთან კომუნიკაცია ისედაც საერთოდ არ აქვთ და არჩევნების მოგებას 2024 წელს როგორ აპირებენ?! მითუემეტს, ელექტრონული სისტემით ხდება არჩევნები და ეს ყველაზე დიდი რეპეტიაცია იქნებოდა“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ოპოზიციას მხოლოდ ორი თემა აქვს, რომელსაც მუდმივად ატრიალებს და რომელიც საზოგადოების თვალში უკვე ძალიან გაცვდა. ერთი, რომ ხელისუფლება პრორუსული ძალაა და მეორე ევროკავშირის თემა, სადაც მათ „ოცნებამ“ პიარის კუთხით ასევე მოუგო.

„სამწუხაროდ, ოპოზიციას არ აქვს საზოგადოებისთვის რაიმე ახალი შესათავაზებელი, რითაც ხელისუფლებაზე უკეთესი გამოჩნდება. სასაცილო ისაა, რომ ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე და ციხეში წამებაზე საუბრობს ის ხალხი, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ყველა ეს უფლება დარღვეული იყო და ხალხმა ისინი სახლში სწორედ ამიტომ გაუშვა. რიტორიკა უნდა შეცვალონ. 

„რაც შეეხება ხელისუფლების პრორუსულობას, „ოცნება“ აქაც სჯობნის ოპოზიციას  და ხალხს ეუბნება, რომ პრორუსული კი არ არის, პირიქით, ქვეყანას ომი ააცილა თავიდან. ოპოზიცია კიდევ თავის განცხადებებით ხალხს ხელისუფლების ამ არგუმენტს უმყარებს. ამიტომ მე არ ვიცი რა დღის წესრიგი უნდა შესთავაზონ შემოდგომიდან პოლიტიკურმა პარტიებმა. მითუმეტეს, ახლა ხელისუფლებისთვის არჩევნების დათმობა ძალიან დიდი სიბრიყვე მგონია“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

რატომ არ აინტერესებს ოპოზიციას შუალედური არჩევნები

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა კი „რეზონანსთნ აცხადებს, რომ  ოპოზიციას არ აქვს ხელისუფლებაში არჩევნების გზით დაბრუნება განსაზღვრეული. ამიტომაც შუალედური არჩევნები საერთოდ არ აინტერესებს. მისი აზრით, ოპოზიცია ზნეს არ შეიცვლის და შემოდგომიდან ქვეყანაში კვლავ პროცესების დაძაბვას შეეცდება, რადგან ისინი ემზადებიან რადიკალური ქმდებებისთვის და არა არჩევნებისთვის.   

„ოპოზიციას ახლა ჰგონია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი კოზრად აქვს. თუმცა, თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, 2024 წლისთვის მათ მთელი პოლიტიკური სქემა ეშლებათ. ამიტომ შუალედური არჩევნები საერთოდ არ აინტერესებთ და მთელი პოლიტიკური დღის წერიგი იმაზე აქვთ აგებული, რომ ქვეყანაში პროცესები როგორმე დაძაბონ. 

„ოპოზიციას  ახლა ორი გზა აქვს - საბრძოლო სულისკვეთება და მშიდობიანად პროცესების წარმართვა. პროცესები მშვიდობიანად რომ წარმართონ და შუალედურ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, იციან, რომ წააგებენ. ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. ამიტომ არ უნდათ, რომ 2024 წლის არჩევნებამდე წაგებულის იმიჯით მივიდნენ. ამას ხომ ხელისუფელბა პიარისთვის გამოიყენებს. 

„მით უმეტეს, ელექტრონული სისტემით არჩევნების არასანდოობაზე ალაპარაკდნენ. ეს თემაც ხომ უნდათ მერე გამოიყენონ. ეს არჩევნები იქნება წინა, მოთელვითი პროცესი და ოპოზიციას რაში აწყობს, რომ უკვე წაგებულის პოზიციიდან გამოჩნდეს?!“ - ამბობს კვესელავა „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×