ნაზი ბერიძე
25.08.2023

შესაძლოა თუ არა საქართველოსა აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს და რა დადებითი ზეგავლენა ექნება ამას ორი ქვეყნის ურთიერთობაზე - ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს პირველ რიგში იქნება მომგებიანი საქართველოსთვის ეკონომიკური კუთხით, ასევე გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ კავშირებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს, რაზეც მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს.

„პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება. მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ. ვისაც უფრენია აშშ-ში დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის",-განაცხადა კელი დეგნანმა

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ფიქრობს რომ ეს პირველ რიგში საქართველო-ამერიკის ბიზნესიდეების განხორციელებასა და ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს.

„პირველ რიგში ასეთი პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს სავაჭრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ არის უამრავი დაკარგული საათი მგზავრობისას, როდესაც პირდაპირი ფრენები არ არის. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ ეს პიდაპირი ფრენები არსებობდეს და ამაზე დიდი ხანია მიდის საუბარი.

„მაგრამ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ რამდენად მოახერხებენ ქართული და ამერიკული მხარე რომ ეს იყოს მომგებიანი და არ იქნება ერთჯერადი სახის ეს ფრენები და მოახერხებენ სტაბილურობა შესძინონ ამ რეისს. 10 ათასამდე ქართველი არის ლეგალურად თუ არალეგალურად ამერიკაში, ასევე მათი ნათესავები საქართველოში და ამ რეისებზე წესით მოთხოვნა უნდა არსებობდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად დაიწყოს ეს პროცესი, რაც უფრო ხელს შეუწყობდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

„ეკონომიკური-სავაჭრო კუთხით გაუმჯობესდება ვითარება - პირდაპირი ფრენა როცა არის, ეს ბიზნესისთვის მთავარია, მნიშვნელოვანი არის დრო და აქედან გამომდინარე ადამიანებს რომლებსაც აქვთ გარკვეული ინტერესი ან ერთ ქვეყანაში ან მეორეში, ეს მათთვის ძალიან მომგებიანია" -განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აშშ-საქართველოს პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით განსაკუთრებით პოზიტიური ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას ელოდება.

„მე ცუდად ვიცნობ ტექნიკურ დეტალებს, მაგრამ, ამ თემის დადებითად გადაწყვეტა უდაოდ სერიოზულად წაადგება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ტურიზმს ამერიკიდან საქართველოში და პირიქით, ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს რაღა თქმა უნდა, ძალიან კარგი საქმე იქნება" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×