ნაზი ბერიძე
25.08.2023

რა ტიპის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები შეიძლება მიიღოს უკრაინამ და შესაძლოა თუ არა მსგავსი შემაკავებელი მოდელი მომავალში სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველოზეც. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" თვლიან, რომ დასავლეთი უნდა გახდეს პასუხისმგებელი საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, რათა უკრაინის პრეცენდენტი არ განმეორდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საქართველოსთვისაა, რადგან ის არის, რუსული აგრესიის ერთერთი მსხვერპლი.

სლოვენია 28-ე ქვეყანა გახდა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის" დეკლარაციას შეუერთდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე"წერს. „მადლობელი ვარ სლოვენიის მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის, იმისთვის რომ შეუერთდა „დიდი შვიდეულის" დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს, ისევე როგორც მთელი ევროატლატიკური საზოგადოებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის სურვილს",-აცხადებს ზელენსკი.

დეკლარაციაში აღნიშნულია რომ: „დიდი შვიდეულის ქვეყნები მიიღებენ ყოვლისმომცველ ზომებს უკრანის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი აპირებენ, რომ უკრაინისთვის შეიმუშაონ „კონკრეტული ორმხრივი, გრძელვადიანი ვალდებულებები და შეთანხმებები უსაფრთხოების სფეროში". აღნიშნული დახმარება მოიცავს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროებში. ასევე შვიდი უმსხვილესი ინდუსტრიული ქვეყანა გეგმავს დაეხმაროს უკრაინას შექმნას თანამედროვე არმია, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქვეყანა ახლა და შეაჩეროს რუსეთი მომავალში შემოჭრის საფრთხისგან.

დოკუმენტი ღიაა ხელმოწერისთვის და ყველა დაინტერესებულ ქვეყანას შეუძლია მას შეუერთდეს. ამის შემდეგ, თითოულ სახელმწიფოსთან უკრაინა დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. ასეთი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" განმარტავს ,რომ ძირითადად გარანტიებს უკრაინის ნატოში ინტეგრაციას განაპირობებს, ამასთან, ინტეგრაციამდე, სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

„გავრცელება დამოკიდებულია იმაზე ჩვენ რას მოვითხოვთ, ჯერჯერობით არაფერს არ ვითხოვთ. საჭიროა რომ თავად ქვეყანამ მოითხოვოს და იაქტიუროს ამ კუთხით.

„ეს არის დეკლარაცია, რომელიც „დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა მიიღო, ეს არის ის რისი გაკეთებაც შეიძლება დღევანდელ დღეს, სანამ უკრაინის გაწევრიანება მოხდება ალიანსში და უკრაინას დაეხმარება ჩრდილოატლანტიკულ ალიანსში დროულად ინტეგრაციისთვის. ეს არის უფრო მეტი დახმარება ადგილზე, რომ აღდგენილ და დაცული იქნას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ის შესაბამისი შეიარაღება, რომელიც მას ამ წუთისთვის სჭირდება.

„დახმარებას რაც შეეხება ეს გულისხმობს, როგორც სამხედრო მხარდაჭერას, ასევე პოლიტიკური თანადგომას, მაგრამ სამხედრო კომპონენტი არის წარმმართველი" -განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი, გიორგი კობერიძე: „დავიწყოთ იმით, რომ უკრაინა არის პრეცედენტული ქვეყანა, რაც მოხდება უკრაინაში, ის მოხდება ყველგან.

„აქედან გამომდინარე, უკრაინის დაცვა არის ძალიან მაღალპრიორიტეტული. ევროპის საზღვრების დარღვევა და საზღვრების გადახედვა მოხდება, სწორედ უკრაინაში მოხდება. თუკი უკრაინაში ევროპის საზღვრები დაირღვა ან გადაიხედა, ეს ნიშნავს იმას რომ კონტინენტზე კვლავ დაბრუნდება ისეთი საკითხები, როგორიც არის, ტერიტორიული დავები, კვლავ დაბრუნდება უცხო ქვეყნის ინტერესები, რომელსაც ექნება სურვილი რომ არიოს ევროპაში სიტუაცია.

„ამიტომაც ისინი ახლა მსჯელობენ პრეცენდენტის შექმნაზე - დამარცხდეს რუსეთი და მეორე მხრივ დასავლეთი ზრუნავს საკუთარი თავის და მოკავშირეების უსაფრთხოებაზე.

„რა თქმა უნდა ეს პრეცენდენტი, ჩვენთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, რადგანაც საქართველო იყო ერთ-ერთი მსხვერპლი რუსეთის აგრესიის და მეორე მხრივ არსად არ გამქრალა რუსეთის აგრესია. ამიტომაც არის დღეს ასეთი ღირებული ამ ქვეყნების საერთო კონსოლიდაცია უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„დღეს ტერიტორიული გარანტიები შეიძლება იყოს პირდაპირ სამხედრო კუთხით გარანტიები. უკრაინის უსაფრთხოებაზე ახლა პირდაპირ დასავლეთი არ არის პასუხისმგებელი, მაგრამ იარაღის მიმწოდებელია, ხოლო შემდგომში, იარაღის მიმწოდებელიც იქნება და პასუხისმგებელიც შეიძლება გახდეს - განაცხადა „რეზონანსთან" გიორგი კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×