რეზონანსი
24.08.2023

შოვის ტრაგედიის ექო სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება ბევრ ჩვენგანს. ამ დროისთვის 29 გარდაცვლილია ნაპოვნი, 4-ს ეძებენ. შოვში რჩება გიო დუდაშვილი, რომელშიც თითქოს ყველას ტკივილი გაერთიანდა. მას სტიქიამ მთელი ოჯახი წაართვა (მეუღლე ნატო ჭელიძე, შვილები: ლუკა, ანდრია და ანასტასია) და მხოლოდ შვილის თოჯინა დაუტოვა. საზოგადოება შეძრა კადრებმა სტიქიის ზონიდან, სადაც ამ თოჯინით ხელში მაშველებს ესაუბრება.

ნატო ჭელიძის ერთ-ერთმა ახლობელმა ჩვენთან ხანმოკლე საუბარი შეძლო:

„საუბარი მართლაც მიჭირს. ამ ტრაგედიის დროს მივხვდი, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვისას, თითქოს, თავადაც კვდები. ნატო ისეთი გოგო იყო, ისეთი სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებდა ირგვლივ ყველას, რომ მასზე როგორ არ ვთქვა რამე… ალბათ, შოვი იყო მისი ბედისწერა. ჯერ ბავშვობიდან არ შორდებოდა აქაურობას. თავად სოფელ ღარში დაიბადა და ცხოვრობდა, მაგრამ შოვში მისი მამიდის ოჯახია. ნატოს შოვი და მამიდა იმდენად უყვარდა, სულ მამიდასთან იყო. ბავშვობა შოვში გაატარა, შოვში გაიცნო მეუღლეც - გიო, ღირსეული და კარგი ადამიანი. გიო განადგურებულია. მასზე ღირსეულ და ერთგულ ადამიანს, მასზე თავდაჭერილს, იშვიათად ნახავთ. უსაზღვროდ უყვარდა ცოლ-შვილი. ბავშვები თბილისში დაიბადნენ, მაგრამ ზაფხულს რაჭაში ატარებდნენ. ნატო ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! ნატო ძალიან კარგი დედა იყო, სულ შვილებზე ფიქრობდა: ბავშვები თბილისში, ბინაში რომ არიან გამოკეტილები, იმიტომ ხდებიან ასე ხშირად ავად. აუცილებლად შოვში უნდა ავიყვანო, გალაღდებიან, ირბენენ, შოვის სიჯანსაღეც მთელი წელიწადი გაჰყვებათო. თქვა და გააკეთა… მაგრამ აი, რით დამთავრდა ყველაფერი.

სიტყვები ვერ აღწერს, რაც მისი დანახვისას მემართება. არ მინახავს მწუხარების ასე ღირსეულად გაძლება.

ძმები და დედიკო ახლა ანასტასიას ელოდებიან. ერთად რომ მოიყრიან თავს, მერე დაკრძალავენ. ანგელოზები ცაში წავიდნენ, სადაც ყველა წავალთ, ადრე თუ გვიან. იქ მარად ერთმანეთის გვერდით იქნებიან. გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“, - უთხრა "კვირის პალიტრას" ნატო ჭელიძემ.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×