
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც თანამდებობას ტოვებს, კიდევ ერთხელ გახდა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი მის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. რამდენად სანდოა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა, რომლითაც მომავალი წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს და რას ნიშნავს წინასაარჩევნოდ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა? ანალიტიკოსთა შეფასებებიც ამ მხრივ არაერთგვაროვანია.
კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისათვის" მიცემულ ინტერვიუში ელექტრონული არჩევნების სანდოობაზე ისაუბრა და აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებთან გაავლო პარალელი. როგორც მან აღნიშნა, ნაკლებად მნიშვნელოვანია, აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები - მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა მთელი ქვეყანა ელექტრონულად აძლევს ხმას. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს", - განაცხადა დეგნანმა.
იგი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში წინასაარჩევნოდ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას. დეგნანის თქმით, კოვიდ პანდემიის პერიოდში ეს ვერ ხერხდებოდა და 2020-2021 წლებში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე არავის უთქვამს, რომ ის სამართლიანი იყო.
„მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი, ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს.
„ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს, მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ. ნაკლებად მნიშვნელოვანია აშშ-ს აქვს თუ არა ნდობა შედეგის მიმართ, არამედ ამომრჩეველსა და საქართველოს ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს საქართველოს ხალხის ნებას.
„2020-ში კოვიდის გამო შეუძლებელი იყო საერთაშორისო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვფიქრობ, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამდენს გაუჩნდა შეკითხვები, რატომაც იყო ამდენი ბრალდება და საჩივარი - ვინაიდან არ გქონდათ საგარეო დახმარება მეთვალყურეებით, რომლებიც დაგეხმარებოდნენ პრობლემების გამოვლენასა და იმის დადასტურებაში, პროცესი სამართლიანი იყო თუ არა. არავის განუცხადებია, რომ 2020-ის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება", - განაცხადა დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
ასეთ განცხადებებსა და შეფასებებს ახალი სკანდალი მოჰყვა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თანამდებობიდან მიმავალი აშშ-ის ელჩი მკვეთრად გააკრიტიკეს, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კი მის განცხადებებს „მანიპულაციური" უწოდა.
რას ნიშნავს საუბარი ელექტრონული არჩევნების სანდოობაზე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ, ზოგადად, ამგვარი განცხადები სცილდება ელჩის უფლებამოსილებებს. აშშ-ში ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებთან პარალელის გავლება კი, მისი აზრით, არარელევანტურია.
„ჩემი აზრით, ეს განცხადება, რაც ელჩმა გააკეთა, ნამდვილად არ განეკუთვნება იმ განცხადებების კატეგორიას, რასაც ელჩი უნდა აკეთებდეს - ანუ, აფასებდეს სხვა ქვეყნის საარჩევნო სისტემის სანდოობას.
„მეორეც, ფაქტობრივად, მისი სიტყვები შეიძლება თავისუფლად შეფასდეს, როგორც ერთგვარი მაპროვოცირებელი ფაქტორი, რადგანაც ერთია საარჩევნო სისტემას უნდობლობა გამოუცხადოს რომელიღაც რიგითმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ენჯეო აქტივისტმა და მეორეა, როდესაც ამას აკეთებს აშშ-ის ელჩი. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, უცხოური გავლენის აგენტების კანონს მან „რუსული კანონი" რომ უწოდა.
„ადგილობრივი არჩევნები რომ იყო სატესტო რეჟიმში, ამასთან დაკავშირებით არავის არავითარი შენიშვნა არ ჰქონია. დეგნანის სიტყვები კი ფაქტიურად სხვა არაფერია, თუ არა ამ სისტემის და ზოგადად, მომავალი არჩევნების სისტემის დისკრედიტაცია და მოსახლეობასა და პოლიტიკურ სპექტრში არჩევნების მიმართ უნდობლობის დათესვის მცდელობა. შესაბამისად, შემთხვევითი არ არის, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მაშინვე დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს მისი ეს განცხადება.
„როდესაც შენ ასეთ განცხადებებს აკეთებ, სხვანაიარად ამას საზოგადოება უბრალოდ ვერ გაიგებს, გარდა ერთისა - რომ ცდილობ შექმნა ნიადაგი, რათა შემდეგ, როცა შედგება არჩევნები, საზოგადოებამ მაშინაც გამოუცხადოს უნდობლობა მას და მერე ამას მოჰყვეს თანმდევი პროცესები.
„პარალელის გავლება, რომ აშშ-შიც ელექტრონულ სისტემას პრობლემა ჰქონდა, ესეც არარელევანტურია, რადგან, რამდენადაც მე ვიცი, საქართველოში სულ სხვა სისტემით ტარდება, ვიდრე ჩატარდა აშშ-ში. მაგრამ, ასეც რომ იყოს, ეს არ არის ელჩის საქმე, რომ მასპინძელი ქვეყნის საარჩევნო სისტემის განხილვა და დისკრედიტაცია მოახდინო. ამიტომ მე ვფიქრობ ამით მან ოპოზიციას კიდევ ერთი კოზირი ჩაუდო ხელში, რაც ადრეც არერთხელ გაუკეთებია", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დეგნანს ისეთი არაფერი უთვამს, რაც აქამდე არ ვიცოდით. არჩევნების ელექტრონული სისტემას კი, მისი აზრით, შეიძლება მართლაც ჰქონდეს გარკვეული ხარვეზები, რაზეც სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ.
„კელი დეგნანმა კიდევ ერთი რამე თქვა - რომ არჩევნების გაყალბება იწყება კიდევ უფრო ადრე, არა მხოლოდ არჩევნების დღეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნების გაყალბება იწყება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა, მასზე ზეწოლა, ბიუროკრატიული ბერკეტის გამოყენება, სამართალდამცავი ბერკეტების გამოყენება, სახელმწიფო რესურსების გამოყენება და ა.შ. - ეს მრავალწახნაგოვანი პროცესია და დროში საკმაოდ ხანგრძლივი.
„სხვათა შორის, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ არა მარტო დღევანდელ ხელისუფლებაზე, არამედ ყველა ხელისუფლება ანალოგიურად მოქმედებდა. ფაქტობრივად, თქვა ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით - რომ 1995 წლიდან მოყოლებული საქართველოში ყველა არჩევნები ყალბდება და გაყალბების მარჟა სადღაც 5-დან 10%-მდეა.
„გაყალბდება თუ არა ელექტრონული არჩევნები - ეს სპეციალისტებმა უნდა ბრძანონ, რადგან ამას სჭირდება პროგრამული უზრუნველყოფა, პროგრამას კი წერს ვიღაცა, ჩვეულებრივი ადამიანი. პროგრამის დაწერა შეიძლება ისე, როგორც მას უნდა. თუ ეს კაცი და მასთან ასოცირებული ჯგუფი იმას აკეთებს, რასაც ხელისუფლება ეტყვის, უბრალოდ დათვლის დროსაც შეუძლია სხვანაირად დაითვალოს.
„ასევე ჰაკერებიც არსებობენ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პროცესზე. ყველა ეს დეტალი საზოგადოებას უნდა აუსნან სპეციალისტებმა - თუ რამდენად სანდოა ამ პროცედურით არჩევნების ჩატარება და შედეგების დათვლა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
რას შეცვლის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას აქტიურად ლობირებენ ენმ-ის მხარდამჭერი სენატორები. აშშ-ის ელჩის მიერ ამ საკითხის წინ წამოწევა კი, მისი აზრით, გარკვეულ ეჭვებს აჩენს.
„დავიწყოთ იქედან, რომ გრძელვადიანი მისია ჩამოსული იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ის შედგებოდა „ენდიაის", „აირაის" და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებისგან და მათ მოამზადეს დასკვნა, რომელშიც იყო როგორც პოზიტიური შეფასება, ასევე შენიშვნები. თუ რატომ არ შედგა გრძელვადიანი მისია ადრე, ეს იყო დაკავშირებული კოვიდ პანდემიასთან. მაშინ მისიები საერთოდ მოკლე ვადით ჩამოვიდნენ და ისიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით.
„მაგრამ ახლა, როდესაც აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა უკვე ასე გამწვავებულია, მაინც ჩნდება თეორიული ეჭვი, რომ ხომ არ არის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა ერთგვარი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ, მათი განწყობის საფუძველზე, აშშ-მა არ აღიაროს არჩევნები და მერე ამას მოჰყვეს ის შედეგები, რაც ამას მოჰყვება - ხალხის ქუჩაში გამოსვლა, საპროტესტო აქციები და ხელისუფლების დამხობა.
„მინდა ასევე შევახსენო მკითხველს, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა სწორედ ის საკითხია, რომლის დადებითად გადაწყვეტას სთხოვენ აშშ-ის სახდეპს „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი სენატორები ჯიმ შაჰინი და ჯიმ რიში და სხვები. გრძელვადიანი მისიის ამოცანა კი არის ის, რომ შეაფასონ, როგორც დეგნანმა განაცხადა, წინასაარჩევნო გარემო როგორია და რამდენად დემოკრატიულია, სამართლიანია და ა.შ. რათა მერე ამის საფუძველზე დაწერონ დასკვნა, შეუძლია თუ არა აშშ-ს არჩევნების შედეგების აღიარება", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, რადგან დეგნანმა ამაზე საჯაროდ ისაუბრა, ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლა უკვე გადაწყვეტილია. საქართველოს ხელისუფლება კი, მისი აზრით, ამ განცხადებით მანიპულირებს.
„რადგან დეგნანი ამბობს, რომ ჩამოვა, ე.ი. გადაწყვეტილება ყოველ შემთხვევაში შტატებში მიღებულია. მთლიანობაში ეს განცხადება იყო გაფრთხილება ხელისუფლებისთვის, რომ მათ თავი შეიკავონ არჩევნების გაყალბებისაგან და რომ იქნება სერიოზული კონტროლი. ხელისუფლებამ კი ეს ისე თარგმნა, რომ დეგნანმა მწვანე შუქი აუნთო რევოლუციას.
„ასეთი განცხადება ხელისუფლებას პირველად არ გაუკეთებია. უბრალოდ, ამზადებენ ნიადაგს, რათა მოსახლეობაში დანერგონ განცდა, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიცია რევოლუციის გზით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.