
ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ როდის უნდა ველოდოთ ალიანსის გაფართოების მორიგ ტალღას და ვინ დგას რიგში შემდეგი, ვისაც ექნება პრივილეგია ამ ორგანიზაციის წევრი გახდეს - არის თუ არა ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი საქართველო. მომავალი სამიტი 2024 წელს ვაშინგტონში გაიმართება.
პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ნატოს გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველოს და უკრაინას განიხილავს.
„ასპირანტები არიან საქართველო და უკრაინა. უკრაინაზე ითქვა, რომ მაპის გარეშე მივიღებთო, საქართველოზე თავის დროზე იყო ნათქვამი რომ მიგიღებთო, მაგრამ მაპით. დღეს ყველაზე რეალური კანდიდატები არიან უკრაინა და საქართველო, რომლებიც სამწუხაროდ ერთ პაკეტში აღარ განიხილებიან, რადგანაც ვილნიუსის სამიტზე ითქვა, რომ უკრაინას მიიღებენ მაპის გარეშე. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე უკრაინა არის უფრო ახლოს ნატოს წევრობასთან - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" განმარტავს რომ საქართველო აუცილებლად იქნება ნატოში გაერთიანების გეგმაში შემდეგი გაფართოების ტალღაში, მაგრამ, ვინ იქნებიან სხვები და რა მდგომარეობით ეს არის ნატოს დახურული ინფორმაცია. რაც შეეხება უკრაინის შანსებს, ის იქნება გამონაკლისი, უკრაინა- რუსეთის ომის ფონზე.
„მე არ შემიძლია მხოლოდ ჩემი პირადი დამოკიდებულება გამოვთქვა, ზუსტად გრაფიკი ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ საქართველო იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც შემდგომი ტალღის დროს ალიანსის გაფართოების მონაწილენი იქნებიან.
„ბევრზეა ლაპარაკი, მაგალითად, ბალკანეთის სახელმწიფოები. არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც აქვთ სურვილი ალიანსში გაწევრიანების. მათი მდგომარეობა როგორია და როგორია შეფასებები, ეს ალიანსის დახურული ინფორმაციაა, მაგრამ, მე იმედი მაქვს რომ ამ ჯგუფში აუცილებლად იქნება საქართველოც.
„რაც შეეხება უკრაინისა და საქართველოს შანსებს, როდესაც თანაბარი შანსებზეა საუბარი, ეს ცოტა არარელევანტურია. უკრაინა არის გამონაკლისი შემთხვევა, რუსეთს ებრძვის და ამიტომ მისი საკითხი განიხილება სწორედ ამ მოვლენის კონტექსტში.
„ნატოსთვის, რომელიც თავდაცვითი ალიანსია, ეს ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რამეთი ჩამორჩება, თავისი შანსებით და თავისი პერსპექტივით. მაგრამ, უკრაინა ყველა შემთხვევაში ალიანსში გაწევრიანების კუთხით, განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევა იქნება" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.