ელზა პაპოშვილი
18.08.2023

რას მოუტანს საქართველოს ბოლო დროს წარმოებული საგარეო პოლიტიკა და რას ნიშნავს ჩინეთთან და ისრაელთან დადებული სხვადსახვა სფეროებში თანამშრომლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებები. უფრო  მეტიც, საქართველო და ჩინეთი ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რასაც  ქვეყნის შიგნით არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. 

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ახლა „ოცნება“ პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით საგარეო ასპარეზზე ახორციელებს, მისასალმებელია, თუმცა ეს არ უნდა იყოს იმის მცდელობა, რომ არსებული პარტნიორების ჩანაცვლება მოხდეს. ამბობენ, რომ საქართველოს საგარეო კურსი უკვე განსაზღვრულია და ეს ევროატლანტიკურ გზაზე სვლაა. ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ამ გზიდან გადახვევა ქვეყნას რაიმე სიკეთეს მოუტანს. თუმცა მსგავს ქვეყნებთან მეგობრული და კარგი ურთიერთობა უდავოდ პოზიტივია. 

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა - შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ღარიბაშვილის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და მისი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.     

სტრატეგიული პარტნიორობის გადაწყვეტილება და ექვსი ახალი შეთანხმება კი  ჩინეთთან. პრემიერის ვიზიტის შემდეგ, ოფიციალური თბილისი ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლას ელოდება. პოლიტიკური კავშირების გაძლიერება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა – უკვე ცნობილია ის მიმართულებები, რომლებსაც საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა დაემყარება. ხელისუფლების პირველი პირები ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდაზეც შეთანხმდნენ.

ბუნებრივია, როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ასევე პეკინში გამართულ ბიზნესფორუმზე დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განხილვა და შუა დერეფნის მომავალი იყო, რომელმაც უკრაინის ომისა და გლობალური გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. გადაწყდა, რომ საქართველო უფრო აქტიურად ჩაერთვება ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ათი წლის წინ ინიცირებულ ერთი სარტყლისა და გზის პროექტში, რომელიც აბრეშუმის გზის გაფართოებას გულისხმობს და 100-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.    

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლების აქტიურობა და მნიშვნელოვანი შეხვედრები ძალიან კარგია და რა თქმა უნდა, არსებულ სიტუაციაში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს. თუმცა ძაბირაძე ამასთანავე მიიჩნევს, რომ ამით ხელისუფლება ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს.    

„მას შემდეგ, რაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული გამოსვლები გახშირდა, ის აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ უფრო გააქტიურდა. ეს არის ერთგვარი მცდელობა იმის, რომ საგარეო კუთხით პარტნიორებთან არსებული პრობლემები გადაიფაროს. თუმცა ამ მხრივ პოზიტიურია ის, რომ საგარეო კურსი, თუნდაც იგივე ჩინეთთან მიმართებაში, ახლო აღმოსავლეთთან, ისრაელთან, არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობა და მეგობრობა პრობლემა არ არის. პირიქით ქვეყნისთვის სასარგებლო წინგადადგმული ნაბიჯია.  

თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამ მიმართულებით გააქტიურებული საგარეო პროცესები არ უნდა განვიხილოთ, როგორც პარტნიორების ჩანაცვლების პროცესი. რადგან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლა არის შეუცვლელი და ამას ვერავინ, ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. კი ბატონო, არაა პრობელმა, რომ საგარეო მიმართულებით ახალი მეგობრები და პარტნიორები ვეძებოთ, ამაში ცუდ არაფერია, უბრალოდ ეს დასავლეთის ალტერნატივად არ უნდა იქნას განხილული“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება იმას, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის მხრივ გარკვევულ წარმატებებს საარჩვენოდ, ძაბირაძე ამბობს, რომ რა თქმა უნდა გამოიყენებს და ამაში ახალი არაფერია - ამას ნებისმიერი ხელისუფლება იზამდა. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დასავლელ პარტნიორებთან არსებული პრობლემების გადაფარვას ვერ შეძლებს. უნდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, ევროატლანტიკური გზიდან ქვეყანას ვერ გადაახვევინებს. ეს შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფასადაც კი დაუჯდეს. კარგია ჩინეთთანაც და ისარელთანაც ურთიერთობა, მაგრამ გენერალური ხაზი ევროკავშირისკენ არის მიმართული და თავად „ოცნებამაც“ იცის, რომ ამას ვერაფრით და  ვერცერთი სხვა პარტნიორებით ვერ ჩაანაცვლებს.  

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე საქართველო, როგორც სახელმწიფო არ აინტერესებს და ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებს, თუნდაც საგარეო კუთხით, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოს. 

„ახლა ყველაფერი მხოლოდ „ოცნების“ ინტერესებს ადგება, რათა არჩევნებში გაიმარჯვოს. ხელისუფლება, თუნდაც ამ საგარეო ვექტორის კუთხით აქტიურობით, ცდილობს, რომ  წინასაარჩევნოდ ქულები დაიწეროს. საქართველოს სახელმწიფოს ინტერსები დღეს არის ის, რომ მსოფლიო ელეპარაკოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის და ჰიბრიდული ომის შესახებ. ასევე იმაზე, რომ ჩვენ და უკრაინა ერთ სიტუაციაში  ვართ და არანაირი განსხვავება არ არის. გასაგებია, რომ ჩინეთთან და ისრაელთან თუნდაც კარგი და მეგობრული ურთიერთობა უნდა გქვონდეს, მაგრამ აქ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესების წინაღმდეგ არ უნდა ვიმოქმედოთ. 

ჩვენ გვაქვს გაცხადებული საგარეო პოლიტიკა და  ჩვენს ხალხს სურს ევროატლანტიკურ გზაზე სვლა. ამიტომ ის, რასაც ახლა „ოცნება“ აკეთებს, კარგია მისასალმებელია, მაგრამ ეს არ არის ის მნიშვნელოვანი გზა, რომელზე სვლაც ქართველ ხალხს სურს. სამარცხვინოა, როცა 2008 წელს ომი მოხდა და ისევ ყველაფერს მათ აბრალებთ. მათ ამაზე პასუხი უკვე აგეს და  ხელისუფლებიდან წავიდნენ. 10 წელი შენ რომ ხარ ხელისუფლებაში, დეოკუპაციისთვის  არის გაკეთებული რამე? რა პოლიტიკასაც ისინი ახლა რუსეთთან ახორციელებენ, ეს არ არის სახელმწიფოებრივი, ეს არის საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედება, რათა ხელისუფლება შეინარჩუნონ“, - ამბობს ზაქარეიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×