
2024 წლის არჩევნებისთვის აუცილებლად მივიღებთ განსხვავებულ პოლიტიკურ ველს, სცენაზე გამოვა რამდენიმე ახალი პოლიტიკური ძალა. ქარიზმატული ლიდერების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ხალხი ხმას მისცემს პროგრამებს და არა - პიროვნებებს - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბარა.
„რეზონანსი": „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კატეგორიულად მოითხოვს და სხვა ოპოზიციურ ძალებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. პარტიის წევრების განცხადებით, მმართველ გუნდს, რომელიც ასე ეწინაამდეგება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაღაც აქვს დასამალი, ხელისუფლება კი ოპოზიციის ინიციატივაში მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ხედავს. როგორ აფასებთ მოვლენების განვითარებას, შეძლებს ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას?
იგორ კვესელავა: ოპოზიცია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ ხელისუფლება გააკრიტიკოს, მის თითოეულ სიტყვას, გამონათქვამს გამოეკიდება და შემდეგ გააბუქებს, ხელისუფლების მიერ დაშვებულ ნებისმიერ შეცდომას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ოპოზიციის მთავარი მიზანი და ამოცანა არის ხელისუფლებაში მოსვლა, ამისთვის კი შავს, თეთრს, წითელს - ყველა ხაზს გადაკვეთავს.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ პოლემიკას, კომისიის შექმნისთვის ოპოზიციას სჭირდება 50 ხმა პარლამენტში. გახარის პარტიამ ამ ინიციატივას მხარიც რომ არ დაუჭიროს, ვფიქრობ, მათი ხმების გარეშეც შეიქმნება კომისია. ხელისუფლებასაც რისი ეშინია, თუ მართალია? დასხდნენ ერთად და გაარჩიონ მტყუან-მართალი, მოიწვიონ დარგის სპეციალისტები, პროფესიონალი ექსპერტები და ჩართონ დიალოგში.
ორივეს ვსაყვედურობ, პოზიციასაც და ოპოზიციასაც, როცა იცი, რა გეოგრაფიული მდებარეობა აქვს საქართველოს, 26 ათასი მდინარეა მარტო, მზად არ უნდა იყოს ეს უპატრონო ვერტმფრენები, მერე რომ ეძებ, არ უნდა გყავდეს მზადყოფნაში? ოპოზიციამ კი, ახლა რომ ლაპარაკობს დარღვევებზე, ადრე რატომ არ ატეხა განგაში და არ დადო მამხილებელი ფაქტები? „თხა და გიგოსათვით" კი არ უნდა მოიქცე, ყველა ერთად რომ გადაცვივდებით წყალში. ერთმანეთის დაჯერება-არდაჯერებაზე არიან გადასული. ახლა არ არის გადაბრალების დრო, ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები.
„რ": მართალია, ჯერ ჭრილობები მოუშუშებელია, მაგრამ ქვეყანა საარჩევნო ფაზაში შედის, პოლიტიკური ძალები ემზადებიან საარჩევნო კამპანიისთვის. როგორ ფიქრობთ, მივიღებთ განსხვავებულ პოლიტიკურ ველს 2024 წლის არჩევნებისთვის?
ი.კ: აუცილებლად მივიღებთ თვისობრივად განსხვავებულ პოლიტიკურ ველს, ამისთვის ნიადაგი უკვე მზად არის და სერიოზული მუშაობა მიდის პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც სცენაზე გამოსასვლელად ემზადებიან. ასეთი რამდენიმე ახალი ძალა იქნება, მაგალითად, გვარამია-მელიას ერთობა, ასევე - ყიფიანის ჯგუფი და სხვები. რაც შეეხება დღეს მოქმედ პოლიტიკურ ძალებს, „ოცნება" და „ნაცმოძრაობა" 5%-იან ბარიერს აუცილებლად გადალახავენ, ბარიერს გადალახავენ გახარიას პარტია და „ლელო".
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყებას, პროცესი აქტიურ ფაზაში შემოდგომაზე გადავა, ვნახოთ, რა საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს ოპოზიცია. ოპოზიციას ვურჩევდი გაერთიანებას. ზოგადად პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებ, მოძებნონ ერთმანეთთან საერთო ენა და არ დაუშვან რევოლუცია, რადგან ქვეყანა ისევ არეულობისკენ არ წავიდეს.
„რ": ქარიზმატული ლიდერების ეპოქა წარსულს ბარდება?
ი.კ: დიახ, საქართველოში დღემდე ხელისუფლების ცვლილება ხდებოდა მხოლოდ ქარიზმატული ლიდერების მეშვეობით. ქარიზმატული იყო გამსახურდია, ქარიზმატული იყო შევარდნაძე, ქარიზმატულები იყვნენ სააკაშვილი და ივანიშვილი, ქართველი ამომრჩეველი კი ხმას მხოლოდ ქარიზმატულ ლიდერს აძლევდა. 30 წლის განმავლობაში ბევრი დავკარგეთ, მაგრამ ბევრიც ვისწავლეთ. მხოლოდ „შევარდნაძეს", „მიშას" და „ბიძინას" რომ ვყვიროდით, დღეს სხვა სიტუაციაა, ქარიზმა აქტუალობას კარგავს და ხალხი ხმას არა პიროვნებას, არამედ პროგრამებს მისცემს. ხელისუფლებაში მოსვლა თვითმიზანი არ უნდა იყოს. მთავარი ის კი არ არის, ვინ არის ქვეყნის მმართველი, სისტემა უნდა იყოს საათივით აწყობილი. მე მხარს ვუჭერ კაოლიციური მთავრობის იდეას და ვფიქრობ, ოპოზიციაც ამ გზით უნდა წავიდეს.