ელზა პაპოშვილი
17.08.2023

ღარიბაშვილის ვიზიტი ისრაელში და მოლაპარაკებები პრემიერ ნეთანიაჰუსთან, სხვა საკითხებთან ერთად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას შეეხება, რაც უკვე ხელმოწერილია და მოლაპარაკებები დეტალებზე 2024 წელს უნდა დაიწყოს. ამასთან, „უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბევრი საკითხი არის განსახილველი, ბევრი არის დაგროვილი, ბევრი გადასაწყვეტია“, აცხადებს პრემიერის ისრაელში ვიზიტის კომენტირებისას საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია. 

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა - შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ღარიბაშვილის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და მისი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.  

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და, როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან,“ - უთხრა ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუს და საქართველოში მიიწვია. 

პირისპირ ფორმატში შეხვედრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ. ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2 500 წლის წინ იღებს დასაბამს, ან შესაძლოა, 2 600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა, მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე თელ ავივსა და  იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ – „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან. ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან. ამიტომ მიხარია აქ ყოფნა. დიდი მადლობა!“ –  განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა.  

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს.

„მიხარია  პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი  ვიზიტის ფარგლებში. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები. მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის“,  – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლაშა ჟვანიას თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რაც ახალ ინვესტიციებს გაუხსნის გზას.

„ისრაელსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი ურთიერთობებია უკვე წლების განმავლობაში, უფრო მაღალ დონეზე არის აყვანილი ბოლო წლებში და ამას მოწმობს ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორე ვიზიტი ისრაელში. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბევრი საკითხი არის განსახილველი, ბევრი არის დაგროვილი, ბევრი გადასაწყვეტია. ეს ვიზიტი იქნება ძალიან ბევრი ახალი საკითხის დაძვრის საწინდარი. ეს არის, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის დროს და დაიწყება მოლაპარაკებები 2024 წლისთვის. ეს ახალ დასაბამს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ისრაელიდან საქართველოში. კიდევ მეტი შეგვიძლია მივიღოთ. სხვა, სამხედრო, პოლიტიკურ, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობა, ისევე როგორც რეგიონულ საკითხებში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის, რადგან ისრაელი არის მეგობარი ქვეყანა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.  

როგორც ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდორინდელი მაღალი დონის ვიზიტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. უკრაინის ომის ფონზე კი ჩვენმა ქვეყანამ უფრო მეტი დანიშნულება შეიძინა. 

„საქართველო იმ თავიდან დღემდე,  დიდი პოლიტიკური მოთამაშე ქვეყნების ინტერესს წარმოდგენდა. მდებარეობიდან და გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, როგორც ჩინეთისთვის, ასევე ახლო აღმოსავლეთისთვის ძალიან მიმზიდველი და მნიშვნელოვანი ქვეყნა ვართ. აქ არის საუბარი ისრაელის დაინტერესებაზე საქართველოს ბიზნესით და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებით. ისრაელი და საქართველო წლებია პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებია. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტები განგვიხორციელებია. 

მითუმეტეს უკრაინის ომის ფონზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით ისრაელი საქართველოსთვის ძალიან სანდო პარტნიორია. ვნახოთ რაზე იქნება კიდევ საუბარი, თუმცა მივიჩნევ, რომ უკრაინის ომთან მიმართებაში ისრაელს და საქართველოს ერთი პოზიცია აქვთ - რომ ომი რაც შეიძლება  მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს. დიდი ალბათობით საუბარი ამ გეოპოლიტიკურ გმოწვევებზეც იქნება. საქართველოს ხელისუფლება ძალიან სწორად იქცევა და ციდლობს ამ რთულ სიტუაციაში ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პარტნიორები შეიძინოს. სწორედ ამას ემსახურება, როგორც ჩინეთში, ასევე ისრაელში ვიზიტი“, - ამბობს გვენეტაძე.  

მისივე თქმით, ოპოზიცია იმდენად არის გაკოტრებული, რომ იმასაც ვერ ხვდება, რაზე შეიძლება ისაუბრონ. საქართველოს მიერ ბოლო დროს  წარმოებული წარმატებული და მნიშვნელოვანი საგარეო კურსიც კი არ ახარებთ. ამიტომ აღარ იციან თუნდაც ჩინეთთან ვიზიტის ირგვლივ რა ისაუბრონ. მათ მიზეზად მოჰყავთ, თითქოს ჩვენი პარტნიორების დასავლეთის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, რადგან განაწყენდებიან, თუმცა გვენეტაძე ფიქრობს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენიტეტული ქვეყანაა, ამიტომ არავის საქმე არ არის, ქვეყნის პრემიერი სად გაემგზავრება და ვის რაზე დაელაპარაკება. მისი აზრით, საიდანაც ქვეყანა მოგებას ნახავს და მეგობრებს შეიძენს, ყველა მხრივ უნდა იაქტიუროს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×