
ნატოს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის სტიან იენსენის მოსაზრებამ, რომ რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის იყოს გზა მშვიდობის მისაღწევად და ნატოში გასაწევრიანებლად, კიევის მკაცრი რეაქცია გამოიწვია. „უცნაურია ამ თემის ასეთი შემოგდება, სრულიად გაუგებარია, რატომ გააკეთეს ეს, იმისთვის, რომ ჩვენი ნერვები შეამოწმონ? არ არის საჭირო, კარგ მდგომარეობაში ვართ 2022 წლის 24 თებერვლიდან", - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
„როდესაც ვინმე, სადმე, ვთქვათ, ევროკავშირში ან სხვა ინსტიტუტებში თბილ სავარძელში მჯდომი იწყებს ჩვენთვის რჩევის მოცემას, მინდა აღვნიშნო, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ტესტები არცერთ ქვეყანას არ გაუვლია", - მისი თქმით, უკრაინა 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 საათის განმავლობაში ცდლობს საკუთარი ტერიტორიის მტრისგან გათავისუფლებას.
როგორც თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, ის, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციია გახდება რეალური, არის მიამიტური გზავნილი, რადგან ის არ შედის არცერთი ქვეყნის ეროვნულ ინტერესში და რუსეთი მხოლოდ ამას არ დაკმაყოფილდება.
„პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქედან, რომ ეს არ არის გამოსავალი ამ კონფლიქტებიდან. რომ დავუშვათ კიდეც ეს ორი სახელმწიფო თანახმა იყოს ამაზე, რაც წარმოუდგენელია, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება ამ ხალხების ინტერესებს, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და აგრესორის წახალისება. დღეს თუ რუსეთს ეს გაუვიდა და მან მოახერხა ანექსია სუვერენული ტერიტორიების და საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფა, ხვალ ის უფრო მეტს მოითხოვს.
„ჩვენ გვახსოვს ისტორიიდან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში როგორ მოხდა, გერმანიამ როცა მოახდინა რამდენჯერმე ანექსია, ის არ გაჩერდება. ანუ, ეს არ არის გამოსავალი, რაც არ უნდა ეგონოთ მაღალჩინოსნებს რომ ეს გამოსავალია.
„ყველამ იცის - აქ ომი იმაზეა, რომ რუსეთს აქვს საკუთარი იმპერიალისტური გეგმები ამ რეგიონთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ პატარა ტერიტორიებს ის არ დაკმაყოფილდება, ამიტომ ზემოთ თქმული აზრი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან, საზოგადოებრიობასთან და ბუნებრივია, რომ ეს მიუღებელია ამ თვალსაზრისით.
„ექსპერტების დონეზე ყოველთვის იყო ეს აზრი 20-25 წლის განმავლობაში, მაგრამ შედეგი არაფერი მინახავს,რადგანაც ყველამ ვიცით რომ ამ სახელმწიფოებისთვის ეროვნული სუვერენიტეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
„კიდევ ერთი რამ ეს არის ეგრედ წოდებული ცრუ დილემა, რომ ტერიტორიული მთლიანობა ხელს უშლის საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. თუ კარგად გავაანალიზებთ, რუსეთის მოქმედებები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიმართულია არა იმისკენ რომ გავლენა მოიპოვოს სეპარატისტულ რეგიონებზე - ცხინვალზე და აფხაზეთზე, ან დონბასზე და ამით დაკმაყოფილდება, არა, ეს მისი მიზანი არ არის, არამედ, მისი მიზანია მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაცია და ახალი იმპერიის აღდგენა.
„საქართველოსთან დაკავშირებით მას მხოლოდ აფხაზეთზე და ცხინვალზე გავლენა აინტერესებს? არა! მას უნდა რომ მთელი საქართველო, სამხრეთ კავკასია აკონტროლოს, იქედან გამომდინარე, რომ შემდეგ აკონტროლოს ენერგოდერეფნები, თუ სხვა რამ.
„მიამიტურად ჩანს ეს განცხადება, იმასთან დაკავშირებით რომ თუ რუსეთს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს მივცემთ, ის უარს იტყვის და რაციონალურად შეიძლება ამ კონფლიქტების გადაწყვეტა" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" თვლის, რომ მოსაზრება - ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ, რეალობას არ პასუხობს.
„უკრაინამ ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ძალიან მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატა. მათთვის მიუღებელია ტერიტორიული კომპრომისი, დამპყრობლისთვის ტერიტორიის დათმობა, რათა სამაგიეროდ ქვეყანამ მიიღოს ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატოს მხრიდან. შესაბამისად ნატოში ასეთი ვარიანტი იდეის დონეზეც არ განიხილება. უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გაჩნდა ეს იდეა, საქართველოში ასეთი იდეა არავის არც გამოუხატავს და კვლავაც საქართველოს აქვს რეალობა - რუსეთი მისი ტერიტორიის ნაწილს არ ცნობს საქართველოს ტერიტორიად, თვლის მას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რითაც აგრძელებს ოკუპაციას.
„არც საქართველო არ აპირებს ტერიტორიების დათმობას, თუნდაც ნატოში გაწევრიანების ან რამე სხვა საერთაშორისო კომპრომისის სანაცვლოდ. ასე რომ, პერსპექტივა ამგვარ პოლიტიკას არა აქვს და რეალობას უბრალოდ არ პასუხობს" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა