ნაზი ბერიძე
16.08.2023

მივიღებთ თუ არა თვისობრივად განხვავებულ პოლიტიკურ ველს 2024 წლის არჩევნებისთვის და რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც შედეგზე მოახდენს ზეგავლენას - ბარდება თუ არა წარსულს ქარიზმატიული ლიდერების ეპოქა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ქარიზმატული ლიდერის არარსებობაზე საუბრობს: „საქართველოში დღემდე ხელისუფლების ცვლილება ხდებოდა მხოლოდ ქარიზმატული ლიდერების მეშვეობით. ქარიზმატული იყო გამსახურდია, ქარიზმატული იყო შევარდნაძე, ქარიზმატული იყო სააკაშვილი და ივანიშვილი.

„ხოლო შემდეგ, როცა შენარჩუნებაზეა საუბარი, ჩვენთვის დამახასიათებელია არჩევნების 10%-იანი გაყალბება, რაც იძლევა საშუალებას, რომ ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუ ოპოზიციაში არ გამოჩნდა ქარიზმატული ლიდერი.

„ქართველი ამომრჩეველი ქარიზმას აძლევდა დღემდე ხმას და ახლა რთული სიტუაცია დგება, რადგან ქარიზმებს ნელ-ნელა ყავლი გაუდით და ძალიან რთული და ძნელი იქნება ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთება.

„ამას მოწმობს მესამე ჯგუფი ამომრჩევლისა, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა, ვერ შეარჩია მისთვის სასურველი ოპოზიციური კანდიდატი, რადგან ოპოზიციაში დღეს არა თუ ქარიზმა, არამედ ლიდერების პრობლემაც კი მნიშვნელოვნად არსებობს. მაინც ლიდერს მჰიყვება ამომრჩეველი, რომელიც შეძლებს დაარწმუნოს რომ ის მართლა რაღაცის გამკეთებელია.

„საარჩევნოდ ალბათ მივიღებთ ახალ პოლიტიკურ ველს, იმიტომ რომ ისევ ძველი ქარიზმები თამაშობენ - სააკაშვილი და ივანიშვილი, მაგრამ კლიმატს ვერცერთი მათგანი ვერ ქმნის.

აი ეს არის ახალი პოლიტიკური ველი. 2020 წლის არჩევნებში სააკაშვილ-ივანიშვილს ერთმნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ საკუთარ მხარდამჭერებზე. დღეს ისინი ამ ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავენ, გავლენას კარგავენ, ამიტომაც ვთქვი რომ ახალი ველია. ახალი ქარიზმაც რახან არ ჩანს, ასეთ ვითარებაში მოგვიწევს არჩევნების ჩატარება. ოპოზიციის მოვალეობაა ახალი ლიდერის შექმნა" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამომრჩევლის საარჩევნო გემოვნებისა და კრიტერიუმებზე ამბობს, რომ ადამიანები ხმას აძლევენ ქარიზმატულ ლიდერს და სამწუხაროდ - არა იდეოლოგიას.

„ამ შემთხვევაში რამდენიმე კრიტერიუმი შეიძლება განვიხილოთ - ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ შეინიშნება პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა, რაც აისახება კიდეც არჩევნების დროს გადაწყვეტილების მიღებაზე. ამომრჩეველთა ნაწილი საქართველოში უპირატესობას ანიჭებს ქარიზმატული ლიდერს და მისი ხათრით ხმას აძლევს იმ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც არის ქარიზმატული ლიდერი. ხანდახან შეიძლება ქარიზმატული არ დავარქვათ, მაგრამ, პიროვნებას ხშირად აძლევენ ხმას, მას ანიჭებენ რაღაც მნიშვნელობას.

„ჩვენ დავინახეთ, რომ 2012 წლის არჩევნებში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს და „ქართულ ოცნებას" ივანიშვილის ხათრით. თუნდაც მთავარ ოპოზიციურ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბევრი ხმას აძლევს მიხეილ სააკაშვილის ხათრით - განიხილავენ მას ქარიზმატულ ლიდერად.

„კიდევ ერთი პრობლემა რომელიც ჩვენთან არის და რომელიც უკავშირდება არჩევანის არათავისუფლებას. ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი ხმას აძლევს ვიღაცის ხათრით. მაგალითად, ნათესავმა სთხოვა - მიეცი ხმა, ეს ჩემი ახლოებელია, ან თვითონ ჰყავს ახლობელი პარტიაში და იმის ხათრით აძლევს ხმას კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ან ვიღაცის ზემოქმედების ქვეშ არის.

„სამწუხაროდხშირად ეკლესიის მსახურები ერევიან პოლიტიკურ პროცესებში. კარგად დავინახეთ ეს ჩვენ „ოცნების" სასარგებლოდ. „ქართული ოცნებაც" ეკლესიის ფაქტორს იყენებს იმისთვის რომ სასულიერო პირებმა ამომრჩეველზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინონ. ბევრიც ხმას აძლევს ვიღაცის ჯინაზე,

„პლუს კიდევ ამას ემატება კიდევ ერთი დიდი პრობლემა, ხშირად ჭარბობს საქართველოში კუთხური პოლიტიკური კულტურა - ვიღაცა ვიღაცის უბნელია ან მისი რეგიონიდან არის და ამიტომაც აძლევენ ხმას. ბიძინა ივანიშვილს ხმა მისცეს საჩხერის რაიონში, ჭორვილაში მოსახლეობის 90%-ზე მეტმა.

„ბევრი პრობლემაა, რისი საფუძველიც არის პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა. ეს მეც მეხება, მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ.

„შესაძლებელია განსხვავებული პოლიტიკური ველი მივიღოთ არჩევნების წინ, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება" წინასწარ გამიზნული ქმედებების, ან ხანდახან უმოქმედობის გამო უშვებს შეცდომებს და მისი რეიტინგი ეცემა. ამიტომაც, ბუნებრივია, უკვე 2024 წელს ძალიან გაუჭირდება ამ არჩევნებში გამარჯვება თუ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად.

„მეორე მხრივ შესაძლებელია ოპოზიციური პარტიების რეიტინგი გაიზარდოს, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რა საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს ერთი მხრივ „ქართული ოცნება" და მეორე მხრივ ოპოზიციური პარტიები, რომ თავის მხარეს გადაიბირონ ამომრჩეველთა დაახლოებით 45-50%, ანუ ის ამომრჩეველი, რომელიც ჯერ კიდევ მერყეობს და რომელიც აპირებს არჩევნებზე წასვლას, სოციოლოგიურ გამოკითხვებს თუ დავუკვირდებით, მათ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება. თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერენ მხარს" -განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×