ნაზი ბერიძე
14.08.2023

14 აგვისტოს სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. შოვის ტრაგედიიდან 12 დღის შემდეგ სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. შესამოწმებელი ტერტორიის 26%-ია დარჩენილი. ხელისუფლება ძიებას ახანგრძლივებს, ვიდრე არის თეორიული შანსი ვინმე დაკარგული იპოვონ, ოპოზიციის მხრიდან კი კვლავ კრიტიკა ისმის.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტი. ამ დროისთვის, შოვში სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ვიდრე იარსებებს თუნდაც თეორიული მცირე შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ტექნიკის და ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებში".

მისივე თქმით, სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი დამუშავებულია და დარჩენილია 25-26%.

„ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, რომელსაც მინისტრი ატარებდა, ამ დილითაც გაგრძელდა თათბირი და მინისტრისგან მიიღეთ დავალებები თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი. გარდა ამისა, მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილი რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები.

ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა „ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი, სადაც ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა 3 ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. ასევე, მინდა დავამატო ინფორმაცია, სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი დამუშავებულია, დარჩენილია 25-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ 2 დღის განმავლობაში სრულიად გადავამოწმებთ. მუშაობა არ წყდება.

დღეს კიდევ შევხვდებით მინისტრს, არის რაღაც ნიუანსები, რასაც მოვახსენებთ მინისტრს და გადავიგეგმებით გარკვეული სტრატეგიის მიმართულებით და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გეტყვით.

ვიდრე იარსებებს თუნდაც თეორიული მცირე შანსი აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ტექნიკის და ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებში", -განაცხადა მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვში სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი. მინისტრის თქმით, ძიების შედეგად იპოვეს მანქანა, რომელიც ცარიელია. მისი თქმით, მანქანის მეპატრონეები დაკარგულებად ითვლებიან და მიმდინარეობს მათი ძიება.

„თათბირი ჩავატარეთ, კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა. ეპიცენტრში დარჩა, დაახლოებით, 26%, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიახლე, ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა, თუმცა მისი პატრონები დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. ეს რომ დამთავრდება, დაიგეგმა შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, რა სამუშაოები - მდინარის პირას და მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება,"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიასთან განმარტა, თუ რატომ არ იქნა მიღებული ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის ღამეს, სამაშველო სამუშაოებში ვეტმფრენების ჩართვის გადაწყვეტილება.

„მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათ, ვინც გუშინ უაზრო განცხადებები აკეთეს. ვეტმფრენი ჩამოვიდა დღისით, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც შუაში კუნძულზე მოხვდნენ. ამასთან ერთად მუშაობდა 5-6 სითბური დრონი, რომლებიც ბევრად უკეთესად ხედავს. ეს არის მაღალი თანამედროვე ტექნოლოგიური დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია. მუშაობდნენ მაღალ და დაბალ სიმაღლეებზე.

კითხვას ვსვამ, ვეტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით? დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ.

ვეტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმაც რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ აუცილებლად. ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული ან ჩაფლული, ვინც გამოვიდნენ და განცხადებები აკეთეს დღესაც ვერ გაიგებენ დარწმუნებული ვარ, დღესაც გამოვლენ და იმავეს გაიმეორებენ. მე ვუხსნი ხალხს ამ შემთხვევაში რომ ხალხმა გაიგოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ დაღამდებოდა, 2 საათით ადრე ვეტმფრენებმა იმუშავეს, გამოიყვანეს ხალხი, ის 140 ადამიანი იყო უსაფრთხოდ, მათთან იყვნენ ჩვენი პოლიციელები, მაშველები, საკვები და წყალი აიტანეს და არ იყო იმის აუცილებლობა რომ გაგვერისკა ბავშვების ღამით ვეტმფრენში აყვანა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თუ შოვის სტიქიის დროს ვეტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ ვყიდულობთ საერთოდ სამაშველო ვეტმფრენებს?! - ხელისუფლების მხრიდან კეთდება არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანობისგან შორს მდგომი განცხადებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ამ კონტექსტში ჩიხლაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზეც და მის დადებით ეფექტებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" პოზიციის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით პარლამენტში საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება.

„არა თუ კითხვებზე პასუხების გაცემა, ლეგიტიმური კითხვების დასმაც კი აღიზიანებთ, რადგან მხოლოდ კითხვებიც კი აშიშვლებს მათ ბრალეულობას, რომ სათანადოდ მომზადებული არ იყვნენ, ადამიანებს დროული, ეფექტური დახმარება არ აღმოუჩინეს. გამოჩნდა, რომ სისტემის ყველა რგოლი ჩამოშლილია და ერთმანეთთან კოორდინაციაში არ იმყოფება.

ნებისმიერი გაიდლაინის მიხედვით, კრიტიკულია პირველი 5-8 საათი. როდესაც ღამის ხედვის საშუალებას პირველ ღამეს არ იყენებ, მეორე და მესამე ღამეს მის გამოყენებას რა ლოგიკა აქვს?! - თუ პირველ ღამეს მისი გამოყენების საჭიროება არ არის, მომდევნო ღამეს ადამიანების აღმოჩენის მეტი შანსია?!

ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ გვქონდა ვეტმფრენები და არ გამოვიყენეთ, ვიღაც ამბობს რომ საერთოდ არ გვყავს და საჭირო არც ყოფილა- ეს არის არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანებისგან შორს მდგომი განცხადებები,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×