
რა შანსი აქვს საქართველოს მიაღწიოს დეოკუპაციას და ისტორიული სამართლიანობის აღდგენას - რა სახის გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა უნდა შეუწყოს ამას ხელი.
„31 წელია, რაც ქართულ სახელმწიფოს მოწყვეტილი აქვს თავისი ძირძველი მიწა. საქართველო აგრძელებს ბრძოლას საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, თავისუფლებისა და წინსვლისთვის, ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მალე მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს-აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ოცდათერთმეტი წლის წინ დატრიალებული ტრაგედია ეს არის ათასობით ადამიანის პირადი ტრაგედია, ქვეყნის თავს დამტყდარი უდიდესი განსაცდელი და ჩვენი სამშობლოს წინაშე დამდგარი უმძიმესი რეალობა, რომელსაც ვერასდროს შევეგუებით. ჩვენი მიზანი უცხადესია-ვიაროთ იმ გზით, რომელიც ჩვენი ძმების გულებისკენ მიდის. მშვიდობით, სიყვარულით და პატიებით შევძლოთ ჩვენი სამშობლოსთვის იარების მოშუშება, ერთად სიარული და ერთად შენება, კვლავინდებურად ლაღი და ღირსეული თანაცხოვრება, ეს არის დღეს ჩვენი ეროვნული ამოცანა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება და 14 აგვისტო საქართველოს ისტორიის ფურცლად იქცევა, ჭკუის სასწავლებელ ფურცლად. ჩვენი ვალია, ეს ტრაგიკული ფურცელი გადავფურცლოთ, რათა მომავალ თაობებს აფხაზეთის ხსენებისას ტკივილის ნაცვლად გამარჯვებისა და აღმშენებლობის სიხარული ეუფლებოდეს",-წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საქართველოს ხელისუფლებას აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.
„რომ არა რუსეთის ფედერაცია, რომელიც აქეზებდა აფხაზ სეპარატისტებს და აიარაღებდა ჩრდილოეთ კავკასიელ ბოევიკებს, ბუნებრივია, საქართველო ამ შემთხვევაში შეძლებდა აფხაზეთზე კონტროლის შენარჩუნებას.
„რაც შეეხება მშვიდობიან პოლიტიკას, რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს საქართველომ - პირველი: საერთაშორისო საზოგადოებას მოსთხოვოს, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის წინაპირობა უნდა იყოს არა მხოლოდ რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, არამედ ასევე, საქართველოს და თუნდაც იგივე მოლდოვის ტერიტორიის დეოკუპაცია. სანამ ეს არ მოხდება რუსეთს არანაირი სანქცია არ უნდა მოეხსნას. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ეს ეკონომიკური შეზღუდვები და ზეწოლა გაგრძელდა, რუსეთი ეკონომიკურად თანდათან დასუსტდება და შეიქმნება წინაპირობა, რომ მოსკოვი იყოს უფრო დამთმობი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხთან დაკავშირებით.
„მეორე: საქრთველო უნდა გაძლიერდეს ეკონომიკურად. ამისთვის საჭიროა პროევროპული ინტეგრაციის გაძლიერება და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო უფრო მეტად იქნება მიმზიდველი იქნება აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის საინფორმაციო პოლიტიკა, ანუ ჩვენი მხრიდან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, უნდა მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ისტორიასთან დაკავშირებით.
„იქ რუსეთმა განახორციელა თავისი დეზინფორმაციული პოლიტიკა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არწმუნებს ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი არასდროს არ ყოფილა საქართველოს შემადგენელი ნაწილი და მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა პერიოდში შეიყვანეს ეს ტერიტორიები სტალინმა და ბერიამ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში.
„პლუს, არ არის გამორიცხული რომ დამყარდეს პირდაპირი კონტაქტები აფხაზ და ოს შესაბამის სტრუქტურებთან, იმიტომ რომ დღეს ვიცით რომ ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში საქართველო რუსეთს აღიარებს მოლაპარაკების მხარედ და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ვერანაირად ვერ იქნება მოლაპარაკების მხარე, იმიტომ რომ კონსტრუქციულ პოზიციას ვერ გამოავლენს. ამიტომ შესაძლებელია რაღაცა კავშირების გამონახვა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან. ჯერ სამოქალაქო საზოგადოებასთან, და არა დეფაქტო ხელისუფლებასთან. მაგრამ, რაღაცა კონტაქტების ძიება ალბათ არის საჭირო.
„ასევე უნდა შემუშავდეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მომავალიო სამართლებრივი სტატუსი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში და რა შეიძლება შევთავაზოთ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. რა ტიპის ფართო ავტონომია ექნება საქართველოს შემადგენლობაში. შეიძლება განხილულ იქნეს სამართლებრივი, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური საკითხები.
„რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ვიტარებას, რუსეთი როგორც ერთ-ერთი გეოპოლიტიკური ძალა და გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, იმდენად უნდა დასუსტდეს რომ მას არ შეეძლოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მფარველობა, შესაბამისად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ნაკლებად იქნება რუსეთზე დამოკიდებული, ამ შემთხვევაში მას უფრო მეტი ინტერესი ექნება რომ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიასთან დაამყარონ კონტაქტი.
„აუცილებელია ასევე დასავლეთის გაძლიერება, თავისი გეოპოლიტიკური გავლენის ზრდა მსოფლიოში და პირველ რიგში შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის კავკასიის რეგიონში" - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" დეოკუპაციის მთავარ გარანტიად მიიჩნევს ოს და აფხაზ ხალხთან დიალოგს პოლიტიკურ საკითხებზე.
„ხელისუფლება არაერთხელ იმეორებს მშვიდობიან თანმიმდევრულ პოლიტიკას, მაგრამ სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა არის ეს მშვიდობიანი პოლიტიკა. დღემდე „ქართული ოცნება" იყენებს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დატოვებულ კონცეფციას კონფლიქტის მოგვარებისას, რომელიც საბოლოოდ მიღებულ იქნა 2010 წელს. როგორც ამ სფეროს სპეციალისტი, ველოდები როდის მიიღებს საქართველოს ხელისუფლება ახალ კონცეფციას კონფლიქტების მოგვარებაზე.
„ახალი დეოკუპაციის კონცეფცია უნდა იყოს მიმართული აფხაზურ და ოსულ საზოგადოებებზე და მათი დაინტერესება უნდა მოხდეს თუ როგორ სახელმწიფოს სთავაზობს მათ საქართველო. დემოკრატიულ საქართველოს სთავაზობს თუ ევროკავშირის წევრ საქართველოს, ნატოს წევრს საქართველოს, თუ ჩინეთთან დამეგობრებულ სტრატეგიულ სახელმწიფოს სთავაზობს? როგორი ურთიერთობა ექნება რუსეთთან?
„რუსეთის ჯარები უნდა გაყვანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიიდან თუ არა და როგორ ველაპარაკებით ჩვენ აფხაზებს ასეთ დროს, როცა რუსეთი გაიყვანს ჯარს მისივე ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად. როგორ იქნება ჩართული აქ რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ სამშვიდობო ძალები უცხოეთიდან.
„თუ როგორი სახელმწიფო იქნება საქართველო, როცა ის ხედავს აფხაზებს და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში - ეს არის ფედერაციული მოწყობა, თუ როგორ არის გადანაწილებული უფლებამოსილებები, სწორედ ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი.
„დეოკუპაციის მიღწვა შეიძლება პირველ რიგში შერიგებით, უნდა ვიპოვოთ კონტაქტები სოხუმთან და ცხინვალთან. თუ აღვადგინეთ ურთიერთოებები აფხაზებთან და ოსებთან, მეორე ნაბიჯი შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური ცვლილებები - რუსეთმა ვერ უნდა მიაღწიოს წარმატებას უკრაინაში და უნდა გააგრძელოს მსოფლიომ რუსეთის ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოქცევა" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.