
ერთ კვირაზე მეტი გავიდა, რაც შოვში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და კვლავ ისმება კითხვები - შესაძლებელი იყო თუ არა ამ სტიქიის თავიდან აცილება. ადგილზე დაახლოებით, 2 მილიონ კუბამეტრზე მეტი მიწის მასაა ჩამოშლილი. ამ ეტაპზე 24 ადამინის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 9 დაკარგულს კვლავ ეძებენ.
112-ში კურორტიდან დახმარების ზარი 3 აგვისტოს შუადღის საათებში შევიდა. დამსვენებლები შველას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ კურორტს თავს წარმოუდგენლად დიდი სტიქია დაატყდა და ისინი რამდენიმე მეტრიან ტალახში გადარჩენას ცდილობდნენ. საბოლოო ჯამში კი ვერტფრენის საშუალებით გადარჩენილების ევაკუაცია მოხდა, ხოლო დაღუპულების სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
ბევრი ექსპერტული მოსაზრების და დასკვნების გაკეთების პარალელურად კი კეთდება პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებები ხელისუფლების მისამართით. რა მოხდა შოვში, რატომ განვითარდა სტიქიური პროცესები ასე სწრაფად და შესძლებელი იყო თუ არა ამხელა დანაკარგის თავიდან აცილება?
დარგის სპეციალისტები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ამ მასშტაბის სტიქია საქართველოს არ ახსოვს. ის ხუთმა თანმხვედრმა პროცესმა გამოიწვია. ხოლო მისი პროგნოზირება ძალიან რთული იყო.
რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შოვის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებამ უკვე უარით უპასუხა. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღება საგამოძიებო კომისიის შემქნის გარეშეც შეუძლია. მათი ინიციატივა კი ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება.
ბოლო ცნობები
შოვში სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე 54 კილომეტრის პერიმეტრზე მიმდინარეობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც. ამ ჟამად სტიქიის ზონაში 9 დაკარგულს ეძებენ. გაფართოვდა სამძებრო სამაშველო ოპერაციის არეალი. ტერიტორია ამბროლაურის აეროპორტამდე გაიზარდა. ნაპოვნია 24 ცხედარი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, 4-ზე კი დნმ-ის პასუხებს ელოდებიან.
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში უკვე კვირაზე მეტია აქტიურად არიან ჩართულები ძებნა-შველის სამუშაოებში. მე-3 ქვეითი ბრიგადის, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამძებრო სამუშაოებს ათ ლოკაციაზე განაგრძობს.
სამხედროები გაშლილები არიან კოტეჯების ტერიტორიასა და მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და მაშველები ძებნა-შველის სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკისა და საშუალებების მხარდაჭერით ასრულებენ.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მეხანძრე-მაშველები, ჯარისკაცები. სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან წითელი ჯვრის წარმომადგენლები და მოხალისეები. ხეობაში სამძებრო არეალის გაფართოებასთან ერთად, დამატებით, მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.
შოვში, სტიქიური უბედურების დროს დაღუპული და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები კი შაბათს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ონის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა.
მდინარე ბუბის კალაპოტში, ქვათაცვენის გამო სამუშაოები რამდენიმე საათით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება განახლდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს რაჭის გუბერნატორმა მიაწოდა. ადგილზე არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უკვე გაეცნენ. გეოლოგები განმარტავენ, რომ მასშტაბური სტიქიების შემდეგ ეს ბუნებრივი მოვლენაა და საფრთხეს არ წარმოადგენს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია.
„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა- არის 24 ადამიანი დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ გაწეული სამუშაოსთვის.
„მოქალაქეების ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობებს. „წითელი ჯვრის“ საშუალებით ეს საკითხი დარეგულირდა და ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები ლოჯისტიკური კუთხით გვეხმარებიან როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
5 ფაქტორი, რომელთა ერთობლიობამაც ტრაგედია გამოიწვია
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ორგანიზაციის „საქართველო მწვანეები - დედამიწის მეგობრობი“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „მთელ კვირასთან“ ამბობს, რომ შოვის ტრაგედია ერთდროულად რამდენიმე ბუნებრივმა მოვლენამ გამოიწვია. ჩხობაძე აცხადებს, რომ ეს იყო ღვარცოფი, რომელიც კლდე-ზვავის, მყინვარის მოწყვეტის, ეროზიული პროცესის და მეტეოროლოგიური პროცესის, ანუ წვიმის შედეგად განვითარდა. ამიტომ მისი პროგნოზირება რთულია, თუმცა შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მსხვერპლი იმაზე ნაკლები ყოფილიყო, ვიდრე ახლა გვაქვს.
„სამწუხაროდ, მოვლენები, რომელიც რაჭაში განვითარდა, ერთდროულად 5 ფაქტორის დამთხვევის შედეგია. ასეთ დროს ძალიან ძნელია განსაზღვრო, რომელი იყო პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. ჩვენ შეგვიძლია დასკვნების გმოტანა მხოლოდ თვითმხილველების ნაამბობიდან და ასევე იმ ჩამოტანლი მასალიდან, რაც სტიქიის დროს მთიდან იქნა ჩამოშლილი.
„გადარჩენილები ყვებიან, რომ ტალახს წარმოუდგენლი სიცივე მოჰყვებოდა. ეს კი ნიშნავს, რომ მყინვარმა წამოიღო წყალი, რომელიც მის ქვეშ იყო დაგუბებული. სიცივე აქედან მოდის და ასევე იმ მოწყვეტილი და დამდნარი მყინვარიდან, რომელმაც შემდეგ ამხელა მასა ჩამოიტანა“, - ამბობს ყოფილი მინისტრი „რეზონანსთან“.
რას შეცვლიდა კურორტზე ადრეული შეტყობინების სისტემა და ევაკუაციის გეგმა
მისივე თქმით, ტრაგედიის წინა დღეს და მანამდეც რაჭაში, სწორედ ამ ადგილას ძალიან დიდი ელვა და ძლიერი წვიმა ფიქსირდება, რომელიც კურორტის ზედა ნაწილში განვითარდა. თავად ბუბას ხეობა კი დიდი დახრილობით გამოირჩევა და ამიტომაც შეგროვებული ღვარცოფის ნაკადი დაქანებულ რელიეფზე ძალიან დიდი სისწრფით წამოვიდა. ეს ყველაფერი კი მაქსიმუმ ნახევარ საათში მოხდა.
„ყველა შენაკადი, რეომელიც მდინარე ბუბაში მიედინება, უკვე ადიდებული იყო და ამხელა ნალექი იმიტომ იყო წამოსული. რაც შეეხება დასკვნაში მოცემულ 8-დან 10 წუთამდე პორცესების განვითარებას, კი, ბატონო, ასეთი სისწრაფით მოვლენები ნამდვილად განვითარდებოდა.
„მუდმივად ისმის კითხვები იმის შესახებ, მოასწრებდა თუ არა ამ დროის განმავლობაში ადამიანი გაქცევას და თავის შველას. კი, ბატონო, მოასწრებდა და ვნახეთ - რამდენი ადამიანი გადარჩა, რომელსაც გაუმართლა და სწორი მიმართულებით გაიქცა. აქ ამაზეა საუბარი, რომ თუკი ადამიანმა იცის საით უნდა გაიქცეს, ასეთ შემთხვევაში გადარჩებოდა. ხოლო თუ მას არ აქვს შესაბამისი ინსტრუქტაჟი - ეს საფრთხე საიდან მოდის, საით არის გაქცევა უსაფრთხო და თუ ვინმე არ ყვირის „გაიქეცით აქეთ“ ან „იქით“, უცებ შეიძლება ადამიანი გაშეშდეს და სწორედ ეს წამებია გადამწყვეტი.
„ამიტომ, თუ ასეთ ტურისტულ ადგილას იქნებოდა ევაკუაციის სისტემა და შეტყობინების სენსორები, რომლითაც იქ მყოფი ადამიანები რამდენიმე წამს მოიგებდნენ და მიხვდებოდნენ, რომ საფრთხე უახლოვდებოდათ, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა პორეცესები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ასეთი რამის პროგნოზირება ძალიან რთულია“, - ამბობს ჩხობაძე „მთელ კვირასთან“.
მისივე თქმით, გაფრთხილების მოწყობილობა საქართველოს ყველა მდინარეზე არ გვაქვს დაყენებული. ეს მხოლოდ ორ ადგილას - დევდორაკის და ვერეს ხეობაზე გვაქვს. ჩხობაძე ამბობს, რომ შეტყობინების სისტემის არსებობა ყველა მსგავს კურორტზეა აუცილებელია, თუმცა ეს საკმაოდ ძვირია. ამიტომ მხოლოდ საკურორტო ადგილებში მაინც უნდა იდგეს, რომ მსგავსი უბედურება თავიდან ავიცილოთ.
პოლიტიკური რეაქციები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ხელსიუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა რესურს გამოიყენა. მისივე თქმით, ყველა სპეციალისტი ერთხმად ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, ხოლო ოპოზიცია, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
„სამწუხაროდ, შოვის ტრაგედია არის შემთხვევა, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო. კი, ბატონო, მიდის დავა იმაზე, რომ თუკი იქნებოდა შეტყობინების სისტემები დამონტაჟებული, ასეთ შემთხვევაში მსხვერპლი ნაკლები შესაძლებელია ყოფილიყო, მაგრამ ეს სისტემა სტიქიას ხომ ვერ აგვაცილებდა თავიდან?! ამიტომ ოპოზიცია ცდილობს რაღაც ისეთ თემებს ჩაეჭიდოს, რომელზეც საზოგადოებას მძაფრი რეაქცია აქვს და ამით პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას.
„რაჭის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობენ. არადა ხელისუფლება ყველა მიმართულებით გამჭვირვალეა. ოპოზიციას თავისუფლად შეუძლია ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს - გამოითხოვოს დოკუმენტები, მოახდინოს მოკვლევა და ა.შ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოსაც“, რომელიც ენმ-ს ეჯიბრება რადიკალური განცხადებებით, თავისი ინტერესი აქვთ და ეს ახალი არ არის. ეს პარტიები მუდმივად ცდილობენ, რომ ხალხისთვის სენსიტიური თემებით პოლიტიკური სპეკულაციები გამართონ“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ოპოზიცია ახლა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ჩაებღაუჭა და იქიდან რაღაცის გამოდნობას ცდდილობს. საყვარელიძის აზრით. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამაზე დათანხმდება, რადგან საზოგადოებამ დაინახოს, რომ მართალები არიან.