თამთა ჩაჩანიძე
11.08.2023

სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, ცხედარი რიონის კალაპოტშია აღმოჩენილი, სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ის მოშორებით. ასევე ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და დარჩენილ 11 დაკარგულზე საძიებო სამუშაოები მიდის. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, აქტიური სამუშაოების დროს აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშებიც.

შოვში სამაშველო სამუშაოები უკვე 9 დღეა მიდის და როგორც შესაბამისი სამსახურები აცხადებენ, იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისი, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის მონიტორინგს 30 კმ-ის არეალში გადიან, თუმცა პერიმეტრის გაზრდაზე მსჯელობენ და დღის ბოლომდე, ან შაბათის დილიდან 54 კმ-იან პერიმეტრზე გავლენ სამაშველო ჯგუფები.

„აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები. მინდა დავამატო ინფორმაცია, რომ დღეს რაც ხდება მონიტორინგი მდინარეზე - ეს პირველივე დღიდან ხორციელდება, თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უკვე პერიმეტრის გაზრდაზე. ჩვენ ამ დრომდე 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგზე, თუმცა დღის ბოლომდე, ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მრებრიშვილის განცხადებით, პარასკევს აღმოჩენილი ცხედარი წყალს არ გამოურიყავს.

„წყალს არ გამოურიყავს, ეს მონიტორინგის შედეგია, სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ის მოშორებითაა ნაპოვნი, ქვედა კიდური კი 24 კმ-ის მოცილებით. აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია, მდინარე მეტ-ნაკლებად უკვე დაწეულია, შესაბამისად, რიონის კალაპოტში პატარა კუნძულები გამოჩნდა, სადაც დიდი რაოდენობით ინერტული მასალაა მოგროვილი, მორები და ამ ყველაფრის გადამოწმებით ეს შედეგი მივიღეთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მონიტორინგი იქამდე იქნება, ვიდრე საძიებო სამუშაოებს ვაწარმოებთ და ეს იქნება 54კმ-იანი პერიმეტრი",-განაცხადა მან.

მღებრიშვილის განცხადებით, მდინარე რიონს ჩქარი დინება აქვს და იმ ლოკაციებზე, სადაც ფეხით გადასვლა შეუძლებელია ნავებს იყენებენ.

„ძალიან ჩქარი დინებაა, მდინარის კაპალოტში კონკრეტულ ლოკაციებზე ფეხით გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ნავების ჩართულობა და ნავების საშუალებით იმ ე.წ. კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე გავდივართ. მდინარე კლდის ძირში გადის და ფეხით იქ მიუდგომელია.

„ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად ვმუშაობთ, აღმოჩენილია შინაური ცხოველის ლეშები, კალაპოტიდან მათი ამოღება მიდის და შესაბამისად ეს უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა, ეს ცალკე პროცედურებია და მაგას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას",-განაცხადა მღებრიშვილმა.

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ონში, სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მანქანების ნაწილი გამოყვანილია და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

„სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, 21 მოქალაქეა დაღუპული, მათგან 19 არის იდენტიფიცირებული და 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანების გარკვეული ნაწილი გამოყვანილია, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. გაფართოვდა სამძებრო არეალი, მათ შორის სამძებრო სამუშაოებია მდინარე ჭანჭახის ხეობაში", - განაცხადა ონის მერმა.

ამასთან, როგორც სერგო ხიდეშელმა აღნიშნა, დღეს ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტიქიის შედეგად დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვილი ჩატარდება. მისივე განცხადებით, დაღუპული მოქალაქეების გამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს ონის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახის ახლობლებს, მთელ ქვეყანას. სამოქალაქო პანაშვიდები დღეს დაიწყება. ჩვენ, ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებთან. პანაშვიდები იქნება როგორც ონის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, ისე ონის კულტურის სახლში", - განაცხადა ხიდეშელმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ სამინისტრომ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები მიიღო, რომელიც ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.

მისი თქმით, ერთი ფოტო გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ჩანს, რომ რაიმე ტიპის ცვლილებას ადგილი არ აქვს, ხოლო მეორე ფოტო სტიქიის შემდგომ არის გადაღებული და დასტურდება, რომ სტიქია დაიწყო კლდეზვავის ჩამოშლით და შემდგომ, უკვე მყინვარის მოწყვეტით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის მიხედვით კი 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც დოკუმეტში წერია, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.

შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული: მუხლი 116-ე სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და მუხლი 240-ე სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილის განცხადებით, საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×