ია აბულაშვილი
11.08.2023

პრობლემაა, რომ ეს დარგი მთლიანად დანგრეულია, არადა, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვიყავით ამ მიმართულებით - მიშას დროს განადგურდა გეოლოგია, ფიზიკა და მათემატიკა, დაიხურა კვლევითი ინსტიტუტები, 45 სამეცნიერო ინსტიტუტი დაიხურა, ლაბორატორიები აღარ არსებობს, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა „რეზონანსთან" რაჭის ტრაგედიაზე საუბრისას.

„რეზონანსი": რაჭის ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. დაკარგულ ადამიანებს ჩამოწოლილი მეწყერის მიმდებარედ სხვადასხვა ლოკაციაზე ეძებენ. ბუნებურივია, საზოგადოებაში არის მაღალი ინტერესი სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებით. ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა უფრო პოლიტიკური მიზანია, ვიდრე - რეალური საქმის გამოძიების სურვილი. თქვენ როგორ შეაფასებდით შოვში დატრიალებულ ტრაგედიას?

იგორ კვესელავა: გლობალური დათბობის პროცესი მთელ მსოფლიოში დაწყებულია, საქართველო კი ამ თვალსაზრისით აქტიურ ზონაშია. როდესაც ასეთი ბუნებრივი აფეთქებები ხდება, სახელმწიფო მზად უნდა იყოს და წინასწარ უნდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებები. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, ეს გზა საქართველოში ვერც ერთი ხელისუფლების დროს ვერ გამოჩნდა. აუცილებელია, როცა ასეთ ზონაშია შენი ქვეყანა, აღჭურვილი იყო თანამედროვე ტექნიკითა და ყველა რესურსით, რომ ისეთი შედეგი არ მიიღო, როგორიც რაჭაში მოხდა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომიისის შექმნაზე, ეს ლეგიტიმურად მიმაჩნია. ოპოზიცია და პოზიციაც ერთად უნდა დასხდნენ ამ თემებზე სასაუბროდ. ახლა რომ ლაპარაკობს ოპოზიცია დარღვევებზე, აქამდე სად იყვნენ? ადრე რატომ არ ატეხეს განგაში, რატომ არ დადეს დოკუმენტები? ოპოზიცია ყველა მეთოდით ებრძვის ხელისუფლებას, რადგან მისი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი. როგორც ჩანს, არავის ბრალი არ ყოფილა, მარტო ბუნების ბრალია.

პრობლემაა ისიც, რომ ეს დარგი მთლიანად დანგრეულია, არადა, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვიყავით ამ მიმართულებით. მიშას დროს განადგურდა გეოლოგია, ფიზიკა და მათემატიკა, დაიხურა კვლევითი ინსტიტუტები - 45 სამეცნიერო ინსტიტუტი დაიხურა, ლაბორატორიები აღარ არსებობს. მე და მიშა ძალიან ცუდად დავშორდით - ბათუმში ერთ-ერთ შეხვედრაზე მე მას ვუთხარი, რომ საქართველოში განათლება და მეცნიერება განადგურებულია. ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტიც იყო, სამთო გეოლოგიისაც... სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კვლევითი ცენტრები, ქვეყანა უნდა აღიჭურვოს უახლესი ტექნიკით, უნდა გვქონდეს მორიგე ვერტმფრენები. გარემოს დაცვის სამინისტროს სამართლის სპეციალისტები კი არა, დარგის სპეციალისტები უნდა ხელმძღვანელობდნენ.

„რ": ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის მომზადება დაიწყო და დოკუმენტი ოქტომბერში იქნება მზად. წინასწარი ინფორმაციით, გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

ი.კ: დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ შეიძლება, კანდიდატის მოპოვების შანსი გაიზარდოს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლები და ერთმა ქვეყანამ უარყოფითი მოსაზრება რომ გამოთქვას, სტატუსს ვერ მივიღებთ. არ გამოვრიცხავ, რომ, თუ საქართველოს მიენიჭა სტატუსი, ეს იქნება გარკვეული დათქმებით. მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ევროკავშირი კანდადატის სტატუსს მიანიჭებს ქართველ ხალხს და არა - ხელისუფლებას.

„რ": ოპოზიციაში გადაჯგუფებამ სტარტი უკვე აიღო და პირველი ალიანსიც შედგა. როგორ სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად და როგორ დალაგდება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ხმაურიანი შემოდგომა ხომ არ გველოდება?

ი.კ: ოპოზიცია ზნეს არ შეიცვლის და დადგება იმ გზაზე, რომელიც მისთვის მომგებიანი იქნება, შეიძლება, ეს იყოს დემონტრაციები და ხმაურიც. მათ აქვს ორი გაზა - საბრძოლო სულისკვეთება და მშიდობიანად პროცესების წარმართვა. ოპოზიცია აუცილებლად გამოიყენებს ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს თავის სასარგებლოდ. იქნება პარტიებს შორის გადაჯგუფება, გახარია არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გაურიგდება, დარწმუნებული ვარ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", პარტია ორად გაიყოფა. დიდია ალბათობაა გვარმიასა და მელიას თანამშრომლობისა. ეს ორივე ჯგუფი ცალ-ცალკე გადალახავს 5%-იან ბარიერს. ახალი პოლიტიკური ძალაც შეიქმნება, პრინციპში, ის უკვე შექმნილია - ყიფიანის გუნდი. „ქართული ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 51%-ს ვერ აიღებს, ეს წარმოუდგენელია, ამიტომ ყველა გზა მიდის იქითკენ, რომ შეიქმნება კოალიციური მთავრობა, რასაც მხარს უჭერს დასავლეთიც. კოალიციური მთავრობა უნდა აწყობდეს ოპოზიციასაც, პარლამენტსა და მთავრობაში მაინც იქნებიან. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გადარჩენის გზა არის კოალიციური მთავრობა, რომელიც ქვეყანაში დაძაბულობას მოხსნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×