
შოვის ტრაგიკულ ამბავს ბევრი გმირი ჰყავს, ერთ-ერთია დავით ჯელაძე, რომელმაც ზურგზე მოკიდებული გადმოიყვანა ბავშვები და სიკვდილს გადაარჩინა. აღნიშნულ ფაქტზე სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე წერს:
„ამ უმაგრეს ადამიანზე ლაპარაკობს დღეს ყველა. ის ცოცხალი გმირია ჩვენს რეალობაში, თუმცა ყველგან წერია რომ მან საკუთარი 6 წლის დისშვილი მაშო გადაარჩინა და ზურგით ატარა. ამ შინაარსის „ნიუსებს“ თან ახლავს მისი ფოტოებიც .ოღონდ ერთია - ამ ფოტოებზე აშკარად არაა მაშო. ფოტოებზე პატარა ბიჭი ჩანს, რომელიც დავით ჯელაძეს ზურგზე ჰყავს მოკიდებული. მეგონებოდა რომ გოგონას ბიჭურად აქვს თმა შეჭრილი, მაგრამ დავით ჯელაძემ საკუთარ ფბ-გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო მაშოსთან ერთად და ბავშვს აშკარად გრძელი, ლამაზი თმები აქვს.
ამით იმის თქმა მინდა, რომ დავით ჯელაძეს მხოლოდ მაშო არ გადაურჩენია როგორც ჩანს. მას ზურგზე აშკარად სხვა ბავშვი ჰყავს შემოსმული და ისიც ტალახში ჩაფლული გზიდან გაჰყავს...
ამაზე კი არსად უსაუბრია. ისტორიაში უკვე დარჩა დავით ჯელაძე როგორც გმირი, რომელმაც პატარა ბავშვები გადაარჩინა...
და კიდევ ერთი მინდა ვთქვა,რაც აქამდე არსად თქმულა-არ ვიცი ვინაა ის ადამიანი ვინც ეს ისტორიული ფოტო გადაიღო და ამით დავით ჯელაძის გმირობა კაცობრიობას შემოუნახა, მაგრამ ჩემთვის ის არანაკლები გმირია. გმირი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ისე რომ თავად არც კი ჩანს - სხვის გმირობაზე გვიყვება და სხვისი გმირობის მტკიცებულებას გვინახავს ადამიანებს. ნეტავ ვისი გადაღებული ფოტოა? გავიცნობდი სიამოვნებით იმ უჩინარ გმირსაც“, - წერს მაკა რაზმაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე