
შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების რადიუსი ათ კილომეტრამდე გააფართოვეს. გუშინ საღამოსთვის ისინი მდინარის ნაპირებზე ახორციელებენ სამძებრო სამუშაოებს. ამავე დროისთვის ოფიციალურად დაღუპული იყო 18 ადამიანი, კიდევ 17-ს ეძებდნენ. სულ სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. ორშაბათი მთელ საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობენ დრონები და სპეცტექნიკა.
გუშინ და გუშინწინ ვრცელდებოდა სულისშემძვრელი ცნობები დაღუპულებისა და დაკარგულების შეასახებ. განსაკუთრებით მძიმეა ის გარემოება, რომ მათ შორის ბევრი ბავშვია. თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა.
„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ ",- განაცხადა ბურჭულაძემ.
„ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში და ამ უბედურების ფონზე, რაც სამწუხაროდ დღეს გვაქვს," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია რა მდგომარეობაა ადგილზე.
„სტიქიის და უბედურების აცილება, არ ვიცი. თქვენ ნახავდით ალბათ, კადრებს სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა, იტალიაში რამდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალდიდობა და უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და ეს უბედურება, შეუძლებელია. მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს", - განაცხადა კალაძემ.
ყველა ინფორმაციასა და მონაცემზე დაყრდნობით შემუშავდა დასკვნა, რომელიც მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს გასცემს. პირველადად შემიძლია ვთქვა, რომ საქმე გვქონდა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
„დასკვნასთან დაკავშირებით პირველადად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრასთან გვქონდა საქმე. კლდეზვაური მასა მოწყდა ხეობაში და გამოიწვია მასშტაბური სტიქიური პროცესი, რომელსაც თან დაერთო ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, კლდეზვაური პროცესის მოწყვეტა ბუნებრივი კლიმატური ცვლილებების ფონზე ხდება და, ბუნებრივია, გარკვეული ნალექების რაოდენობაც დაემატა. ჯამში რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია ის მასშტაბური სტიქია, რაც ვნახეთ. როდესაც საქმე გვაქვს ასეთი ბუნებრივი მოვლენების ერთობლიობასთან, პრაქტიკულად შეუძლებელია მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შემიძლია გავამახვილო ყურადღება", - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
გარდა ამისა, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგურების და წყლის დონის მზომის მონაცემებით არ დასტურდება მოსაზრება, თითქოს ხეობაში სტიქიამდე წყლის შეგუბება მოხდა.
„ბუნებრივია, საზოგადოება დასკვნასთან დაკავშირებით მეტ დეტალს დღეს გაიგებს და ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ, რომ ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას. არის ურთულესი ვითარება, ძალიან მძიმე სტიქიური მოვლენა, რომელიც, სამწუხაროდ, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე ვითარდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომელთა წინასწარ პრგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მეტ დეტალს ამ წუთას ვერ მოგახსენებთ. რაც შემიძლია გითხრათ, ბუნებრივ მოვლენებს აქვთ ერთმანეთთან კავშირი, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მოვლენათა ერთობლიობა ქმნის მასშტაბს სტიქიისას, რაც ვიხილეთ ხეობაში და მიზეზებთან დაკავშირებით ჩვენი სპეციალისტები დეტალურად ისაუბრებენ", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მისი თქმიტ, ამ ეტაპზე ხეობაში მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას არ ელოდებიან.
„მწვანე ალტერნატივა" შოვში არსებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ორგანიზაცია განმარტებას აკეთებს მათ მიერ 2023 წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენზე - საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის.
განცხადების თანახმად, სხვადასხვა წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენებში შოვისათვის საფრთხის შემცველად იდენტიფიცირებულია მდინარე ჭანჭახი და მისი სხვადასხვა შენაკადი. შესაბამისად ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგის გაძლიერების, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემის დანერგვის და კურორტ შოვიდან მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი.
„ბიულეტენის თანახმად, გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან 2021 წლის ჩათვლით ჩატარებული სხვადასხვა მასშტაბის კვლევების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი 257 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 83 დასახლება. ონის მუნიციპალიტეტის სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების რუკის თანახმად, შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება.
ამავე ბიულეტენის თანახმად, გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულია სოფელი გლოლა, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდ. დღვიორას ხეობაში განვითარებული ღვარცოფული პროცესები, რომელიც საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
კურორტი შოვისათვის გეოლოგიური საშიშროების რისკის მაღალი კატეგორიის მინიჭება არ მომხდარა მხოლოდ 2021 წელს მდ. დღვიორას მიერ შექმნილი პრობლემების გამო.
სხვადასხვა წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენებში შოვისათვის საფრთხის შემცველად იდენტიფიცირებულია მდ. ჭანჭახი და მისი სხვადასხვა შენაკადი. ასე, მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წლის გეოლოგიურ ბიულეტენში, სადაც ასევე მაღალი რისკის ზონად არის განსაზღვრული კურორტი შოვი, საფრთხედ მდ. დღვიორასთან ერთად დასახელებულია მდ. ჭანჭახის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადიც:
მდ. ჭანჭახის შენაკად მდ. ბუბასთან დაკავშირებულ სტიქიურ მოვლენაზე და მისგან კურორტ შოვისთვის შექმნილ პრობლემაზე 2017 წლის 7 ივლისს ვიდეო გამოაქვეყნა ონის მუნიციპალიტეტის მერიამაც.
მიგვაჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგის გაძლიერების, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემის დანერგვის და შესაბამისი სტრუქტურების მიერ კურორტ შოვიდან მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი. ეს კი, თავის მხრივ, იქნებოდა 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე უფრო დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების გარანტი", - აღნიშნულია განცხადებაში.
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა," - წერს სოცქსელში გეოლოგი ლევან ტიელიძეს. მისი ინფორმაციით, ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა.
„ახლად მოპოვებულ სატელიტურ სურათზე რომელიც გადაღებულია 5 აგვისტოს ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა. კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე. ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია მუდმივ მზრალობასთან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფერდობები რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე ექვემდებარება სეზონურობას. ე.ი. განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს. ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს: 1) თავისით, 2) წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად, 3) მცირედი მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაშიც (რასაც დამატებით მონაცემები და კვლევა სჭირდება)" - წერს ლევან ტიელიძე.