ნაზი ბერიძე
06.08.2023

ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში სამაშველო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაშიც მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კინოლოგები, სპეცტექნიკა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალებიც მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციაში.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 12 პირია იდენტიფიცირებული.

„12 -ის იდენტიფიცირება მოხდა. 6 ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი, 6 პოლიციის მიერ არის იდენტიფიცირებული და 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. დნმ-ის ანალიზი აბსოლუტურად ყველაზე კეთდება, ამოცნობის შემთხვევაშიც კი", - დასძინა მან.

6 აგვისტოს მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, დაღუპულთა რაოდენობა 18-ია, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

დაღუპულთაგან ერთ-ერთი ბერიაშვილია - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და ნათქვამია, რომ ცხედარი დედამ ამოიცნო. დავით ბერიაშვილი შოვში გიორგი და სოფო ყარალაშვილებთან ერთად იმყოფებოდა. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

„სურათი არის მძიმე. ყველა უწყება ჩართულია ამ სამუშაოებში. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს აქტიურად. 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება. ასევე მობილიზებული არიან მაშველები, სამხედროები.

„რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს, აჯობებს, ამაზე ისაუბრონ სპეციალისტებმა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა სჯობს, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა ისაუბრონ ამაზე. 18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი. რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ადამიანის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა, შეიძლება, გახდეს საჭირო დაზიანებებიდან გამომდინარე დე-ენ-ემის ანალიზის ჩატარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. რაც შეეხება წყლის დონეს რაზეც იყო უამრავი სპეკულაცია, თითქოს წინა დღეებში იყო მომატებული, მერე ითქვა, რომ საერთოდ არ მოდიოდა, იყო მინიმუმამდე დასული, ეს ყველაფერი გაირკვა, რომ იყო სპეკულაციები. წყალმზომებით იზომება წყლის დონე და არც ერთი წინა დღის განმავლობაში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება. დანარჩენს იტყვიან კომპეტენტური პირები", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც 5 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია.

„მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხავდასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია. იქ ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთხვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები", - განაცხადა აზარაშვილმა.

5 აგვისტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული 15 პირიდან 7-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. მღებრიშვილის თქმითვე, დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

„ამ დროის მონაცემებით, დღეს 4 ცხედარია ნანახი, გადასვენებული არიან პროზექტურაში. საერთო ჯამში, სტიქიის ზონაში 15 ცხედარია მოძიებული და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ერთი და იმავე ლოკაციაზე, ე.წ. კოტეჯის ლოკაციაზე ხდება აღნიშნული ცხედრების მოძიება. დღეს, დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც საშუალებას გვაძლევს, ყველა საჭირო ტექნიკა გადავისროლოთ. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ საძიებო სამუშაოებს. ამ დროისთვის, 7 ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც სიახლეები გვექნება", - განაცხადა მღებრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×