
შოვში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე 16 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. დაღუპული ადამიანების ნაწილის ამოცნობა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. დაკარგულების ახლობლები დღეს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ, რათა მათ ამოეცნოთ ცხედრები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გვამები ისეთი დაზიანებულია, რომ დნმ-ს ნიმუშების აღების და დამატებითი კვლევების გარეშე მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამი დაკარგული ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, მაგრამ ტყუილია, თუ მართალი, არ ვიცი, მე არავინ დამკავშირებია. პროზექტურიდან მოვდივართ, ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს. მე ისინი არ მინახავს, იქ ვერაფრით შევიდოდი, ძალიან დაზიანებულიაო, მითხრეს. ფოტოებსაც ვერ დავხედე, შეუძლებელია ასე გარკვევა. დნმ-ს ანალიზი აგვიღეს და იქნებ ასე შეძლონ მათი ვინაობის დადგენა.
ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედას მდგომარეობა კატასტროფულად რთულია, ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს და ვერავის ცნობს. მამაც ძალიან ცუდადაა, მანქანით დგას შემაღლებულ ადგილას და გამუდმებით ჭოგრიტით ათვალიერებს არემარეს, იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ან ამოიყვანონ.
ეს ამბავი რომ მოხდა, თბილისში ვიყავი, ვმუშაობდი. ჩემი ძმა - გიგი აბიტურიენტია, იურიდიულზე აბარებდა რობაქიძეში და ქულების დადებას ელოდებოდნენ ჩემები. დედას დაურეკეს, რომ კარგი ქულები ჰქონდა, ჩემთან დარეკვა ვეღარ მოახერხეს. ჩემი და - მეგიც რობაქიძის იურიდიულის მაგისტრის კურსდამთავრებულია. დაკარგული დეიდაშვილები ორივე ეკონომისტები არიან - 24 და 20 წლის (სტუდენტია). ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ზაფხულობით ერთად ვატარებთ დროს. მათთან ერთად იყო ჩემი ბიძაშვილი ნატო ჭელიძე სამ პატარა ბავშვთან ერთად, სულ 9 ოჯახის წევრი დავკარგე. ასევე ნათესავი - გენადი სულთანიშვილიც დაკარგულია“- განუცხადა "ამბებს" მარიტა გუტაშვილმა, რომელიც ოჯახის 9 წევრს ამ წუთამდე ეძებს.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე