თამთა ჩაჩანიძე
04.08.2023

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, 30-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ვერ პოულობენ, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, 400-ზე მეტი მაშველი და თავდაცვის ძალები. ადგილზე სიტუაცია მძიმეა, იმ ადამიანების ოჯახის წევრები, ვისთანაც დაკონტაქტება ვერ ხერხდება, სტიქიის ეპიცენტრში შესვლას და შველას ითხოვენ.

ტრაგედიას პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობას მისი თავიდან აცილება შეეძლო, „ოცნების" ოპონენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სამაშველო ოპერაციებისთვის თანამდეროვე ტექნიკის შეძენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. თავად მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ოპოზიცია ტრაგედიაზე სპეკულირებს.

ცხედრების პროზექტურაში გადასვენება მხოლოდ ვერტმფრენით ხერხდება. იმის გამო, რომ ტერიტორია დამეწყრილია, მეხანძრე-მაშველები იძულებულები არიან, გარდაცვლილებს ერთ ლოკაციაზე მოუყარონ თავი და ავიაციას დაელოდონ.

პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში სამუშაოებში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ექვსი ჯგუფი ჩაერთო, მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი. მათი თქმით, ამ ეტაპზე, მსგავსი მასშტაბის პროცესების გამწვავების რისკი არ არსებობს.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, შოვის ლანდშაფტი თითქმის მთლიანად შეცვლილია - დანგრეულია 2 ხიდი, რამდენიმე ათეული კოტეჯი აღარ არსებობს. სტიქიამ სასტუმრო „სანსეტ შოვის" მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაანადგურა.

„შოვი აღარ არის მორჩა, საშინელება ხდება, სახლები და მანქანები ჩამოიტანა მეწყერმა...", - ამბობს ადგილობრივი.

„3 აგვისტოს, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის" მახლობლად მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა.

მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერს ონის მუნიციპალიტეტის მერია „ფეისბუქზე".

მაშველებმა 200-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, ისინი უმძიმესი ღამის დეტალებზე საუბრობენ. ყვებიან, რომ რამდენიმე საათი მეწყერში ჩაფლულებმა გაატარეს.

„გადავრჩით სასწაულებრივად. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში", - წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში. ის ონის საავადმყოფოს პერსონალსა და ადგილობრივებს გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

4 აგვისტოს შუადღისას ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭაში, შოვში სტიქიის ზონა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური არსებულ ვითარებას, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. პრემიერმა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და თქვა, რომ 30-ზე მეტ ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ, ხოლო სამაშველო სამუშაოებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ღარიბაშვილმა 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.

„არ მინდა სხვა თემებზე კომენტარის გაკეთება, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. აქ არიან შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც გაგცემენ კომპეტენტურ პასუხებს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია და ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში, გთხოვთ, ყველა გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის. დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღედ გამოცხადდება ორშაბათი", - აცხადებს პრემიერი.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ტყუილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ერთი წლის წინ ვერტმფრენების შეძენა გადაწყვიტა და არ შეიძინა, მისი თქმით, ოპოზიციური მედია „სამარცხვინო სპეკულციას ეწევა".

„ჯერ ერთი,სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ და დღესაც იმუშავეს. ხაზგასმით აღვნიშნავ, არც ერთი ადამიანი, რომელიც გუშინ იპოვეს, არ დაშავებულა, ჩვენმა სამაშველო სამსახურმა ყველა უვნებელი გამოიყვანა. ჩვენი სამსახურები იყვნენ ადგილზე და სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი. რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ პირადად თქვენი და სხვა ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში ასეთ ვითარებაში, როდესაც გარდაცვლილი მოქალაქეები გვყავს, ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით და ატყუებთ მოსახლეობას, რომ თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და არ შევიძინეთ.

„ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი ან ინფორმაციის გაგების სერიოზული პრობლემა გაქვთ. 24 საათი ერთ დავალებას ასრულებთ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის და ხალხის დაზაფვრის. ასეთი უბედური მდგომარეობაა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს. ეს სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ, რომ თურმე 3 ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს. მთავარი არის შემდეგი - ჩვენი 210 თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი ჩვენი სამაშველო სამსახურის მიერ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია და ხალხს ატყუებთ", - მიმართა ღარიბაშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს.

ოპოზიცია კი რაჭაში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, როგორც ენმ-ს ანტოკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, თბილისის 13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა, „ოცნებას" კი ტექნიკა კვლავ არ აქვს.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვიქეცით ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ჟამთააღმწერლებად, რადგან გვყავს კორუმპირებული ხელისუფლება. 11 წელია „ქართული ოცნება" მართავს საქართველოს. 8 წელი გავიდა 13 ივნისის ტრაგედიიდან მაშინ, როცა ვერტმფრენის არსებობა პირდაპირ იყო დაკავშირებული ადამიანების სიცოცხლესთან, მათ ჯანმრთელობასთან, მათ უსაფრთხოებასთან და ამ 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ" ყველაფრისთვის მოიცალა, რაც ეხებოდა მათ პირად კომფორტს, მათ პირად კეთილდღეობას, მათ კორუფციულ ინტერესებს და ვერ შეიძინა ელემენტარული ტექნიკა, რომელიც უკავშირდება მაღალტექნოლოგიური მაჩვენებლების სამაშველო ვერტმფრენს", - განაცხადა ურუშაძემ.

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ „ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.როგორც ხაზარაძე წერს, საქართველოს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა ჰყავს.

„უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს. იმედია, დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ.

„21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა!

„სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, სულ ამ გაუგებრობაში იქნება ქვეყანაც და საზოგადოებაც... ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!",- წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×