ია აბულაშვილი
04.08.2023

ცხელი შემოდგომა გველოდება, იმ დროისთვის პოლიტიკური სპექტრი სრულად ჩამოყალიბებული იქნება თავისი კონფიგურაციებით - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბრა.

„რეზონანსი": 2024 წლისთვის მზადება ოპოზიციამ ახალი ტაქტიკით დაიწყო - „ნაციონალურმა მოძრაობამ" ძველი წევრები შემოიკრიბა; პარტიაში დაბრუნებულ ვაშაძეს დიდი გეგმები აქვს, აცხადებს, რომ „გამარჯვების პლატფორმას" აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრი და ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნასაც აანონსებს. მზად არის ის, ამ კაბინეტს სათავეში ჩაუდგეს?

იგორ კვესელავა: ვაშაძის პარტიაში დაბრუნება გარკვეულ სიტუაციებთან არის დაკავშირებული. ხაბეიშვილი, ქართულის გარდა, ვერ დაილაპარაკებს სხვა ენაზე, ვაშაძემ კი ოთხი ენა იცის. თანაც, ვაშაძეს მხარს უჭერს დასავლეთი. ასეთ სიტუაციაში ვაშაძის შესვლა საჭირო იყო ხაბეიშვილისთვის. მელიასთვის ვაშაძე საჭირო არ იქნებოდა. მთავარი ახლა ის არის, ვაშაძის დაბრუნება ასწევს თუ არა „ნაცმოძრაობის" რეიტინგს.

რაც შეეხება განაცხადს ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნასთან დაკავშირებით, პოლიტიკაში ასეთი პრაქტიკა არსებობს - პოლიტიკური ძალა, რომელიც ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად, ქმნის ჩრდილოვან კაბინეტს, ეს ბუნებრივი პროცესია.

ვაშაძის გაპრემიერებასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში გამორიცხული არაფერია, მაგრამ, ჩემი აზრით, ვაშაძეს პრემიერად გახდომა არ უწერია.

„რ": ძველი წევრების დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ თავად პარტიის წევრები. ხატია დეკანოიძე „სტრატეგია აღმაშენებლისა" და „ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანებას ხელოვნურს უწოდებს. მისი თქმით, ვაშაძისა და ხაბეიშვილის ერთობას არაფერი მოჰყვება, გარდა იმისა, რომ ენმ-ის აქტივისტები სიის გარეთ დარჩებიან, სიაში კი მოხვდებიან მანჯგალაძე, ჩიხლაძე და ჩარკვიანი.

ი.კ: საარჩევნო სიების შედგენა ურთულესი პროცესია, მე პირადად მიმუშავია ამ თემაზე. არ არის გამორიცხული, რომ შიგნით, საარჩევნო სიების განაწილების დროს იყოს ბრძოლა და დაპირისპირება. შეიძლება, ვაშაძემ თავისი გუნდის წევრები წამოსწიოს.

„რ": ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს. თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს კონფიგურაცია, რომელიც ოპოზიციას არჩევნებისთვის უკეთეს შესაძლებლობას მისცემს, კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებას?

ი.კ: ოპოზიციას ჯერ არაფერი მოუგია. თუ ის გაითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს, აწმყოსა და მომავალს, შესაძლებელია, ხალხის მხარდაჭერა მიიღოს. რაც შეეხება იმას, ვინ ვისთან დაჯგუფდება, „ნაცმოძრაობა" შეიძლება, ორად გაიყოს. ხაბეიშვილი და ვაშაძე უკვე ერთად არიან. მეორე მიმართულება, სავარაუდოდ, იქნება მელია-გვარამიას ერთობა. სხვა ოპოზიციური პარტიების კონფიგურაციას, ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ. გახარია არავისთან არ გაერთიანდება, მაგრამ თუ აუცილებლობა მოითხოვს, არ გამოვრიცხავ, რომ გახარია და „ლელო" გაერთიანდნენ, თუმცა 5%-იან ბარიერს გადალახავენ გახარია და „ლელო". დანარჩენ პარტიებს უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცხელი შემოდგომა გველოდება, ვფიქრობ, იმ დროისთვის პოლიტიკური სპექტრი სრულად იქნება ჩამოყალიბებული თავისი კონფიგურაციებით.

„რ": „ნაცმოძრაობას" ერთი ლიდერი არ ეყოლება?

ი.კ: „ნაციონალური მოძრაობისძ" მთავარი მიზანი არის მიშას გათავისუფლება და პოლიტიკაში მისი დაბრუნება, ამიტომ, გინდ ორად გაიყოს პარტია, ორივე განაყოფის ლიდერად და იდეურ მამად დარჩება მიხეილ სააკაშვილი.

„რ": „ოცნებაში" აცხადებენ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი „ნაცმოძრაობისთვის" და შემდეგი ათი წლის განმავლობაში მმართველ პარტიას მოუწევს ქვეყნის მართვა. იმასაც ამბობენ, ერთიანი სია თუ ექნება ოპოზიციას, ხალხისთვის უფრო მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება და გადამწყვეტი განაჩენის გამოტანაო.

ი.კ: „ოცნებას" მინდა შევეკითხო, ამდენი ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში არიან, რა გააკეთეს პოლიტიკური ელიტისთვის კი არა, ხალხისთვის? არაფერი, ეს არის ჩემი, დასავლეთისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი. „ოცნება" 2024 წლის არჩევნებს ვერ მოიგებს, ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა, მაგრამ ბიძინასაც ვაცადოთ, ვნახოთ, რას მოიფიქრებს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×